არსენ ვენგერის "არსენალი" მთლიანად შეიცვლება?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შემადგენლობის გადასასხვაფერებლად ემზადება. შესაძლოა, "მეთოფეები", ალექსის სანჩესის თამადობით, რამდენიმე გამორჩეულმა მოთამაშემ დატოვოს.

შესაბამისად, ვენგერს, რომელსაც კრიტიკოსები ისედაც არ აკლია, სერიოზული სიახლეები სჭირდება. ფრანგი სპეციალისტი სამ თანამემამულეს უტრიალებს - კილიან მბაპეს, თომა ლემარსა და ალექსანდრ ლაკაზეტს.

18 წლის მბაპესა და 21 წლის ლემარს უამრავი მსურველი ჰყავთ და "მეთოფეებს" გაუჭირდებათ, მაგრამ მუსიე არსენს თავისი კავშირებისა და ახალგაზრდების დაყოლიების უნარის იმედი აქვს. რაც შეეხება ლაკაზეტს, მთხოვნელები არც 26 წლის ფორვარდს აკლია, რომელშიც "ლიონი" დიდ თანხას ითხოვს, მაგრამ
თუ "არსენალის" ხელმძღვანელობას ბოლოს და ბოლოს, ტიტულებისთვის ბრძოლა სურს, ფულის ხარჯვაც უნდა დაიწყოს.

არის კიდევ ერთი ვარიანტიც, რომელზედაც ლიონელთა პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა წამსვლელი ჩანს - თანხას პლუს ოლივიე ჟირუ - ამ შემთხვევაში, ლაკაზეტი მთლიანობაში 60 მილიონი გირვანქა უნდა დაჯდეს.

სხვათა შორის, ჟირუს თვალი "ვესტ ჰემ იუნაიტედმაც" დაადგა. "ჩაქუჩები" ისევ ფორვარდების ძიებაშია. ხოლო თავად ოლივიემ "არსენალთან" კონტრაქტი კი გაახანგრძლივა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისა და შეზღუდული სათამაშო დროის ატანას აღარ აპირებს.

იგივე მიზეზით, წასვლა აქვს გადაწყვეტილი დავიდ ოსპინას. 28 წლის კოლუმბიელი მეკარე ამჟამად თურქულ "ფენერბაჰჩესთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული