ოდიონ იგალო - ვინ არის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ყოჩაღი დებიუტანტი

AutoSharing Option
ივნისის ერთ დილას ნიგერიელი აგენტი ლადი სალამი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. მან ნომერი ვერ იცნო. ზარი ჩინეთიდან იყო, მენეჯერისათვის უცნობი კლუბიდან. ჩინეთის თაობაზე სალამიმ იცოდა. მან ზამთარში "შანხაიში" გადაიყვანა თავდამსხმელი ჩუკვუ ნორვეგიული "მიოლდედან", მაგრამ ამ კლუბის სახელმა მას არაფერი უთხრა.

აღმოჩნდა, რომ ამ გუნდს ოდიონ იგალოს გადაბირება უნდოდა. "გიჟები, - გაიფიქრა სალამიმ. - იგალო ახლა წამსვლელი არაა, მან ხომ "უოტფორდთან" ერთად პრემიერლიგას უნდა გაუსინჯოს გემო", - ასეც უთხრა ჩინელებს.

მენეჯერის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩინური კლუბის მესვეურებმა დასახელებული თანხა გაასამმაგეს.
სალამიმ გუნდის სახელი შეიტყო. ეს იყო ჩინეთის მეორე ლიგის ბინადარი "ჰებეი", მისი მთავარი მწვრთნელი კი რადომირ ანტიჩი გახლდათ, ცნობილი სერბი სპეციალისტი.

სალამიმ მისი კლიენტის, ოდიონ იგალოს ნომერი აკრიფა. როდის იქნები ლონდონში? - იკითხა აგენტმა, ჩინელებისგან მაგარი წინადადებაა, მაგრად ვიშოვით! ხუმრობ, ალბათ - იყო პასუხი. ნიგერიაში ვარ, ვისვენებ. მომავალ კვირას ჩამოვალ, - იყო პასუხი.

ტრანსფერი რომ განხორციელებულიყო, იგალოსა და სალამის პოცოების ოჯახის ნებართვა სჭირდებოდათ. ეს ოჯახი ფლობს "გრანადას" და "უოტფორდს". "თუ გინდა, წადი, მაგრამ ჩენეთში ფეხბურთელები გასამდიდრებლად მიდიან და არა სათამაშოდ - უთხრა პოცოს ოჯახის თავმა იგალოს. ისე, მე თანახმა ვარ, ტრანსფერს არ შევაფერხებ.

"მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე და ახლა ჩინეთში ფულის გულისათვის ვერ წავალ. დავრჩები "უოტფორდში" და ვიბრძოლებ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად", - უთხრა იგალომ სალამის და პოცოების ოჯახს.

ამის შემდეგ ჩინურმა კლუბმა იგალოს რამდენიმეჯერ კიდევ დაურეკა. ნიგერიელს ჩინეთში ეპატიჟებოდნენ, რათა კომფორტით მოეხიბლათ ის, მაგრამ იგალომ ცდუნებას გაუძლო.

შემოდგომაზე მან "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში შემდეგი თქვა: "მე უნდა მებრძოლა და ეს ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი ომი მექნებოდა".

მართლაც, "უოტფორდში" ორი ძლიერი ფორვარდია - ულარე და დინი. იგალომ ორივეს მოუგო ბრძოლა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. მეტიც, ის გუნდის უდავო ლიდერია და ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია იმათგან, ვინც პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს.

ოდიონ იგალო გაიზარდა ქალაქ ლაგოსის უბანში, რომელსაც აჯაგუნლი ჰქვია, რაიონ აპაპაში. მამამისმა ააგო ბარაკი, რომელშიც ის თავის მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იგალოს დედა იძულებული იყო, დღეში 17 საათს ემუშავა, რათა პატარა იგალოები გამოეკვება.

იგალომ გაიხსენა, რომ პირველად, როცა ლაგოსში კარგ მინდორზე ითამაშა, მას არაფერი გამოუვიდა. ფეხბურთელის თქმით, ის არ იყო შეჩვეული ასეთ მინდვრებზე თამაშს და საერთოდ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ მინდორზე შეიძლება ფეხბურთი ითამაშო.

"იმდენი რამ მინახავს და ისეთები, ყველაფერი რომ მოვყვე, თმები ყალყზე დაგიდგებათ. ნიგერიაში, იმ სტადიონზე, სადაც ჩვენი გუნდი თამაშობდა, მარიხუანას და ნარკოტიკებს ყიდდნენ. იყო მათი მოხმარების ფაქტები", - ამბობს ჩვენი წერილის გმირი.

საინტერესოა, რომ იგალომ პირველი ხელფასი აიღო და... შინ ვერაფერი წაიღო, რადგან თანხა იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ოდიონს პროდუქტები ეყიდა და დატანჯული დედ-მამა გაეხარებინა.

"სულ 6 ფუნტი ავიღე და მითხარით, რა უნდა მეყიდა? ვიდექი თვალცრემლიანი და წინასწარ ვიცოდი, რომ ოჯახში მისულს კვლავ ოდინდელი პრობლემები დამხვდებოდა, კვლავ იქნებოდა სარჩოს ძიება და ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ყველანი ადრე უნდა დავწვეთ, რათა ხვალ ისევ შევუდგეთ ჯოჯოხეთურ შრომას", - ამბობს იგალო.

მისი თქმით, ნიგერიაში ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება.

"ბევრი ჩემი თანაგუნდელი ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრით იყო, მაგრამ დღეს ისინი ფეხბურთს აღარ თამაშობენ. ისინი ქუჩამ ჩაყლაპა. რთულია, შენს თავს მოსთხოვო, იყო ნაღდი პროფესიონალი, როცა ირგვლივ ასეთი რამეები ხდება", - ამბობს ოდიონი.

იგალოს გაუმართლა. ნიგერიიდან იგი ნორვეგიაში აღმოჩნდა, სადაც პოცოების ოჯახის თვალთახედვის არეში მოექცა და ნაღდი ევროპული ფეხბურთის კარის შეაღო. იგალო ნორვეგიულ "ლინში" გამორჩეული იყო, პრობლემების მიუხედავად.

"ნორვეგიაში ჩავედი თუ არა, უამრავ პრობლემას შევეჯახე. მე იქ პირველად ვნახე თოვლი და ვიგრძენი სიცივე. თოვლში თუ ვითამაშებდი, არ მეგონა. თურმე, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. მეც შევეჩვიე.

იყო დრო, მწყინდებოდა ყველაფერი. ვფიქრობდი, ჩავალაგებ ჩემოდანს და ნიგერიაში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ყველა დაბრკოლება გადავლახე. მე ვიცოდი, რომ თუ გადარჩენა მსურდა, უნდა გამეძლო. მე ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახის ბედნიერება ჩემზე იყო დამოკიდებული. გავიდა დრო და ყველაფერს შევეჩვიე", - იგონებს იგალო.

ბიჭმა გაძლო. მაგრად გაძლო. დღეს დედამისი აღარ ყიდის ლაგოსის ცხელ ქუჩებში უალკოჰოლო სასმელებს და პლასტმასის ბოთლებს. დღეს ქალბატონი იგალო ფეხშიშველი აღარ არის.

დღეს იგალოების მრავალსულიანი ოჯახი ბარაკში აღარ ცხოვრობს. დღეს ოდიონ იგალო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია (14 ტურში მან 8 გოლი გაიტანა, ასეთი დასაწყისი პრემიერლიგის არც ერთ დებიუტანტს არ ჰქონია) და თუ ასე გააგრძელა, ეჭვგარეშეა, დიდი ხნის განმავლობაში აღარ შერჩება "უოტფორდს".

ამბობენ, რომ მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს, ყველაზე დიდი მსურველები კი "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "იუნაიტედი" არიან.

დოსიე
ოდიონ ჯუდ იგალო
დაიბადა: 1989 წ.
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: 2005-06 - პრაიმი; 2006-07 - ჯულიუსი; 2007-08 - ლინი; 2008-14 - უდინეზე (იჯარით გრანადა, ჩეზენა, უოტფორდი); 2014-დან - უოტფორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წაიკიYთხეთ ქართველო ფეხბურთელებო
0

სიახლეები პოპულარული