ასოციაციის თასი: საუკუნეში მეშვიდედ, ოთხ სეზონში მესამედ... [VIDEO]

AutoSharing Option
ამ სეზონში "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" ერთმანეთში ყველა ანგარიში გაასწორეს - პრემიერლიგაში 3-3 ქულა გაიყვეს, სათასო ნახევარფინალში კი უძლიერესმა გაიმარჯვა. მაგრამ "ჩელსიმ" ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემპიონატშიც არ ჰყავს ბადალი და ტყუილად არ ეპყრა ლიდერობა ოქტომბრიდან მოყოლებული...

ინგლისში სათასო ბატალიებს, ტრადიციულად, დიდ პატივს სცემენ, თუმცა დღეს ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი - პრემიერლიგაც ფინიშს უახლოვდება და გადამწყვეტი მატჩებისთვის მთავარი ფიგურები ფორმაში უნდა იყვნენ.

ამიტომაც მისცა ანტონიო კონტემ თავს უფლება, დიეგო კოშტა და ედენ აზარი თავიდან რეზერვში გაემწესებინა. მისი ვიზავი მაურისიო პოჩეტინო კი
ვერ დაიკვეხნის იმხელა რესურსით, ამ რანგის მეტოქესთან ბრძოლაში ვინმესთვის დასვენების საშუალება რომ მიეცა...

დრამატული დაპირისპირების გასაღები, თუ გნებავთ - "ჯოკერი", კონტეს სწორედ რეზერვში ჰყავდა - აზარმა, როგორც იტყვიან ხოლმე, "გააკეთა" თამაში და გახდა ფინალის საგზურის მთავარი გარანტორი.

ბელგიელმა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ჯერ თავად შეაგდო საჯარიმოს ხაზიდან, მერე კი ნემანია მატიჩს დაუგორა დასარტყმელად და სერბმაც ისეთი გოლი შეაგდო "ცხრიანში" 25 მეტრიდან, აზარის პასს რომ ეკადრებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, "ტოტენჰემმა" ზედიზედ მე-7 ნახევარფინალი წააგო და ეს მაშინ, როცა "ჩელსიმ" ამ საუკუნეში ყველაზე მეტჯერ (7) მოიპოვა ტურნირის დასკვნით მატჩში მონაწილეობის უფლება... ოღონდ, კვირამდე, რადგან "არსენალს" ჰქონდა შანსი, ამ შედეგს გატოლებოდა...

ჰქონდა და გამოიყენა კიდეც - "მეთოფეებმა" დაძაბულ 120-წუთიან დაპირისპირებაში "მანჩესტერ სიტი" ჩამოიცილეს გზიდან და ბოლო ოთხ სეზონში მესამედ გავიდნენ ასოციაციის თასის ფინალში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერსაც გაუჩნდა შანსი, სეზონი ხელცარიელმა არ დაასრულოს, ან მეტიც - "არსენალიდან" თასით წავიდეს... თუმცა ეს სხვა თემაა. დღეს კი ერთი რამის თქმა შეგვიძლია ზუსტად - 27 მაისს, თასის ფინალში, დიდი ლონდონური ჯახია: "ჩელსი"-"არსენალი".

ასოციაციის თასი. 1/2-ფინალი
ჩელსი-ტოტენჰემი 4:2
გოლები: 1:0 ვილიანი (5), 1:1 კეინი (18), 2:1 ვილიანი (43-პენ), 2:2 ალი (52), 3:2 აზარი (75), 4:2 მატიჩი (80)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, აკე - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - ვილიანი (61. აზარი), პედრო (74. ფაბრეგასი), ბაჩუაი (61. დიეგო კოშტა).
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ვანიამა (80. ნკუდუ), დემბელე, სონი (86. უოლკერი) - ერიქსენი, ალი - კეინი.
მაყურებელი: 86 355 (უემბლი)

არსენალი-სიტი 1:1, დ. დ. 2:1
გოლები: 0:1 აგუერო (62), 1:1 მონრეალი (72), 2:1 სანჩესი (100)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - გაბრიელი, კოსიელნი, ჰოლდინგი - რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (106. ბელერინი), ჯაკა, მონრეალი - იოზილი (119. კოკელენი), სანჩესი - ჟირუ (83. უელბეკი).
სიტი (4-2-3-1): ბრავო - ნავასი, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო (99. ფერნანდო), ტურე - დე ბრუინი, დავიდ სილვა (23. სტერლინგი), სანე - აგუერო (99. დელფი).
მაყურებელი: 85 725 (უემბლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული