ორიოლ რომეუ: ჟოზე მოურინიო ესპანელებს ერჩის

AutoSharing Option
"ჩელსიში" დაბრუნებული ჟოზე მოურინიო ივლისის დასაწყისში "ვალენსიაში" ორიოლ რომეუს ერთწლიან იჯარას ულაპარაკოდ დათანხმდა.

21 წლის ესპანელმა მწვრთნელს ამისთვის მადლობაც კი გადაუხადა. რომეუ "განსაკუთრებული კაცის" სიაში პირველი პირინეელი შეიქნა, ვისი სამსახურიც მიმდინარე სეზონში ზედმეტი აღმოჩნდა.

პრობლემები შეექმნათ სესარ ასპილიკუეტას (1 თამაში, ისიც შეცვლაზე), ფერნანდო ტორესსა (4 თამაში, 3 შეცვლაზე) და ხუან მატასაც კი (2 თამაში, ორივე ძირითადში). სპეციალისტებს ყველაზე მეტად უკანასკნელის იგნორირება აოცებთ. ლიგის თასზე "სუინდონთან" წუხანდელი თამაშის წინ მოურინიომ განაცხადა, რომ სათადარიგო ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის შანსს და მათ შორის
მატაც დაასახელა. რომეუმ ესპანურ "კადენა სერთან" ინტერვიუში ხმაღლა თქვა ის, რასაც კულუარებში დიდი ხანია ლაპარაკობენ - მოუ ესპანელებს აღარ სწყალობს.

"რჩება შთაბეჭდილება, რომ მოურინიოს ესპანელები აღარ უყვარს. მან "რეალთან" უკანასკნელი სეზონი ჩააგდო, შემდეგ "ჩელსისგან" მიიღო წინადადება და ლონდონში დაბრუნდა. გუნდის სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, თუმცა დღესავით ნათელია, რომ მწვრთნელი ჩემს თანამემამულეებს დევნის.

ის, რაც "ჩელსიში" ხდება, შორიდან სწორედ ასე გამოიყურება. ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. მიმდინარე სეზონს "ვალენსიაში" ჩავამთავრებ და ინგლისში დავბრუნდები. როგორ გადაწყდება ჩემი ბედი, მხოლოდ ამის მერე თუ გაირკვევა,
" - აცხადებს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხუან მატა": ლონდონის "ჩელსიში" ბედნიერი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული