ჟოზე მოურინიო: ვფიქრობ, პოგბასგან საუცხოო ცენტრალური მცველი შეიძლება დადგეს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადებას აკეთებს. ერთი მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ფანებს აიმედებს - პოლ პოგბა მასზე გაცემული ავანსების გამართლებას აუცილებლად დაიწყებსო. მეორე მხრივ კი, გვარწმუნებს, რომ მისგან ექსტრაკლასის ცენტრალური მცველი დადგება. ცხადია, მოურინიოს მოსაზრება ბევრს ეუცნაურა.

"მას უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ჩემი აზრით, ახლა პრობლემა ის არ არის, თუ სად დგას პოგბა და როგორი ტაქტიკით ვთამაშობთ. უბრალოდ, ნებისმიერს, ვინც განსხვავებული სპეციფიკის ჩემპიონატიდან სხვა რეალობაში გადადის, სჭირდება დრო სხვა სტილთან შესაგუებლად.

განსაკუთრებით რთული ეს ნახევარმცველებისთვისაა. ძნელია, ახალ რეალობას ასე უცებ შეეგუო,
მაგრამ პოგბა ფენომენალური მოთამაშეა, დაუჯერებლად დიდი პოტენციალი აქვს და პროგრესიც ექნება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მასში ჩადებული ინვესტიცია გამართლებულია.

ჩვენ არც ველოდით, რომ ის მოსვლისთანავე არაამქვეყნიურ ფეხბურთს ითამაშებდა. მთავარია, გვჯერა მისი და ისიც საკუთარ თავშია დარწმუნებული. პოგბა მომავალი 7-8 წლის განმავლობაში მაინც სუპერფეხბურთელი იქნება. იმასაც ვფიქრობ, რომ მისგან საუცხოო ცენტრალური მცველი შეიძლება დადგეს - მისი პასით, "მეორე სართულზე" კარგი თამაშით, გაბარიტებით, ელასტიკურობით, ბურთის ამოტანის უნარით", - განაცხადა მოურინიომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ