ჟოზე VS არსენი: mind games დაიწყო, სეზონიც მალე დაიწყება

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ჟოზე მოურინიომ "სიტყვების ომის" სეზონი გახსნა და ახლა პორტუგალიელი თავის ერთ-ერთ საყვარელ "საკბილოს", არსენ ვენგერს მიადგა, რომელსაც კალკულატორის მომარჯვება ურჩია - ეგებ დავითვალოთ, ვინ რამდენი დახარჯა და შესაძლოა, სიურპრიზი აღმოვაჩინოთო.

"თუ გადახედავთ წინა 3-4 წელიწადს და ნახავთ, ვინ რამდენი დახარჯა, საინტერესო სურათს მიიღებთ. "ჩელსის" დანახარჯებზე საუბარი ცოტა უადგილოც ჩანს. გავიხსენოთ, რომ მაგალითად, "არსენალმა" მესუთ იოზილი, ალექსის სანჩესი, კალუმ ჩემბერსი, მატიო დებიუში... დაიმატა. არსენ ვენგერს კალკულატორი დაეხმარებოდა თავისი გასავალის დათვლაში" - ამბობს "განსაკუთრებული".

მოურინიო მართალია იმაში, რომ ხსენებული
ფეხბურთელები "არსენალში" უფასოდ არ მისულან. თუმცა, ამ შემთხვევაში, კალკულატორი უფრო მას გამოადგება, რადგან 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, "მეთოფეებმა" 142 მილიონი გირვანქა დახარჯეს, ხოლო გაყიდვებით 36,8 მილიონი გამოიმუშავეს, ანუ სუფთა დანახარჯი 105,2 მილიონი დარჩა.

"ჩელსიმ" კი ტრანსფერებში 216,8 მილიონი გირვანქა დახარჯა და 179,2 გამოიმუშავა, დარჩა 37,6. ამ კუთხით მოურინიოს სიტყვების გამართლება კი შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში, მისი "ლურჯებში" მისვლის პირველ ეპოქას და ბოლო წლებს თუ გავითვალისწინებთ, "ჩელსის" გასავალი საგრძნობლად დიდია. თუმცა მოუს სურს, რომ უშუალოდ ბოლო ორი წლის დანახარჯების დათვლითა და გაშვებული ფეხბურთელებით ამოღებული ფულით გამოიყვანოს, რომ "არსენალი" უფრო "მხარჯველი" გუნდი გახდა.

"როდესაც ფული არ გაქვს, ვერც დახარჯავ მას. თუ გვაქვს საშუალება, ვცდილობთ, კარგი ტრანსფერი განვახორციელოთ და არ გვაინტერესებს, სხვები რას იტყვიან. ვფიქრობ, ერთ დღესაც დააკვირდებით და ნახავთ სტატისტიკას, თუ რამდენი ადგილობრივი კადრი გვყავს, რამდენი მოთამაშე გავზარდეთ და რამდენი ასეთია გუნდის ვარსკვლავი.

ჩემი აზრით, სხვების მოსაზრებას ზედმეტად არ უნდა ვუსმინოთ, რადგან მაგალითად, ერთ კვირაში შეიძლება დამაბრალონ, რომ საჭირო რაოდენობით არ ვხარჯავ თანხას ტრანსფერებში და ასევე დამაბრალონ, რომ ზედმეტად ბევრს ვხარჯავ. თუ წარმატების მიღწევა გინდა და ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს, კონცენტრირებული უნდა იყო არსებულ რესურსსა და გუნდის შიდა სამზარეულოზე. რაც მთავარია, გვსურს, რომ ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც გვინდა. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, სხვებმა კი ილაპარაკონ" - თქვა ვენგერმა.

განუყრელი წყვილი - მოურინიო და ვენგერი, ერთმანეთს შორიდან ედენ აზარის თაობაზე "გამოელაპარაკნენ". ცოტა ხნის წინათ ჟოზემ თქვა, რომ მისი აზრით, ედენ აზარი წინა სეზონში კრიშტიანო რონალდოზე უკეთესი იყო და ზოგადად, ლიონელ მესისა და რონალდოს დონეზეა. მუსიე არსენს ბელგიელი მოსწონს, მაგრამ ასეთ სიმაღლეებზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეაო...

"აზარი შესანიშნავი ფეხბურთელია, რასაც ხშირად ამტკიცებს. მას პირადად შეუძლია გოლის შექმნა, გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. სწორედ ამით ვანიჭებთ ფეხბურთელებს ტოპ-მოთამაშის სტატუსს და ის მართლაც ასეთია, მაგრამ როდესაც ორ ან სამ უძლიერეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მათ რიგებში აზარის გარევა ჯერ ცოტა ნაადრევი მეჩვენება, მას სტაბილურობაზე აქვს სამუშაო და ზრდა უნდა განაგრძოს" - თქვა ვენგერმა.

ფრანგმა ისიც გაიხსენა, რომ თავის დროზე "არსენალს" სულ რამდენიმე მილიონი დააკლდა ედენის ხელში ჩასაგდებად, რაც "მეთოფეებს" და პირადად მათ მთავარ მწვრთნელს ძალიან სურდა. "მესამეში" კი, მესისა და რონალდოს გარდა, მან ალბათ ნეიმარი ან ლუის სუარესი იგულისხმა. ვენგერს რომ ურუგვაელი ძალიან ესიმპათიურება და მისი შეძენაც სურდა, არც ესაა საიდუმლო.

მიზეზი კი, რის გამოც მოურინიო ისევ თავს დაესხა ვენგერს და მისი აყოლიება სცადა და სანახევროდ გამოუვიდა კიდეც, მარტივი მისახვედრია - 2 აგვისტოს ინგლისის სუპერთასია, "ჩელსი" "არსენალს" ეთამაშება და ჟოზესთვის ეს მატჩი უკვე დაიწყო... იგი ვენგერის ნერვებზე თამაშობს და mind games-ის ახალ სეზონს უფრო და უფრო ახურებს.

***
ჟოზე მოურინიოს ოღონდ სალაპარაკო და საკბილო მიეცი და... პორტუგალიელს მშვენიერი "საგოლე გადაცემა" ამჯერად რაფაელ ბენიტესის მეუღლემ, მონსერატ სეარამ გაუკეთა, რომელმაც აღნიშნა, ჩემს ქმარს სულ მოურინიოს მერე უწევს ამა თუ იმ გუნდში მისვლა და პორტუგალიელის არეული სიტუაციის დალაგებაო. ალბათ, ისიც იცით, მოუსა და რაფას ერთმანეთთან დიდი სიყვარული რომ არ აკავშირებთ, ჯერ კიდევ ბენიტესის "ლივერპულური" პერიოდიდან მოყოლებული. გაინტერესებთ, როგორი იყო "განსაკუთრებულის" განსაკუთრებული პასუხი? რა თქმა უნდა, გაინტერესებთ...

"ეს ლედი აშკარად შეცდომაშია შესული, დიდი პატივისცემის მიუხედავად. არც მეცინება... მისმა ქმარმა "ჩელსიში" რობერტო დი მატეო შეცვალა და არა მე, ხოლო "რეალში" კარლო ანჩელოტის ნაცვლად მივიდა. ერთადერთი კლუბი, რომელშიც მისმა ქმარმა მე შემცვალა, ეს მილანის "ინტერი" იყო და მან 6 თვეში ევროპის საუკეთესო გუნდი გაანადგურა. ამ ქალბატონს კი ვურჩევდი, რომ ჩემზე ფიქრსა და ლაპარაკს აჯობებს, თავისი დრო და ყურადღება მისი ქმრის დიეტას დაუთმოს და ამ შემთხვევაში ლედის ჩემზე სალაპარაკოდ ნაკლები დრო ექნება" - აღნიშნა ენაკვიმატმა მოურინიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგტანჯეს ხო?
nika
21:57 01-08-2015
0
თქვენ ოღონდაც ჟოზეს უკბინოთ რა გინდათ ხომ მოიგო ბარსამაც და რეალმაც შეირგეთ რა !
0

სიახლეები პოპულარული