დიეგო კოშტა: ანტონიო კონტე "ჩელსიდან" მაგდებს

AutoSharing Option
დიეგო კოშტა "ჩელსის" დატოვებს - ბრაზილიური წარმოშობის ესპანელის თქმით, "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მას განუცხადა - აღარ მჭირდები და წადი, ახალი გუნდი მოძებნეო.

ის, რომ დიეგო "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებდა, ივარაუდებოდა, მაგრამ თუ ასეთი პირდაპირი ინიციატივა და მესიჯი კლუბისგან და კონკრეტულად მწვრთნელისგან წამოვიდოდა, მაინც ცოტა ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.

თითქოს, განშორება ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო და ისე შეფუთულიყო, რომ დიეგო კარგი ხელფასის ხათრით ჩინეთს მიაშურებდა, სადაც ზამთარშიც ეპატიჟებოდნენ და ვინ იცის, მაშინ კონტესთან მცირე კონფლიქტმა საბოლოოდ აქ ამოყო თავი, რადგან ანტონიო ასეთ რაღაცებს
ადვილად არ ივიწყებს და პატიება არ უყვარს.

ფაქტია, რომ ახლა ისე გამოდის, რომ თითქოს, დიეგოს წასვლა არ უნდა და ძალით აგდებენ. არადა, ის წინა სეზონში შესანიშნავი იყო, განსაკუთრებით, პირველ წრეში და გუნდს 35 პრემიერლიგურ მატჩში 20 გოლითაც შეეწია.

პარალელურად, "ჩელსი" ფორვარდის მოყვანაზე მუშაობას აგრძელებს, რომელუ ლუკაკუს თამადობით, უამრავი კანდიდატია და ადვილი მისახვედრია ის, რომ დიდ თანხას კლუბი იმიტომ არ გადაიხდის ცენტრფორვარდში, რომ ის სათადარიგოთა სკამზე დასვას, ხოლო "კონტისიმე" ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით არ ითამაშებს, ანუ… მივედით იქ, საიდანაც დავიწყეთ - დიეგო კოშტა უნდა წავიდეს.

"მე "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდს აღარ ვჭირდები. ანტონიო კონტემ მესიჯით მომახსენა, რომ "ჩელსის" გეგმებში არ ვჯდები, კლუბის პოლიტიკაში არ ვეწერები და მომავალ სეზონში ის მე აღარ დამეყრდნობა. წელს მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, რაც დასანანია. მისი მესიჯი - გუნდი უნდა იპოვოო - უკვე გადავუგზავნე "ჩელსიში" შესაბამის ხალხს. მათ უნდა გადაწყვიტონ" - ამბობს დიეგო.

კოშტას, ჩინეთის გარდა, მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნების ვარიანტიც აქვს, "ათლეტები" და მათი თავკაცი დიეგო სიმეონე არ მალავდა და რომ სეხნიას სიამოვნებით მიიღებდა უკან და ჩაიხუტებდა. თუმცა ახლა ერთი პრობლემაა - "ატლეტიკოს" იანვრამდე ფეხბურთელების დამატება დისკვალიფიკაციის გამო არ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "ლურჯებმა" სწორედ "ათლეტებისგან" იყიდეს დიეგო 32 მილიონ ფუნტად.

"ხუთი თვე უფეხბურთოდ? რთულია. ასეთ ნაბიჯზე წასვლა ძნელი იქნება. სხვა მხრივ, ყველამ იცის, რომ "ატლეტიკო" მიყვარს და მადრიდში ცხოვრება მომწონს. უბრალოდ, მსოფლიოს ჩემპიონატი მოდის და უამრავ ფაქტორზე უნდა ვიფიქრო. დაბრუნება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ 4-5 თვე უთამაშებლობა და მერე ფორმის აღდგენა ძნელია, ამ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდება.

სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, პრობლემა ამაშია" - განაცხადა დიეგომ. ბოლოს დაიწერა, რომ ესპანელი "მილანსაც" სურს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული