ვარდული 10 - ჯეიმი ვარდის პრემიერლიგის რეკორდი

AutoSharing Option
დანიელ სტარიჯის მერე, ჯეიმი ვარდი გახდა მეორე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის მიჯრით 8 ტურში გაიტანა გოლი, მაგრამ ამაზე იგი არ გაჩერებულა... რუდ ვან ნისტელროის, ორი სეზონის შეერთებით, მიჯრით 10 ტურში გაეტანა, მაგრამ ახლა ვარდიმ მას იმ კუთხით გადაასწრო, რომ ერთ სეზონში შეაგდო ზედიზედ 10-ჯერ.

"ლესტერის" ფორვარდი ერთპიროვნული რეკორდსმენიც გახდება, თუ ვან ნისტელროის ყოფილ გუნდ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანს - შაბათს ლესტერშირს სწორედ "წითელი ეშმაკები" ეწვევიან.

რაც უნდა მოხდეს, ვარდის მაჩვენებელი უკვე ფენომენალურია. ერთხელაც გაგახსენებთ იმას, რომ ამ სეზონამდე ამ ფეხბურთელს მიყოლებით
ორ ტურშიც კი არ გაეტანა გოლი პრემიერლიგაში.

ის 28 წლის გახლავთ, შეფილდშია დაბადებული და ბავშვობისას "უენსდიში" მივიდა, მაგრამ იქ არ დაიტოვეს და "სტოკსბრიჯ პარკ სტილსს" მიაშურა, სადაც 107 მატჩში 66 ბურთი შეაგდო. ამას "ჰალიფაქსში" ჩატარებულ 41 თამაშში გატანილი 29 გოლი მოჰყვა.

ხოლო ბოლოს, როდესაც მან "ფლიტვუდში" 36 შეხვედრაში 31-ჯერ შეაგდო, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება შედარებით მაღალი დონის გუნდებმაც მიაქციეს და "ლესტერმა" ის 2012 წელს თავისთან წაიყვანა.

სხვათა შორის, იგი თავიდანვე კარგად ვერ ათამაშდა. წინა სეზონის მიწურულამდე ჯეიმი არც ისე პროდუქტიული გახლდათ, მაგრამ მერე "ტალღა დაიჭირა" და ახლა მართლაც შეუდარებელია.

"ვფიქრობ, მას თავისუფლად შეუძლია მისივე რეკორდი გააუმჯობესოს. რამდენიმე ტურის წინაც ვამბობდი, რომ ეს შეეძლო " - აღნიშნა "ლესტერის" კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა.

კლაუდიო რანიერი: "მისი წარმატება ძალიან მახარებს, ის ბევრს შრომობს და წარმატებას იმსახურებს. თუმცა ეს არა მხოლოდ ვარდის, არამედ გუნდის გოლებია, რადგან მათ გატანაში ჯეიმის ყველა ეხმარებოდა და პირველ რიგში, გუნდის წარმატებაა სასიხარულო და მნიშვნელოვანი".

პრემიერლიგის საგოლე სერიები
ფეხბურთელი თარ. კლუბი გოლი
ჯეიმი ვარდი 21/11/15 ლესტერი 10
რუდ ვან ნისტელროი 23/08/03 მანჩესტერი 10
რუდ ვან ნისტელროი 19/01/02 მანჩესტერი 8
დანიელ სტარიჯი 23/02/14 ლივერპული 8
მარკ შტაინი 05/02/94 ჩელსი 7
იან რაიტი 23/11/94 არსენალი 7
ალან შირერი 30/11/96 ნიუკასლი 7
ტიერი ანრი 09/05/00 არსენალი 7
ემანუელ ადებაიორი 11/02/08 არსენალი 7

საინტერესო ფაქტები ჯეიმი ვარდიზე
* 2014 წლის ზაფხულში ვარდი "ტვიტერის" მეშვეობით ეძებდა მისაღებ და "შეღავათიან" საცხოვრებელ ადგილს ლესტერში. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ჯეიმი ბომბარდირთა დავის სათავეში რეკორდსმენის სტატუსით მოექცეოდა და მას მადრიდის "რეალს" დაუკავშირებდნენ.

* როი ჰოჯსონი ვარდის კარგი თვალით უყურებს, სისტემატურად იძახებს ნაკრებში და შანსს აძლევს. მას, ალბათ, ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილავთ და ამის გამო ჯეიმიმ წინასწარ დანიშნული ქორწილის თარიღი შეცვალა და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, შუა კვირაში გადმოსწია.

* დაახლოებით 5 წლის წინათ ვარდი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და საარსებოდ სამყოფ ჰონორარსაც ვერ გამოიმუშავებდა. იგი პარალელურად ქარხანაში მუშად მუშაობდა, მენეჯერი კი ფეხბურთის თამაშს უშლიდა - კვირაში ორჯერ ვარჯიში რა ამბავია, ენერგიაგამოცლილმა რაღა უნდა გააკეთოო.

* აგვისტოში ვარდი სკანდალში გაეხვა. სამორინეში ყოფნისას, მან რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა იაპონელს, რამდენიმე დღეში კი "ლესტერის" იაპონელ ახალწვეულს, შინჯი ოკაზაკის საგოლე პასი გაუკეთა... ჯეიმის მოეჩვენა, რომ ის პიროვნება პოკერის თამაშისას კარტში უყურებდა და მას დამამცირებლად მიმართა, რისთვისაც შენიშვნა დაწესებულების თანამშრომლისგანაც მიიღო, მაგიდისთვის თვალყურის დევნება დაშვებულია... გამოფხიზლებულმა ვარდიმ ბოდიშები იხადა, მსგავსი საქციელი ჩემ ხასიათში არანაირად არ ჯდება და ასეთ შეცდომას არასოდეს გავიმეორებ, არც რასისტი ვარ და არც ასეთი გამოხდომები მახასიათებსო.

მას აპატიეს. ვარდიმ დაზარალებული მოინახულა, პირადად მოუბოდიშა და გარკვეული ფინანსური კომპენსაცია შესთავაზა, რომელიც დაზარალებულის გადაწყვეტილებით, მთლიანად ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

* 13 სექტემბერს, "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში ვარდიმ მაჯა დაიზიანა, მას რამდენიმე ადგილას ძვალი გაბზარული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ერთგვარი "ფიქსატორით" მას მერე თამაში გააგრძელა. პრემიერლიგაში გატანილი 13 გოლიდან 9 სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფს აქვს შეგდებული.

* პრემიერლიგამდელ ეპოქაში ინგლისში ყველაზე ხანგრძლივი სერია ჯიმი დანს ეკუთვნის. "შეფილდ იუნაიტედის" ფეხბურთელმა 1931 წლის 24 ოქტომბრიდან 1932 წლის 1-ელ იანვრამდე მიჯრით 12 თამაშში შეაგდო (სულ 18 ბურთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამბობენ რეალს აქვ ინტერესიო, მაგრამ ამ წუთებში გაავრცელა ინფორმაცია ელ მუნდო დეპორტივომ რომ, ფიფამ აუკრძალა რეალს 2 ტრანსფერის მანძილზე ფეხბურთელების რეგისტრაცია, როგორც ადრე ბარსელონას.
ტყეშელაანთ გიჟი
12:16 27-11-2015
0

სიახლეები პოპულარული