საუკეთესო საუკეთესოთა შორის ინგლისში: კანტე პირველია

AutoSharing Option
პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ, ტრადიციულად, პრემიერლიგის "წლის ფეხბურთელი" გამოავლინა. 2016/17 წლების სეზონში საუკეთესო ნ’გოლო კანტე გახდა.

ფრანგი ნახევარმცველის შრომისუნარიანობა და საოცარი პროდუქტიულობა, ბოლოს და ბოლოს, დაფასდა. ის "ლესტერშიც" შეუდარებელი გახლდათ და ჯეიმი ვარდისა და რიად მაჰრეზის ჩრდილში მოქცეული, რეალურად გუნდის ხერხემალს წარმოადგენდა და ახლა "ჩელსისაც" ისე მოერგო, ვითომც არაფერი და ახლა "ლურჯები" ხდებიან ჩემპიონები.

თუმც მოვლენებს მაინც ნუ გავასწრებთ წინ, "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს "ტოტენჰემი" ებრძვის, რომელმაც სიტუაცია ცოტათი დაძაბა და სწორედ "დეზების" დელე ალი გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა, რაც ინგლისელმა ნამდვილად
დაიმსახურა და ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა ეს ჯილდო.

ალი მეორე სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 16 გოლი აქვს გატანილი, არადა, ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, თანაც ახალგაზრდაზე. მოკლედ, ორივე მოთამაშე ამ ჯილდოს იმსახურებდა. იყვნენ სხვა კანდიდატებიც - 26 წლის კანტემ ხმებით ედენ აზარს, ჰარი კეინს, რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა. ალის ამდენი კონკურენტი არ ჰყოლია, ის უფრო გამოკვეთილად გახლდათ საუკეთესო ახალგაზრდებში.

ქალთა შორის საუკეთესოდ "მანჩესტერ სიტის" ლუსი ბრონზი დასახელდა, ხოლო "ბირმინგემის" ჯეს კარტერი ახალგაზრდათა შორის მოგვევლინა პირველ ნომრად.

"ეს დიდი პატივია. ძალიან, ძალიან ამაყი ვარ! როდესაც საუკეთესოდ ფეხბურთელები დაგასახელებენ, ორმაგად სასიხარულოა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და ამიტომ ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მადლობა მათ და ფანებს" - თქვა კანტემ.
"მართლაც საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სხვა მოთამაშეები გამოგარჩევენ. ძალიან მიხარია, რომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ მხვდა წილად და მიხარია ისიც, რომ ეს გუნდის კარგ თამაშს ნიშნავს, ჩვენ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და იმედია, ბოლომდე მივალთ" - აღნიშნა 21 წლის ალიმ.

დამსახურებისთვის გადაცემული "ოსკარისა" არ იყოს, განსაკუთრებული ჯილდო მამაკაცთა შორის ლეგენდარულმა დევიდ ბექჰემმა მოიპოვა, ხოლო ქალთა შორის - კელი სმითმა. ბექჰემს დიდი წარდგენა არ სჭირდება, სმითი კი თავის დროზე, პირველი პროფესიონალი ინგლისელი ქალი ფეხბურთელი გახდა, როდესაც 1999 წელს ამერიკულ "ნიუ ჯერსიში" გადავიდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის სეზონის სიმბოლურ ნაკრებსაც, სადაც "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" 4-4 ფეხბურთელი მოხვდა, თითოც "მანჩესტერის", "ლივერპულისა" და "ევერტონის". ნაკრებში ვერ მოხვდა "არსენალის" ვერც ერთი მოთამაშე, ვერც ალექსის სანჩესი, რამაც დავა-კამათი გამოიწვია. სიმბოლურს მიღმა დარჩა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კიდევ არაერთი კარგი მოთამაშე, იგივე ფილიპე კოუტინიო.

წლის სიმბოლური ნაკრები: დე ხეა (მანჩესტერი) - როუზი (ტოტენჰემი), კეჰილი (ჩელსი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), უოკერი (ტოტენჰემი) - კანტე (ჩელსი), ალი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული), აზარი (ჩელსი) - კეინი (ტოტენჰემი), ლუკაკუ (ევერტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული