გრანიტ ჯაკა: ეს ბავშვობის ოცნების ახდენაა

AutoSharing Option
* გრანიტ ჯაკა "გლადბახიდან" "არსენალში" 35 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა.
* შვეიცარიელმა "მეთოფეებთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლონდონის "არსენალმა" დაადასტურა გრანიტ ჯაკას ტრანსფერი. უკვე ოფიციალურად - შვეიცარიელი ნახევარმცველი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია.

სანაცვლოდ მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 35 მილიონი გირვანქა მიიღო. ალბანური წარმოშობის ჯაკა კვირაში 110 ათას გირვანქას მიიღებს. მან უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ლონდონში და ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. სატრანსფერო ფანჯარა ერთ კვირაში გაიხსნება და ჯაკას ტრანსფერიც ფიფას მონაცემთა ბაზაში შევა.

"გრანიტ ჯაკა დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას კარგი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორც ბუნდესლიგაში,
ასევე ჩემპიონთა ლიგაში. ჯაკას დიდი ხანია, ვაკვირდებოდით, მის კარიერას დიდი გულმოდგინებით ვეცნობოდით. ახლა კი ის ჩვენი ფეხბურთელია, რომელიც "არსენალს" შუახაზში ხარისხს შემატებს.

ახლა კი ჩვენ გრანიტს დიდ წარმატებას ვუსურვებთ ევრო 2016-ზე შვეიცარიის ნაკრებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის დასრულების მერე კი მისთვის "არსენალის" კარი ღიაა", - განაცხადა "არსენალის" ფრანგმა თავკაცმა არსენ ვენგერმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "არსენალის" ფეხბურთელი გავხდი. როცა პატარა ვიყავი, პირველი თამაში, რომელიც ტელევიზორში ვნახე, პრემიერლიგის მატჩი იყო. ჩემთვის დიდი ოცნების ასრულებაა, რომ მეც პრემიერლიგის მოთამაშე გავხდი.

ძალიან მომწონს ინგლისური ფეხბურთის თამაშის სტილი, აქაური კლუბები, განსაკუთრებით, კი "არსენალი". გერმანიაში ასე თამაშისთვის აუცილებლად დაგაჯარიმებენ, ინგლისში კი მეტი თავისუფლებაა. ეს კი მე მაწყობს. ჩემი აზრით, მე აგრესიული ტიპის ნახევარმცველი ვარ, რომელსაც ლიდერის თვისებებიც აქვს", - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

ჯაკას პროფესიული კარიერა "ბაზელში" დაიწყო, სადაც 67 თამაშში 3 გოლი გაიტანა. "გლადბახში" იგი 2012-16 წლებში თამაშობდა და 134 თამაშში 9 გოლი შეაგდო. შვეიცარიის ნაკრებში ჯაკას ანგარიშზე 41 თამაში და 6 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული