პრემიერლიგა. XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "ევერტონის" მეფე

AutoSharing Option
* "ლესტერის" მცველმა რობერტ ჰუტმა ბოლო 5 მატჩში იმაზე მეტი (3) გოლი გაიტანა, ვიდრე პრემიერლიგაში ჩატარებულ წინა 86 თამაშში - 2.

* "სიტისთან" მატჩის გმირმა ჰუტმა დუბლი ინგლისის ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ ერთხელ შეასრულა - 2011 წელს "სტოკის" მაისურით "სანდერლენდთან" შეხვედრაში.

* რიად მაჰრეზი ამ სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში "ორმაგი დუბლი" შეასრულა - 14 გოლი, 10 საგოლე პასი. მას 11 საათისა და 2 წუთის განმავლობაში არ გაეტანა და "სიტისთან" ეს სერიაც შეწყვიტა.

* საინტერესოა, რომ "სიტის" ამ სეზონში ამჟამად
პირველ ექვსეულში მყოფ გუნდებთან ჯერ არც ერთი თამაში არ მოუგია - 3 ფრე, 4 წაგება.

* "სიტის" ამ სეზონში უკვე იმდენი საშინაო მარცხი აქვს, რამდენიც წინა ორი სეზონის ჯამში ჰქონდა პრემიერლიგაში მანუელ პელეგრინის თაოსნობით - 3.

* "ლესტერმა" გასვლაზე ჩატარებული ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო - 10 მოგება, 5 ფრე.

* როგორც იქნა, გაიტანა გაბრიელ აგბონლაჰორმა. მას ახლა "ასტონ ვილას" მაისურით 11 სეზონია, გოლი გააქვს ინგლისის ჩემპიონატში.

* რემი გარდის "ვილამ" დეკემბრის მერე პირველად შეძლო პირველ ტაიმში გატანა და სხვათა შორის, მაშინაც ვეტერანმა მცველმა ჯოლეონ ლესკოტმა შეაგდო.

* 2016 წელს "ვილამ" უკვე მესამე საშინაო გამარჯვება მოიპოვა (1 თასზე). მთელი 2015 წლის განმავლობაში კლუბმა 19 საშინაო მატჩიდან მოიგო 3.

* 2016 წელს ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატში სერხიო აგუეროს აქვს გატანილი - 7. მეორეზე ვეტერანი ჯერმინ დეფოა 6 ბურთით.

* რობერტო ფირმინომ მიმდინარე ჩემპიონატში "ლივერპულის" მხრიდან ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გაიტანა, 5 პასი გააკეთა.

* ადამ ლალანამ ბოლო 3 მატჩში ორჯერ გაიტანა, არადა, წინა 19 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) ერთი ბურთიც არ ჰქონდა.

* ჯერმინ დეფოს ბოლო 6 მატჩში 6 გოლი აქვს, ხოლო მის "სანდერლენდს" უკვე 8 საგარეო თამაშია მინიმუმ 1 ბურთი გააქვს.

* 2014 წლის დეკემბრის მერე "ნიუკასლმა" პირველად მოიგო ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა.

* ჯონჯო შელვიმ "ნიუკასლის" მაისურით 4 მატჩში უკვე 2 საგოლე პასი გააკეთა. ამდენივე ჰქონდა მას "სუონსისთან" ერთად ჩაატარებულ 16 შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატში.

* "კაჭკაჭებს" კარი მშრალად 9 მატჩი არ შეენახათ და ამ სერიას წერტილი დაუსვეს.

* რომელუ ლუკაკუს აქტივში უკვე 16 გოლია. პრემიერლიგაში ამდენი "ევერტონის" მაისურით ტონი კოტის მერე არავის გაუტანია. ეს 1993/94 წლების სეზონში მოხდა.

* შიმუს კოულმენმა 2015 წლის მარტის მერე შეაგდო და 27-თამაშიანი პაუზის მერე გოლის გემო გაიხსენა.

* აარონ ლენონმა მიჯრით სამ მატჩში (ყველა ტურნირზე) გატანა კარიერაში პირველად მოახერხა.

* "სტოკს" ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ისეთ მატჩებში, რომლებშიც მეტოქე წინ გადის, მხოლოდ 1 ქულა - 0 მოგება, 1 ფრე, 10 წაგება.

* 2012 წლის იანვრის მერე, ანუ გილფი სიგურდსონის პრემიერლიგური დებიუტის მერე, მხოლოდ კრისტიან ერიკსენს აქვს გატანილი უფრო მეტი (6) გოლი ჯარიმიდან, ვიდრე ისლანდიელს (5).

* "კრისტალ პალასის" მცველმა სკოტ დანმა მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დააგროვა. იქამდელ 125 პრემიერლიგურ მატჩში მას სულ 5 ჰქონდა გატანილი.

* დანის გოლი მე-8 იყო "პალასის" მცველთა ყულაბაში. ეს ჩემპიონატის ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

* "კრისტალ პალასი" გახდა ბოლო გუნდი ინგლისის პირველ 4 დივიზიონში, რომელმაც 2016 წელს ქულა მოიპოვა. "სუონსისთან" მატჩამდე მხოლოდ "არწივები" იყვნენ უქულოდ.

* "სუონსის" გოლების 58% პირველ ტაიმში გააქვს, რაც პრემიერლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* კირან ტრიპიერმა "ტოტენჰემს" "უოტფორდთან" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ეს მისი პირველი პრემიერლიგური გოლი იყო 43-ე შეხვედრაში.

* დელე ალიმ ტრიპიერს საგოლე პასი მინდორზე შემოსვლიდან 176 წამში გაუკეთა. ალის უკანასკნელ 14 პრემიერლიგურ მატჩში 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (6 გოლი, 5 პასი).

* მაია იოშიდას 3 პრემიერლიგური გოლიდან 2 "ვესტ ჰემის" კარში აქვს გატანილი.

* "საუთჰემპტონის" ვიქტორ ვანიამა გახდა მე-7 ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგის სეზონში 3-ჯერ გააძევეს, იგი ვინი ჯონსს, დევიდ ბეტის, სლავენ ბილიჩს, კრეიგ შორტს, ფრენკ კუიუდრუსა და ვეს ბრაუნს შეუერთდა, თანაც ჯერ ყელაფერი წინ აქვს...

* ფრეიზერ ფორსტერის მშრალი მატჩების მაჩვენებელი საუკეთესო პრემიერლიგის ისტორიაში იმ მეკარეებს შორის, რომლებსაც 30 ან მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული - 51,4%. მას 35 შეხვედრიდან 18-ში გოლი არ გაუშვია.

* "არსენალი" 23 მატჩია, ახალაღზევებულ გუნდებთან წაუგებელია - 19 მოგება, 4 ფრე.

* მესუთ იოზილმა "ბორნმუთს" ამ სეზონის ორივე მატჩში გაუტანა და ასისტენტი ორივეჯერ ოლივიე ჟირუ იყო.

* მიუხედავად იმისა, რომ გუს ჰიდინკის ხელში "ჩელსი" ისევ წაუგებელია, შინ უკვე 4 პრემიერლიგური მატჩია, ვერ იგებს. ასეთი რამ 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად ხდება.

* პრემიერლიგის ისტორიაში პირველად ხდება ისიც, რომ "ჩელსი" მიჯრით ოთხ საშინაო მატჩში თამაშობს ფრეს.

* ინგლისის ჩემპიონატში ჯესი ლინგარდის ბოლო 4 ზუსტ დარტყმას 3 გოლი მოჰყვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული