პოლ კლემანი -"სუონსის" ახალი თავკაცის გეგმები

AutoSharing Option
"სუონსის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა პოლ კლემანი და რამდენიმე საათში მან "თეთრი გედების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩიც ჩაატარა, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.

მართალია, გუნდი მინდორზე გასაყვანად ალან კერტისმა მოამზადა, მაგრამ მოგვიანებით, დროებით მწვრთნელს კლემანიც შეუერთდა.

უელსურმა კლუბმა "სელჰარსტ პარკზე" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა "კრისტალ პალასი", რომელსაც ასევე ცოტა ხნის წინათ შეუცვალეს თავკაცი და, როგორც იცით, ალან პარდიუს ნაცვლად "არწივების" სათავეში სემ ელარდაისი მოვიდა.

ჩვენ კი კლემანს დავუბრუნდეთ. მან "სუონსისთან" ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 იანვარს გარი მონკის ნაცვლად
უელსური გუნდის მთავარ მწვრთნელად ფრანჩესკო გვიდოლინი დაინიშნა. იტალიელმა "თეთრი გედები" უმაღლეს ლიგაში დატოვა და მას მაისში ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ ოქტომბერში გვიდოლინი გაუშვეს და პოსტზე ბობ ბრედლი მივიდა, რომელიც 27 დეკემბერს მოხსნეს.

ერთი მატჩით გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი კვლავაც ალან კერტისი გახდა… ამიერიდან კი უელსურ გუნდს კლემანი უხელმძღვანელებს.

კლემანი, რომელიც 8 იანვარს 45 წლის გახდება, არაერთ გუნდში მუშაობდა ასისტენტად და ბოლო წლები კარლო ანჩელოტისთან ერთად გაატარა "ჩელსიში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბაიერნში". მისი ერთადერთი დამოუკიდებელი სამსახური "დერბი" გახლდათ, სადაც ასეთი შედეგი ჰქონდა - 14 მოგება, 12 ფრე, 7 მარცხი - რის მერეც იგი დაითხოვეს.

"მე შემეძლო, "ბაიერნში" ასისტენტად დავრჩენილიყავი და მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. თუმცა გადავწყვიტე, მიმზიდველი გამოწვევა მიმეღო. გუნდი რთულ სიტუაციაშია და ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ ფეხბურთელებს შესაბამისი შემართება აქვთ და მე ეს მომწონს.

ამ გუნდს აშკარად მეტის პოტენციალი აქვს, რისი გამოყენებაც უნდა ვცადოთ. უფროსობას უკვე შესაძლო ტრანსფერებზეც ვესაუბრე და იანვარში შევეცდებით, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ იქამდე ახლანდელი შემადგენლობით უნდა გავიდეთ ფონს და ამ გუნდს მართლაც მეტი შეუძლია" - ამბობდა კლემანი "პალასთან" მატჩის წინ.

"ეს ბრწყინვალე და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. პირველი ტაიმი დიდებულად ჩავატარეთ და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა.

სემ ელარდაისის გუნდებთან თამაში ადვილი არასდროს არ არის, თანაც "კრისტალ პალასს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ბიჭებმა ხასიათი გამოაჩინეს და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. შესაძლოა, ისიც დაგვეხმარა, რომ მეტოქეზე დაახლოებით 24 საათით მეტი დრო გვქონდა დასასვენებლად" - ეს კი დროებითი მწვრთნელის, ალან კერტისის განცხადებაა.

"სუონსის" თავმჯდომარე ჰიუ ჯენკინსი: "პოლი წამყვან კლუბებში რომ მუშაობდა, ეს კარგად მოგეხსენებათ და შესაბამისად, მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა გამორჩეულ ფეხბურთელებთან. მან იცის მოთამაშეებთან ურთიერთობა და მჯერა, რომ გუნდში არსებულ დაძაბულ ფონს გამოასწორებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული