"მანჩესტერ სიტი": ნუ ჭამ, სერხიო, პიცას!

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებს მოუწოდებს, სწორად იკვებონ. პეპმა მოთამაშეებს შეზღუდვები დაუწესა.

გაელ კლიშის თქმით, "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა მოთამაშეებს უთხრა, რომ პიცას თავი აარიდონ, ასევე, ზოგიერთ წვენსა და ზოგადად, "მძიმე" საჭმელ-სასმელს.

პეპი იმ ფეხბურთელებს არ დაინდობს, რომლებსაც ზედმეტი წონა ექნებათ და ისინი ვერ ითამაშებენ, სანამ ფორმაში არ შევლენ.

"ჩემს კარიერაში პირველად ხდება, რომ მსგავსი აკრძალვა რეალურად შემოიღო რომელიმე მწვრთნელმა. ამჟამადაც გუნდთან ერთად რამდენიმე მოთამაშე არ არის, რადგან მათ ცოტა ჭარბი წონა აქვთ. თუ შენი ნორმალური წონა 60 კილოა
და ამ დროს 70 კილოს იწონი, ვერ ითამაშებ. ზოგს ეს პრობლემად არ მიაჩნია, მაგრამ რეალურად მართლაც პრობლემაა" - თქვა კლიშიმ.

"სიტის" ფანებისთვის ყველაზე ცუდი ამბავი ამ ისტორიაში ის არის, რომ წონაში მომატებული ფეხბურთელების სიას სერხიო აგუერო უდგას სათავეში.

კუნი გვარიანად მოსუქებულა და მიუხედავად იმისა, რომ იგი გუნდის ულაპარაკო ლიდერია, გვარდიოლამ ყველას აგრძნობინა, რომ "ავტორიტეტობა" არ გაჭრის.

პარალელურად, პრესასა და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ითქვამს სულს დატვირთული ვარჯიშისას კლუბის ახალწვეული ნოლიტო.

"ქალაქელებს" ხუთშაბათს "დორტმუნდთან" ამხანაგური მატჩი ელით. რაც შეეხება პრემიერლიგას, ის "სიტისთვის" 13 აგვისტოს "სანდერლენდთან" საშინაო მატჩით იწყება.

სამი ახალწვეული კიდევ?
აქვე ვთქვათ ისიც, რომ "სიტი" გელზენკირხენის "შალკეს" 20 წლის ტალანტს, ლეროი სანეს არ ეშვება. გარდა ამისა, მანჩესტერელებს ბრაზილიური "პალმეირასიდან" 19 წლის ფორვარდ გაბრიელ ჟესუსის შეძენა სურთ. ამ ორ ტრანსფერში "ქალაქელები" 60 მილიონ გირვანქაზე მეტის დახარჯვას გეგმავენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "სიტის" აინტერესებს, "ატლეტიკო ნასიონალის" 19 წლის ფორვარდი მარლოშ მორენოა. მის სანაცვლოდ "ეტიჰადის" ბინადრები 8 მილიონი გირვანქის გადახდას ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული