უნდა დაითხოვოს თუ არა ლონდონის "ჩელსიმ" ჟოზე მოურინიო?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" საშინელ დღეშია - გუნდი მე-16 ადგილზეა ინგლისურ პრემიერლიგაში. ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. "ჩელსის" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩია. ასეთ ვითარებას რუსი მილიარდერი დიდხანს ვერ მოითმენს. აბრამოვიჩი ტიტულებს დაეჩვია, დაჩვეულის გადაჩვევა კი ძნელია.

"ჩელსის" ჟოზე მოურინიო წვრთნის. მოუს ბევრი ვერ იტანს მისი ხასიათის, ფეხბურთისა და "ავტობუსების" გამო, მაგრამ მწვრთნელის სიდიადეს ტიტულები განსაზღვრავს. ამ მხრივ პორტუგალიელს ყველაფერი რიგზე აქვს.

მოურინიო საფრთხეს გრძნობს. მან იცის, რომ რომან აბრამოვიჩი დიდხანს ვერ მოითმენს. მან იცის, რომ ამ შემადგენლობით ასეთი შედეგი არამც და არამც არ
უნდა ჰქონდეს. მოუ დრტვინავს, ოღონდ ჯერ მხოლოდ თავისთვის.

მან პრევენციის მიზნით "ჩელსის" შეფობას პირველი სარკაზმი უკვე შეაფრქვია. "თუ "ჩელსი" ჩემ გაშვებას გადაწყვეტს, მაშინ ისინი შეელევიან კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს", - თქვა პორტუგალიელმა და იქნებ მართალიც თქვა. გემოვნების ამბავია.

როგორც ყველა მწვრთნელი, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მოურინიო იგებდა და აგებდა კიდეც. რა თქმა უნდა, ის უფრო ხშირად იგებდა, მაგრამ იყო მარცხის სიმწარეც. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

ერთი ფაქტია: ის იმიტომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად, რომ მისი შედეგები სტაბილურია. არის თამასა, რომელზე დაბლაც პორტუგალიელი საერთოდ არ ჩამოდის. ახლა ეს სტაბილურობა სადღაც დაიკარგა. "ჩელსი" რიგით გუნდს დაემსგავსა, მას ყველა უგებს და ყველა უტანს - ყველა, ვისაც არ ეზარება მოგება და გატანა.

არადა, შემადგენლობა ისაა, რაც წინა სეზონში იყო. წინა სეზონში "ჩელსიმ" პრემიერლიგა მოიგო. იმ გუნდიდან მხოლოდ სახელებიღა დარჩა. არავითარი გუნდი - "არისტოკრატები" უთავმოყვარეოთა ბრბოს დაემსგავსნენ.

გუნდს აღარ ესმის მწვრთნელის. მწვრთნელს აღარ ესმის ფეხბურთელების. ეს უკვე ძალიან ცუდია. დროებითი კრიზისი რომ იყოს, უკვე გაივლიდა. ჩავარდნა გრძელდება. რაც მთავარია, ჩავარდნა აქვს ყველა ფეხბურთელს.

ყველაზე უკეთ მეკარე ასმირ ბეგოვიჩი გამოიყურება და ისიც ძალიან ბევრს უშვებს. ბეგოვიჩი არ არის ღმერთი. ის უბრალო მოკვდავია. ასმირი გუნდს ყოველთვის ვერ გადაარჩენს.

ჯონ ტერი სათადარიგოთა სკამს ისე მიეჩვია, როგორც თავის დროზე - ტიტულებს. ტერი და მოუ განხეთქილებას უარყოფენ, მაგრამ კულისებს მიღმა რა ხდება, ჩვენ არ ვიცით. ტერი "ჩელსის" ყველაფერია. ტერი მოურინიოზე დიდი ავტორიტეტია და ის ძალიან უყვართ გულშემატკივრებს. პორტუგალიელზე მეტადაც კი.

ეს დიდი ჩავარდნა მხოლოდ საფეხბურთო ამბების ბრალი არ უნდა იყოს. იქნებ ფეხბურთელებს აღარ უნდათ პორტუგალიელი? ამ მოსაზრებას აშკარად აქვს არსებობის უფლება.

"ჩელსის" ფეხბურთელებს ალბათ უნდათ, რომ მათაც ისე ითამაშონ, როგორც სხვა გრანდები თამაშობენ - მოიგონ, წააგონ, მაგრამ ითამაშონ ფეხბურთი. უფრო ხშირად ჰქონდეთ ბურთი და უფრო მეტი შექმნან.

მაგალითად, ეს უნდა ედენ აზარს. აზარი მსოფლიოში საუკეთესოობას უმიზნებს. მან იცის, რომ მოურინიოს ხელში ეს ცოტა ძნელი იქნება. როგორ უნდა იქცე გოლების მანქანად, როცა მწვრთნელის ტაქტიკურ მარწუხებში ბოლომდე ვერ იხსნები?!
გუნდს მოენატრა თავისუფლება.

ბიჭებს მოენატრათ შეტევა, ბიჭებს უნდათ ფანტაზია და შექმნა. მოურინიო მაგარ მანქანას ააწყობს ხოლმე, მაგრამ ეს მანქანა სწორხაზოვნად მიდის. აქამდე ეს მანქანა იმით სჯობდა სხვებს, რომ ორმოში არ ვარდებოდა. ახლა ესეც დაიწყო.

რომან აბრამოვიჩს უყვარს მოურინიო. რომანი დიდ პატივს სცემს პორტუგალიელს. და მაინც, მან უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია. ჟოზეს არ უნდა წასვლა, მაგრამ ყველაფერი მის სურვილზე ხომ არ დაეკიდება?!

კი, ის განსაკუთრებულია, მაგრამ განსაკუთრებულებსაც დაუდგებათ ხოლმე კრიზისი. აზარი, ფაბრეგასი, პედრო, ტერი, კურტუა, დიეგო კოშტა... "ჩელსის" ბევრი ვარსკვლავი ჰყავს. ხშირად იქ ვარსკვლავები სათადარიგოთა სკამზე სხედან. როცა ეს გუნდი უშანსოდ აგებს საშუალოებთან, მაშინ შეგვიძლია დავწეროთ, რომ მწვრთნელმა გუნდში თავი ამოწურა.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოურინიოს სამწვრთნელო ნიჭი დაღმართში ეშვება. პორტუგალიელი კიდევ გაწვრთნის გრანდებს. ის კიდევ მოიგებს ტიტულებს, თუმცა "ჩელსიში" მან გასაკეთებელი გააკეთა.

"ჩელსის" თავისი გეზი აქვს. ეს გუნდი ბოლო წლებში მუდამ გამორჩეულ ვარსკვლავებზე იდგა, მაგრამ სუპერშემტევი არასოდეს ყოფილა. რა ვიცით, რომ რომან აბრამოვიჩს სხვანაირი "ჩელსი" და გიჟური შეტევები არ სურს?

ასე ედენ აზარს მსოფლიოში საუკეთესოობის მეტი შანსი ექნება. ასე პედრო და სესკი უფრო მალე დაივიწყებენ მშობლიურ "ბარსელონას". ასე დიეგო კოშტა იგივე იქნება, რაც "ატლეტიკოში". აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელია.

ბოლო წლებში ისე გამოდის, რომ "ჩელსისათვის" აკრძალული ხილი შეტევაა. ეს ხილი რამდენიმე მწვრთნელს უდევს ჯიბეში. მაგალითად - იურგენ კლოპს, ვინც "ლივერპულის" სამიზნეა.

ეს სიფრთხილე ოდესღაც უნდა დასრულდეს.

ჟოზე მოურინიო თავის გზას და საკეთებელს იპოვის.

ბოლო სიტყვა რომან აბრამოვიჩზეა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოურინიო არის ერთი კარგი მწვრთნელი, უფრო იღბლიანი. ( იყო კარგი თარჯიმანი) ამ სასტავით შედეგი უნდა დააყენოს; "ჩელსის" მის გარეშე უფრო დიდი შედეგიც ჰქონია უბრალო მწვრთნელის ხელშიც! არა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული