უეინ რუნი: "იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ასოციაციის თასზე გადახალისებული შემაგენლობით მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რედინგთან" მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა - უეინ რუნიმ ჯერ თავად გაიტანა, მერე კი ანტონი მარსიალს გაატანინა.

ამას მეორე ნახევარში მარკუს რაშფორდმაც დაამატა ორი ბურთი და მასპინძლებმა კომფორტულად მოიგეს. მთავარი კი "მთავარი წითელი ეშმაკის", რუნის გოლი გახლდათ - კაპიტანი ამ ბურთით სერ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა და მისი რეკორდი გაიმეორა. რუნის "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა მაისურით 249 გოლი უგროვდება და მას ამისათვის 543 მატჩი დასჭირდა, ანუ 215 შეხვედრით (და 4
სეზონით) ნაკლები, ვიდრე ჩარლტონს.

31 წლის თავდამსხმელი მალე ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებს კიდეც. 10 იანვარს "მანჩესტერი" ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ (საშინაო) მატჩს ჩაატარებს "ჰალთან", ხოლო 15 იანვარს "ლივერპულს" დაუხვდება. ყველა ტურნირის ჩათვლით, "იუნაიტედს" უკვე 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

"საამაყო მომენტია, ბედნიერი ვარ. უახლოეს დღეებში კიდევ 2 საშინაო მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ამ პერიოდში შემდეგ გოლსაც გავიტან. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი შემადგენელი ნაწილია და ჩემთვის პატივია სერ ბობის გვერდით ყოფნა", - განაცხადა რუნიმ.

ცხადია, ამ ამბავს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და უეინ რუნიმ უამრავი მილოცვა მიიღო.

მანჩესტერელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო: "კიდევ უფრო განსაკუთრებული დღე წინ არის, მინდა, რომ მორიგი გოლი რაც შეიძლება მალე გაიტანოს. ის დიდებული ბიჭია და ყველა გულშემატკივრობს. ასეთი კლუბის საუკეთესო ბომბარდირობა შესანიშნავი მიღწევაა".

"უეინი ყოველთვის დიდებული ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც ბოლომდე იხარჯება. ის მაღალი კლასის მოთამაშეა და ამას იმსახურებს. ამავდროულად, იგი ძალიან კარგი ადამიანია. სულაც არ მაოცებს, რომ 31 წლის ასაკშიც ძველებურად უმაღლეს დონეზე თამაშობს" - აღნიშნა იაპ სტამმა.

"ვულოცავ უეინს ამ წარმატებას. მას თავიდანვე შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. მოგიხსენიონ სერ ბობი ჩარლტონის გვერდით, ადამიანის, რომელმაც ამდენი გააკეთა "მანჩესტერისთვის" და ინგლისისთვის, ძალიან დიდი მიღწევაა. ასაკში შესვლასთან ერთად ბევრი კარგავს გარკვეულ თვისებებს, მაგრამ რუნი ისევ ძველებურად ბოლომდე იბრძვის და ძალიან პროდუქტიულია" - ამბობს დევიდ მოიესი.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, რუნი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და იქაც ჩარლტონის რეკორდი დაამხო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვიტყვი,რომ ინგლისის ნაკრების ,ან ახლანდელი ფორმაციის მანჩესტერის თამაში ძალიან მომწონს,მაგრამ რუნი სულ სხვაა,უდიდესი პროფესიონალი და გუნდის ნამდვილი პატრიოტია.გუნდის ინტერესებისათვის ვარსკვლავმა ამდენი დათმოს,დაუჯერებელიც კია.
სოსო
14:43 13-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული