საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, მომენტების რეალიზაციის მხრივ, პრემიერლიგაში ყველაზე დიდი პრობლემა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონია. მას ჩემპიონატში 10 სექტემბრის მერე არ გაუტანია, ანუ მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტისთან" წაგებულ დერბიში გამოიჩინა თავი.

დღევანდელი მონაცემებით, 35 წლის შვედმა ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა - 45. ბოლო 30 დარტყმა არ ყოფილა საგოლე, მაშინ, როცა პრემიერლიგის ამჟამინდელმა საუკეთესო ბომბარდირმა დიეგო კოშტამ 27 დარტყმიდან 7 გაიტანა. ზლატანმა კი 7 რეალური მომენტიდან 6 გააცუდა და რეალიზაციის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი, 14% აქვს.

არსენალელმა თეო უოლკოტმა 6 რეალური შანსი გაანიავა, მაგრამ
მისი საშუალო მაჩვენებელი 42 პროცენტია.

"სანდერლენდის" შემტევმა ჯერმეინ დეფომ 5 შანსი გააფუჭა და მისი რეალიზაციის მაჩვენებელი 44%-ია. ევერტონელმა რომელუ ლუკაკუმ 4 საგოლე შანსი გააცუდა და რეალიზაცია 50% აქვს.

ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, იბრას ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი - ლუგანსკის "ზორიასთან" ევროპალიგაზე. მიუხედავად ამისა, ზლატანი თავის სტიქიაშია და ირწმუნება - მანჩესტერული დერბის მერე ჩემ გამო "სიტის" ბევრი ქომაგი უკვე "იუნაიტედის" გულშემატკივარი გახდაო.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბოლოს კი ესეც დაამატა - სიტუაციის გამოსწორება მარტივად შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებულიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ