ინგლისის ნაკრები: უეინ რუნის ნაკრები მორჩა?

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი გაანცხადს მიღმა დარჩა. ეს ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა და ამ კითხვით გარეთ საუთგეიტს არ აძლევენ მოსვენებას - ესაუბრეთ თუ არა რუნის განაცხადის გამომზეურებამდე და არგამოძახების მიზეზი თუ აუხსენითო. ამ შეკითხვას საუთგეიტმა ცივად და მოკლედ უპასუხა - არა.

ამის გამო მას ზოგმა უკვე დააბრალა "უცერემონიობა" და "უპატივცემულობა". მერე კი, მისტერ გარეთმა ისეთები თქვა… უეინს ეს არ მოეწონებოდა. საუთგეიტმა აქამდე ლაკონურად აღნიშნა, რომ რუნის არგამოძახების მიზეზი ის გახლდათ, რომ "სხვები კარგ ფორმაში არიან".
ახლა კი დაამატა, რომ უეინის ნაკრებში დაბრუნებას "არ გამორიცხავს", თუ ის ისეთ სათამაშო ფორმაში შევა, რომელიც ნაკრებს დააკმაყოფილებს. მოკლედ, კომპლიმენტებთან ერთად, საუთგეიტმა ისეთი რაღაცები თქვა, რომ შეგვიძლია თამამად ვივირაუდოთ - იგი არც იმას გამორიცხავს, რომ რუნიმ ნაკრებში საერთოდ აღარ ითამაშოს. 31 წლის უეინს 53 ბურთი 119 შეხვედრაში აქვს გატანილი და ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, იგი მხოლოდ პიტერ შილტონს (125) ჩამორჩება.

"რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ, რომ რუნი ნაკრებს დაუბრუნდეს. მისი კლასისა და გამოცდილების ფეხბურთელს შეუძლია ისევ ისეთ ფორმაში შევიდეს, რომ ეს დაიმსახუროს. მე დიდ პატივს ვცემ იმ ყველაფერს, რაც უეინს აქვს გაკეთებული და ამიტომაც არ ვსაუბრობ მასზე წარსულში. ვიმედოვნებ, იგი ინგლისის ნაკრების მომავალი თავგადასავლების მონაწილე იქნება. უეინის ხასიათი კარგად ვიცი, ის აუცილებლად იმუშავებს საკუთარ თავზე და შეეცდება, დაამტკიცოს, რომ სხვები ცდებიან, მენტალურად ის ძალიან ძლიერია და სირთულეების დაძლევა ეხერხება" - აღნიშნა საუთგეიტმა.

საკითხი მართლაც დელიკატურია. 2003 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც რუნის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, იგი პირველად დატოვეს განაცხადს მიღმა. იმაზე, რომ უეინი შეიძლებოდა აღარ გამოეძახათ, ბევრს ლაპარაკობდნენ. ნელ-ნელა სათადარიგოთა სკამზეც დაუწყეს დასმა, მაგრამ პირველმა საუთგეიტმა გაბედა და იგი საერთოდ აღარ გამოიძახა. უეინი გასულ სეზონში, კონკრეტულად პრემიერლიგაში, სულ რაღაც 15-ჯერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და შესაძლოა, "წითელი ეშმაკები" სულაც დატოვოს.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა ელის უეინს "მანჩესტერში" და შესაბამისად, ვერც იმას ვამბობ, შევა თუ არა იგი ჩვენს გეგმებში. მან ამ ზაფხულს დიდი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ნაკრების მწვრთნელს ყოველთვის უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშონ და სათამაშო პრაქტიკა არ აკლდეთ" - თქვა საუთგეიტმა.

ინგლისელთა თავკაცმა დაადასტურა ისიც, რომ "ლივერპულის" მცველი ნათანიელ კლაინი ნაკრებს გამოაკლდა, რადგან ტრავმა მიიღო. თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისედაც მიწვეულნი იყვნენ "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველები - კაილ უოკერი და კირან ტრიპიერი.

მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, დენი როუზი დაშავებულია, მაგრამ ჯანზეა რაიან ბერტრანი და მიწვევა მიიღო "ვესტ ჰემის" აარონ კრისუელმა.

რუნის არყოფნაში ღიაა კიდევ ერთი საკითხი - კონკრეტულად კი, თუ ვინ იქნება კაპიტანი. ნაკრებს აქამდე უკვე უკაპიტნეს გარი კეჰილმა და ჯო ჰარტმა. მისტერ გარეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვინ იქნება კაპიტანი, მაგრამ ირწმუნება, რომ კანდიდატი ბევრია.

"ჩვენ ძალიან ბევრი პოტენციური ლიდერი გვყავს, რაც ძალიან კარგია, რადგან როგორც წესი, ერთ ფეხბურთელს ეყრდნობიან ხოლმე, ხოლო როცა ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ბევრი მოთამაშე გყავს, ძალიან სასიამოვნოა" - დაამატა საუთგეიტმა.

10 ივნისს ინგლისელები "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიას შეებმებიან პრინციპულ დუელში, ხოლო 13-ში "სტად დე ფრენსზე" ამხანაგურად ითამაშებენ საფრანგეთთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული