"ვესტ ჰემი": ბილიჩის ნდობის რესურსი იწურება?

AutoSharing Option
პრემიერლიგის წინა სეზონში სლავენ ბილიჩი კლაუდიო რანიერისთან, ედი ჰაუსთან და მაურისიო პოჩეტინიოსთან ერთად ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი გახლდათ. მან "ვესტ ჰემს" ძალიან კარგი ფეხბურთი ათამაშა და "ჩაქუჩებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც კი გაიბრძოლეს.

ეს სეზონი კი რადიკალურად განსხვავებულად დაიწყო და ხორვატი ისეთი ხელშეუხებელი აღარ ჩანს. თუმცა ჯერჯერობით, ლონდონური კლუბის უფროსობა მის მოხსნას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე საუბარი უკვე დაიწყეს, რასაც ხელი "საუთჰემპტონთან" მორიგმა წაგებამ, საშინაო 0:3-მა შეუწყო.

ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი კრის სატონი ამბობს, რომ "ვესტ ჰემმა" ახალ
სტადიონზე გადასვლა გამამართლებელ საბაბად არ უნდა გამოიყენოს და "ჩაქუჩებმა" ყველაფერი "ლონდონ სტედიუმს" არ უნდა დააბრალონ.

"კლუბისგან ასეთი უნიათო თამაში მე არ მახსენდება. სიტყვა კრიზისის ხსენებისგან ჯერ ალბათ, მაინც თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბილიჩის მხრიდან სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ახალ სტადიონზე გადასვლა კი არა მგონია, გუნდის ცუდი თამაშის მთავარი მიზეზი იყოს.

ვერც ფანებს დავაბრალებთ რამეს. მათ სტადიონი ადრე დატოვეს? მერე რა, საკმარისად იტანჯნენ საყვარელი კლუბის საშინელი თამაშის ყურებით და 0:3-ზე წავიდნენ. ძალიან ცუდად გამოიყურება ახალწვეული სიმონე ძაძა, იტალიელი კოშმარულად თამაშობს. "ვესტ ჰემის" ძველი ლიდერებიც ვერაფერს აკეთებენ და ყველამ ერთად უნდა გამოიღვიძოს. ბილიჩს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს და მომავალ სამ მატჩში - "მიდლსბროსთან", "კრისტალ პალასთნ" და "სანდერლენდთან" მას უბრალოდ აღარ აქვს წაგების უფლება" - თქვა სატონმა.

სლავენ ბილიჩი: "წინა სეზონი შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ ახლა ამის ხარჯზე ვერ გავალთ ფონს და სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო. ბევრი რამ ჩემი ბრალია, მწვრთნელი მე ვარ, ეს ჩემი გუნდია და არსად გავრბივარ, პასუხისმგებლობას არ ვემალები და არ ვიხსნი, პირიქით.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგების შემდეგ, ბიჭებს ვუთხარი, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ, მაგრამ ახლა უკვე სწრაფად მოქმედების დროა და ისე უნდა ავთამაშდეთ, როგორც საჭიროა. მართალია სეზონი ახლა დაიწყო, მაგრამ უკვე საკმარისად ბევრი ქულა დავკარგეთ".

"გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლებოდა 6 გოლიც კი გაგვეშვა, ადრიანს რამდენიმე რთული ბურთი რომ არ აეღო. სიტუაცია ამაზე მეტად ვეღარ გაუარესდება სამ მატჩში გაშვებული 11 ბურთი სასაცილოა. ყველანი უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით და დროა ვიმოქმედოთ" - ამბობს "ვესტ ჰემის" კაპიტანი მარკ ნოუბლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული