ენდი რობერტსონი "ენფილდზე" - "ლივერპულმა" მცველი დაიბევა

AutoSharing Option
"ლივერპული" ჩემპიონშიპში დაქვეითებული "ჰალიდან" ენდი რობერტსონს დაიმატებს. 23 წლის მარცხენა მცველი სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრა. ინგლისური პრესის ცნობით, ტრანსფერი 8 მილიონი გირვანქა დაჯდება. როგორც იცით, იურგენ კლოპს ამ პოზიციაზე პრობლემა აქვს და მინიმუმ ერთ ფეხბურთელს საჭიროებს. რობერტსონის ფასი ბონუსებით შესაძლოა, 10 მილიონამდე გაიზარდოს.

საინტერესოა ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულიდან" "ვეფხვებში", ასევე 8 მილიონის სანაცვლოდ, ახალგაზრდა კევინ სტიუარტი გაემგზავრება, რომელსაც მეტი სათამაშო დრო უნდა და "ენფილდის" დატოვება გადაწყვიტა.

მერსისაიდელთა დიდი ხნის სამიზნე ნაბი კეიტა კი, როგორც ჩანს, ამ ზაფხულს "ლაიპციგს" ვერ
დატოვებს, რადგან გერმანული კლუბის მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განაცხადა, რომ მავანმა გუნდმა 22 წლის კეიტას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მსურველი უარით გავისტუმრეო. მატეშიცის თქმით, გვინეელმა თავის კონტრაქტს პატივი უნდა სცეს.

არადა, კეიტას წასვლა უნდა და სწორედ "ენფილდისკენ" მიუწევს გული. სხვათა შორის, შემდეგ ზაფხულს კონტრაქტის თანახმად, მისი გამოსყიდვის პუნქტი ამოქმედდება და კეიტას შეძენა 48 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული