მარუან ფელაინის ძმამ ჟოზე მოურინიოს ლამის გეგმები აურია

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ ლუი ვან გაალს მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და უპრინციპულესი ურთიერთშეხვედრა მოუგო (1:0). არადა, "მანჩესტერ იუნაიტედი", ცოტა თუ დავამრგვალებთ, ისიც "ჩელსის" სასარგებლოდ, ბურთს ორჯერ უფრო ხშირად აკონტროლებდა, კუთხურიც ორჯერ მეტი მოაწოდა, პასიც ორჯერ მეტი გააკეთა და კარისკენ დარტყმაც ორჯერ მეტი ჰქონდა, მაგრამ "განსაკუთრებულმა" თავის სტილში მოიგო და ძალიანაც გაიხარა. თუმცა ამბობს, ეს საჩემპიონო ზეიმი არ იყო, იქამდე ჯერ კიდევ დროაო.

"ჩვენ ასეთი ხასიათის მატჩისთვის ვემზადებოდით. სწორედ ასეთ თამაშს ველოდით და გვინდოდა. რთული იყო, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ გგონიათ. უნდა
გაგვეკონტროლებინა მათი თამაში მარუან ფელაინის გავლით და ფლანგელებისთვის ხელი შეგვეშალა ჩაწოდებებში. როდესაც ვიცით, რომ უეინ რუნი ნახევარდაცვაში თამაშობს, მის შეტევებში ჩართვებსაც ვაკონტროლებთ.

ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ, საჯარიმოს სიახლოვეს არ დაგვერღვია თამაშის წესი, რადგან მათ საჯარიმოების შესრულების სამი კარგი სპეციალისტი ჰყავთ. მეტოქის შეცდომებს ველოდებოდით და გოლიც გავიტანეთ. ჩვენ შევძელით და მათი გამორჩეული ფეხბურთელები მინდვრიდან გავაქრეთ, მათ ვერავინ ხედავდა. ისინი ჩვენს ჯიბეში იყვნენ. არაფერს არ ვზეიმობთ.

ფეხბურთში "თუ", "კინაღამ" და "თითქმის" არ არსებობს, აქ უკვე მათემატიკაა. როდესაც ინაღდებ რამეს, მაშინ შეგიძლია, იზეიმო. ამ მოგებას ემოციურად იმიტომ აღვნიშნავდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ. "მანჩესტერი" ამ მატჩისთვის მთელი კვირა ემზადებოდა და ყველაფერი ჰქონდა მის მოსაგებად, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ.

ვგრძნობ, რომ თითქმის იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ "თითქმის" ფეხბურთში არ არსებობს", - ახსნა თამაშის ხასიათი ჟოზე მოურინიომ.

ეს ფელაინი თუ ის ფელაინი?
საინტერესოა, რომ მოურინიოს სახალისო გაუგებრობამ კინაღამ გეგმები აურია. საქმე იმაშია, რომ თამაშის დღეს, დილით სასტუმროში კონსიერჟმა ამცნო, რომ მარუან ფელაინი იყო მოსულიო.

პორტუგალიელი დაინტერესებულა და ეჭვი გასჩენია, რომ შეიძლებოდა, ბელგიელს ამ შეხვედრაში არ ეთამაშა, რაც "განსაკუთრებულს" მართლაც აურევდა გეგმებს.

ფელაინი ბოლო პერიოდში შეუდარებელი გახლდათ და "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც ბელგიელი საყრდენია, რომელსაც ლუი ვან გაალი სხვადასხვა პოზიციაზე იყენებს. ამიტომაც "ჩელსის" თავკაცის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მისი განეიტრალება გახლდათ და მოურინიო რის მოურინიოა, უკვე განსაკუთრებული გეგმაც ჰქონდა შემუშავებული, თუ რა მოეხერხებინა ფელაინისთვის.

მარუანის მინდორზე არგასვლა ყველაფერს რადიკალურად ცვლიდა. მოუ უკვე ტაქტიკის შეცვლა-გადაწყობაზეც ფიქრობდა, მაგრამ...

"კარისკაცს უკითხავს, ვისთან ბრძანდებითო, ხოლო მას უთქვამს, ფელაინი ვარ და ბილეთების წასაღებად ჩემს მეგობარ ედენ აზართან მოვედიო. ამ ამბავმა დამაინტერესა, მეუცნაურა და ჩავთვალე, რომ ფელაინის შეიძლებოდა არ ეთამაშა. მერე წავედი და ტელეფონში "გუგლი" გავხსენი და ფელაინის ძმა ჩავწერე, იგივენაირი ბიჭი გამოჩნდა... ორივეს სურათი ამოვბეჭდე და კარისკაცს მივუტანე - ეს იყო თუ ის იყო-მეთქი? იმას, ჰგავსო, მითხრა და შევეშვი, ის ძმაა-მეთქი" - ღიმილით აღნიშნა მოურინიომ.

მარუან ფელაინი და მისი ძმა მანსური მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რაშიც ფოტოც დაგარწმუნებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული