ჯეიმი ვარდი: ფაქტობრივად, გალიაში ვარ გამომწყვდეული

AutoSharing Option
"ლესტერის" თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი მთელი ცხოვრება მშვიდად ცხოვრობდა, ახლა კი ნამდვილ პოპულარობას გაუგო გემო და ამის შემაწუხებელი მხარეც აღმოაჩინა.

საქმე ის არის, რომ გავარსკვლავებულ ვარდის ახლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, პრესა მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, ოჯახთან ერთად ფოტოებს უღებენ პაპარაცები, კითხვებს უსვამენ... რა თქმა უნდა, ვარდის უკვე ყველა ცნობს, ფანები ოვაციებს აგებებენ.

არდადეგების დროს კი ამან 29 წლის ფეხბურთელი, ცოტა არ იყოს, შეაწუხა და "მელიების" ფორვარდი ამბობს, რომ ამის გამო სახლს მაქსიმალურად იშვიათად ტოვებს.

ვარდის თქმით, ეს იმაზე რთულიც კია,
ვიდრე 2007 წელს, როდესაც რაღაც პერიოდი სპეციალური "ელექტრობორკილით" უწევდა სიარული, მას მერე, რაც ჩხუბში გაეხვა და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

"ფაქტობრივად, გალიაში ვარ გამომწყვდეული. იქამდე თითქმის არავის აღელვებდა, სად წავიდოდი, მაგრამ ახლა, როდესაც ზედიზედ 11 გოლი გავიტანე, ყველაფერი შეიცვალა. ვცდილობ, სახლიდან არ გავიდე, თუ ეს აუცილებელი არ არის. მირჩევნია, მეტი დრო ჩემს ბავშვებთან და მეუღლესთან, ჩემს კომპიუტერთან გავატარო" - ამბობს ვარდი.

ისიც სათქმელია, რომ ახლა მას განსაკუთრებით იმიტომაც აკვირდებიან, რომ ყველა ელოდება ჯეიმის გადაწყვეტილებას - წავა იგი "ლესტერიდან" თუ დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული