ძუნწი არსენი, რომელიც ღარიბს ართმევს

AutoSharing Option
საინტერესო ამბებია ლონდონის "არსენალის" ბანაკში. კლუბში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა, მაგრამ მთავარი ის არის, თუ რატომ გააკეთა მან ეს…

"არსენალისთვის" სეზონი ჩვეულად დაიწყო - ტრავმების ეპიდემია, პირველ ტურში წაგება, ცოტა ტრანსფერი… სანამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მსოფლიოს სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა (პოლ პოგბა), ასევე, მიიყვანა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერიკ ბაილი, ჰენრიხ მხითარიანი… სანამ "მანჩესტერ სიტიმ" 150 მილიონ გირვანქაზე მეტი დახარჯა, სანამ "ჩელსი", "ლივერპული" და სხვებიც გაძლიერდნენ, "არსენალმა" მხოლოდ ორი ტრანსფერი გააკეთა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა ზაფხულს "მეთოფეებმა" ოდენ პეტრ ჩეხი
დაიმატეს 10 მილიონ გირვანქად, ახლა პროგრესია - 35 მილიონად შეიძინეს გრანიტ ჯაკა (კიდევ ერთი ნახევარმცველი…) და 2 მილიონად - 20 წლის რობ ჰოლდინგი. ვენგერსა და "არსენალს" ისევ სიძუნწეში სდებენ ბრალს.

მეორე ტურში "არსენალმა" ისევ ვერ მოიგო, "მეთოფეები" მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" დაუზავდნენ (0:0), რომელსაც წინა სეზონში ორივე შეხვედრაში აჯობეს. პირველ ორ ტურში გუნდის თამაშის ხარისხი კვლავ არ გახლდათ დამაკმაყოფილებელი და ფანების მოთმინების ფიალაც აივსო. საქმეში ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ და მოკლედ, ვენგერზე ზეწოლის ახალი ტალღა აგორდა - სად არის ტრანსფერები, ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის და საერთოდ, რა ხდებაო. მუსიე არსენმა კი კრიტიკოსებსა და სკეპტიკოსებს თავისებურად უპასუხა…

"თუ ჩვენ ვიპოვით შესაბამის მოთამაშეს, საჭირო თანხასაც სიამოვნებით გადავიხდით მის სანაცვლოდ. ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ, რომ ვპასიურობთ და თანხის დახარჯვა არ მინდა. ვინმე უბრალოდ 45 მილიონად რომ მოვიყვანო, ეს სწორი იქნება? მხოლოდ იმიტომ, რომ ამდენი ეღირება. ფულის ხარჯვა ავტომატურად ხარისხს არ ნიშნავს. ხარისხი არის ის, როდესაც ფულს ხარჯავ შესაბამის, საჭირო და უმაღლესი კლასის მოთამაშეებში.

თუ ვიპოვი შესაბამის ფეხბურთელებს, 300 მილიონსაც დავხარჯავ და დიახ, ჩვენ გვაქვს 300 მილიონი, მაგრამ აგრეთვე გვყავს 600 თანამშრომელი და ყველაფერს ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ცოტა დავიღალე კიდეც ყოველ ჯერზე პასუხის გაცემით, თავის მართლებითა და ერთი და იგივეს ლაპარაკით, როდესაც ვინმე იწყებს იმაზე საუბარს, რომ ფულის ხარჯვა არ გვინდა.

ჩვენ ყველაფერს ვაანალიზებთ და მერე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, შესაბამის ტრანსფერებს ვახორციელებთ. არავინ არ ლაპარაკობს რობ ჰოლდინგზე, რომელიც მშვენივრად თამაშობს. კმაყოფილები უნდა იყოთ, რადგან ის ინგლისელია, 20 წლისაა… მაგრამ ბოდიში, იგი 55 მილიონი გირვანქა არ ღირს, ამიტომ კარგი ვერ იქნება" - აი, ასე ირონიულად და სხვის ბოსტანში კენჭების სროლით დაასრულა საუბარი გაცხარებულმა ფრანგმა.

ერთი მხრივ, ვენგერს შეგვიძლია გავუგოთ, მისი ფილოსოფია გავიზიაროთ, მის სიტყვებში სიმართლის მარცვლები აღმოვაჩინოთ; მეორე მხრივ კი, ფაქტია, ფული თუ არ დახარჯე, წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელია და, რაც მთავარია, "არსენალი" ვერც ისე და ვერც ასე იბრძვის ტიტულებისთვის.

ფაქტია, ვენგერის სტრატეგია არ ამართლებს და იქნებ ფანებს სწორედ ის უნდათ, რომ "მეთოფეებმაც" რამდენჯერმე გაისროლონ დიდი თანხა ზედიზედ. ვენგერს კი მხოლოდ ერთი ტიპის და ყაიდის ფეხბურთელები ჰყავს ამოჩემებული. ბოლოს "არსენალს" რიად მაჰრეზს უკავშირებდნენ, რომელიც კარგი მოთამაშეა, მაგრამ… ამ ტიპის ფეხბურთელი ლონდონელებს ბევრი ჰყავთ და ნახევარდაცვას ახლა მატება, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სჭირდება. გუნდს ერთი კარგი ცენტრფორვარდი და ასევე, მცველები არ აწყენდა.

თანაც, თითქმის ყველა ცენტრალური მცველი დამტვრეულია. ამიტომაც მიდის მუშაობა შკოდრან მუსტაფის ტრანსფერზე. "არსენალი" "ვალენსიასთვის" გერმანელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს.

ახლა კი იმით დავამთავროთ, რითაც დავიწყეთ: არსენ ვენგერის განცხადებების შემდეგ "არსენალის" საკლუბო მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რომლის ამონარიდსაც აქვე შემოგთავაზებთ.

"მე "არსენალის" გულშემატკივარი ვარ და მწუხარებით გაცნობებთ, რომ კლუბიდან მივდივარ, სამსახურს ვტოვებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი განაცხადი. ორი წლის განმავლობაში სიამოვნებით ვმუშაობდი "არენალის" მაღაზიაში, რაც ჩემთვის, როგორც ამ გუნდის გულშემატკივრისთვის, საოცნებო სამსახური გახლდათ. თუმცა არსენ ვენგერის კომენტარების შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

მწვრთნელმა კლუბში დასაქმებულ ადამიანებზე ისაუბრა და უსამართლოდ დაადანაშაულა ისინი იმაში, რომ "არსენალი" ფეხბურთელებს ვერ ყიდულობს. ნახსენები 600 თანამშრომლიდან ახლა 599 დარჩება. მე წელიწადში 14 ათას გირვანქას ვიღებ, თეო უოლკტოს 10-ჯერ მეტს უხდიან ერთ კვირაში.

იმედი მაქვს, ჩემი წასვლით შემცირდება სახელფასო ბიუჯეტი, რაც ვენგერს ახალი ფეხბურთელების შეძენაში დაეხმარება. არ მინდა ვინმესთვის ტვირთი ვიყო. ახლა კი დასაქმების ოფისში წავალ ახალი სამსახურის მოსაძებნად. ვიმედოვნებ, კარგ რეკომენდაციას გამიწევთ. მადლობა ყველაფრისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
21ე საუკუნეა და ადამიანებით ვაჭრობაა გაქანებული. სანამ ეს არ აიკრძალება football-ი მარაზმიდან ვერ ამოვა ვერასოდეს. ჩვენ კი მკვდარს "ოყნებს" ვუნიშნავთ რომ ამ მარაზმის ღირსეული მონაწილეები გავხდეთ.
"ბურთაობას" ავტორი
01:21 24-08-2016
0
ძალიან მაგარი კაცია ვენგერი ... ერთი ეგ ეწინააღმდეგება სულელურად და ხელოვნურად გაზრდილ თანხებს ფეხბურთელებზე ... სისულელეა რაც მანჩესტერმა გააკეთა, უფასოდ გაუშვა პოგბა და 3 წელში 110 მილიონი გადაიხადა, სასაცილოა პროსტა
emre
15:23 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული