რა იკისრა და რას იკისრებს ჰარი კეინი?

AutoSharing Option
უკანასკნელ ორ შეხვედრაში "ტოტენჰემის" წარუმატებლობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გუნდურად უნიათო თამაშის გარდა, ის გახლდათ, რომ კრისტიან ერიკსენი და ჰარი კეინი გოლების გატანას ვეღარ ახერხებდნენ და ცოტა უფერულად გამოიყურებოდნენ.

"ნიუკასლთან" კი დანიელმაც გაიტანა და რაც მთავარია, კეინმაც.

21 წლის ფორვარდისთვის ეს 30-ე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში და აქედან 20 მას პრემიერლიგაში აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია 1991-92 წლების სეზონის მერე, როდესაც "დეზების" მაისურით 30-გოლიან ნიშნულს თვით გარი ლინეკერმა უწია.

თანაც, ჰარი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა ორი
უგოლო მატჩი ჩაატარეს (წაგება და ფრე) და კეინსაც სულ რაღაც ორშეხვედრიანი გოლთაწყვეტა ჰქონდა, მაგრამ კეინმა იმდენად მიგვაჩვია გოლებს, რომ ეს პაუზა ჩვენც ძალიან ხანგრძლივი მოგვეჩვენა და თავად მასაც.

მაურისიო პოჩეტინო კეინს აქებს, მაგრამ სხვა ფეხბურთელების და საკუთარი თავის კარგი მუშაობის წინ წამოწევაც სურს და თანაც, სიმართლის მარცვალნარევი ხუმრობით კეინს ჯიბეზე ხელის გაკვრისკენ მოუწოდებს.

"ვულოცავ ჰარის, ის იმსახურებს იმ შექებასა და ყურადღებას, რომელსაც ახლა იღებს. ვფიქრობ, ამ დღეებში გუნდი სადილზე უნდა დაპატიჟოს, რადგან გუნდი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მას გატანაში დაეხმაროს" - განაცხადა პოჩეტინომ.

"რეკორდზე ნაკლებად ვფიქრობდი, უბრალოდ, როდესაც 20 გოლი გავიტანე, მერე უკვე 30 დავისახე მიზნად და 29-ზე რომ გავჩერდი, ასე მეგონა, წლები გავიდა, სანამ 30-ეს გავიტანდი.

ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მორიგ მიზანს დავუსახავ, მაგრამ ამას საიდუმლოდ დავიტოვებ. რასაკვირველია, გოლი მით უფრო სასიამოვნოა, როდესაც შენი გუნდი იგებს", - თქვა კეინმა.

ჩვეულად კარგ ხასიათზე იყო ლინეკერი: "ყოჩაღ, ჰარი კეინ. ამდენი ხნის მერე ის პირველი მოთამაშეა, რომელმაც 30 გოლი გაიტანა. შერინგემ, კლინსმან, დეფო, კინ, ადებაიორ... სად ხართ?".

კეინი, სერხიო აგუეროსთან ერთად, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო "ტოტენჰემმა" ამ მოგებით 57 ქულა მოაგროვა, მეექვსეზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტის" 7 ქულით ჩამორჩება.

5 ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა ძნელი იქნება და როგორც ჩანს, პოჩეტინოსაც არ უნდა ფანებისთვის ფუჭი იმედის მიცემა და წარმოდგენის შექმნა, რის გამოც შეკითხვას, "დეზების" ოთხეულში მოხვედრის პერსპექტივასთან დაკავშირებით, მან ცივად უპასუხა - ძალიან რთული იქნებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული