სავარაუდო ტრანსფერი: გაისვრის ხამესის თოფი?

AutoSharing Option
ხამეს როდრიგესი, შესაძლოა, ლონდონში აღმოჩნდეს - ან "არსენალში", ან "ჩელსიში". ის იმდენს ვერ თამაშობს "რეალში", რამდენიც უნდა. არსენ ვენგერის კარი კი მისთვის ღიაა. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება იქნება. ჩვენს წერილში შევეცდებით, გავაანალიზოთ ამ ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მენტალიტეტი
"ჩვენ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, დიდი ტურნირების მოგების გამოცდილება", - ეს არსენ ვენგერის სიტყვებია. წლების განმავლობაში ხამეს როდრიგესი "რეალთან" ერთად მიეჩვია ტიტულების მოგებას. მერე რა, რომ ის პირველი კაცი არ იყო "სამეფო
კლუბში".

ვენგერის ამ კრიტერიუმს ხამესი ბოლომდე აკმაყოფილებს. ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად მოვიდა დრო, "არსენალმა" რაღაც ტიტული მოიგოს. კოლუმბიელს მართლა შეუძლია, გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში.

საფეხბურთო ინტელექტი
შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არსენ ვენგერის საფეხბურთო ფილოსოფიას ვერ მოერგო. ხამესის ფეხბურთი ის ფეხბურთია, რომელიც ვენგერს ძალიან უყვარს და მოსწონს. ის და სამხრეთამერიკელი უპრობლემოდ გაუგებენ ერთმანეთს.

"ჩემი ფეხბურთი არის შემოქმედებითისკენ სწრაფვა. მე მიყვარს არა მხოლოდ მოგება, არამედ ლამაზად მოგება. ჩემთვის პირველ ადგილზე დგას საფეხბურთო ესთეტიკა", - ეს ხამესის სიტყვებია. შეუძლებელია, მან და ვენგერმა ერთმანეთს ვერ გაუგონ.

ხამესის კიდევ ერთი ციტატა: "ძალიან ვაფასებ ისეთ მწვრთნელებს, რომლებიც აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებენ. ეს არის ის, რაც ამ თამაშში მთავრად მიმაჩნია. თუ შენ ბურთი გაქვს, სწორედ შენი კარნახით მიდის ყველაფერი".

ალექსისის შემცვლელი?
უფრო და უფრო ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ ალექსის სანჩესი ძალიან ახლოსაა "სიტიში" გადასვლასთან. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩილელი ვარსკვლავი აუცილებლად დატოვებს ლონდონურ კლუბს.

სანჩესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად სჭირდება შემცვლელი. თანაც, ის პირველი ხარისხის ვარსკვლავი უნდა იყოს. კოლუმბიელი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება.

რა თქმა უნდა, "არსენალის" ფანები გაბრაზდებიან ჩილელის გაყიდვის გამო. მათ გულზე მალამოდ დაედებათ ხამესის ტრანსფერი. კლუბის ხელმძღვანელობას ქომაგების ბოლომდე გადაკიდება არაფერში აწყობს. მათ ისედაც აწყენინეს გულშემატკივრების სოლიდურ ნაწილს, როცა ვენგერთან ხელშეკრულება გაახანგრძლივეს.

პირველი პრობლემა - მესუთი
საინტერესოა, როგორ გადაინაწილებენ ხამესის "არსენალში" მისვლის შემთხვევაში ფუნქციებს ის და მესუთ იოზილი. ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება იმაში, რომ ეს ორი ფეხბურთელი თავისი სათამაშო მანერით ერთმანეთს ჰგავს.

ამ შემთხვევაში გამოსავალი, ალბათ, კოლუმბიელი ფეხბურთელის მეტი უნივერსალიზმია, თორემ გერმანელი თავის საუკეთესო თვისებებს მხოლოდ მინდვრის ცენტრში რომ ავლენს, ეს ყველამ კარგად იცის.

თანაც, "არსენალის" გაჩემპიონებას უფრო იოლად წარმოვიდგენთ პრემიერლიგაში, ვიდრე იმას, რომ იოზილი, გლადიატორს ვინ ჩივის, საშუალო ფეხბურთელივით დაიწყებს ბრძოლას მინდორზე. არა იმიტომ, რომ ეზარება; არა, მან უბრალოდ არ იცის ასეთი ფეხბურთი. ან კიდევ იმას, რომ ის უნივერსალი გახდება. გერმანელი მთელ რიგ რამეებში დიდებულია და ის ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

მეორე პრობლემა - ჟინი
ბევრი მიიჩნევს, რომ "არსენალს", მისი დღევანდელობიდან გამომდინარე, ცოტა სხვანაირი ფეხბურთელი სჭირდება. რა თქმა უნდა, ხამესს სათამაშო ოსტატობას ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ აქვს კი მას ის ჟინი, რომელსაც ყველა თამაშში გვიჩვენებს ალექსისი? ალბათ, არა.

ეს შეიძლება მართლაც პრობლემად იქცეს "არსენალისათვის". მთელ რიგ შემთხვევებში გუნდს მხოლოდ ჩილელის თავდადება არ ჰყოფნიდა. ხამესი ისეთი ფლეგმა არაა, როგორიც მესუთი, მაგრამ არც ისეთი ჟინიანია, როგორც ალექსისი.

თუ სანჩესი წავა, ხამესი მოვა და იოზილი დარჩება, ვენგერს აუცილებლად მოუწევს ისეთი საყრდენი ნახევარმცველის ყიდვა, რომელიც მინდვრის ცენტრში ჯარასავით იტრიალებს, შეასრულებს "შავ" სამუშაოს და ნახევარდაცვას შეკრავს.

კლოდ მაკელელე და პატრიკ ვიეირა დღეს ფეხბურთს აღარ თამაშობენ, მაგრამ ასეთი მოთამაშის პოვნა მაინც შეიძლება. მაგალითად, კლასიანი აფრიკელი ან აფრიკული ფესვების საყრდენის, რომელიც თუ მთლად ნგოლო კანტე არა, მასთან მიმსგავსებული კადრი მაინც იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული