პრემიერლიგა. XXXIV ტური. გახსოვვარ, იურგენ? [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალების გამო ამ უქმეებზე პრემიერლიგის ტური შეკვეცილი გამოვიდა.

შაბათს აქ ისეთი თამაშები იყო, ნერწყვს რომ არ მოგადენს კაცს, თუმცა ყველა მატჩს თავისი ინტრიგა ჰქონდა - ვინ გავარდება, ვინ დარჩება... ესეც ხომ საინტერესოა?

მოგვიანებით კი ისეთი თამაში შედგა, მთელ ტურს რომ გადასწონიდა - "ჩელსი"და "ტოტენჰემი" ფინალის საგზურს ეცილებოდნენ ერთმანეთს. ამ ლონდონურ გიგანტებს შორის პრემიერლიგის ტიტულისთვის ჯახი ისე გამძაფრდა, სათასო ბრძოლამ დამატებითი ეშხი შეიძინა...

მაგრამ ამაზე მერე, ახლა პრემიერლიგის სეკვესტრირებულ ტურზე უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ ჯერ ის ვთქვათ, რამაც
სათასო და საჩემპიონატო პაექრობები გააერთიანა - ინგლისის ყველა სტადიონზე პატივი მიაგეს უგო ეჰიოგუს ხსოვნას.

"ასტონ ვილას", "მიდლსბროსა" და ინგლისის ნაკრების (4 მატჩი, 1 გოლი) ყოფილი ცენტრალური მცველი, რომელიც ბოლო დრომდე "ტოტენჰემის" 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, 21 აპრილს, საწვრთნელი პროცესის დროს, მოედანზე გულის შეტევით გარდაიცვალა...

...ძალიან უსახური გამოვიდა "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" მატჩი (შედეგიც შესაფერისი იყო - 0:0). შედარებით უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ, თუმცა არ წაუვიდა თამაში "ევერტონისა" და მიმდინარე პრემიერლიგის მთავარმეგოლე რომელუ ლუკაკუს, რაც დიდი შეღავათი იყო "ჩაქუჩებისთვის".

არადა, ნახეთ, რა აღმოაჩინეს სტატისტიკოსებმა - რაც "ევერტონშია", ეს იყო პირველი შემთხვევა ბელგიელი ფორვარდისთვის, "ვესტ ჰემს" გოლი რომ ვერ გაუტანა. თუმცა ამას ვინ დაეძებს - ზედიზედ მესამე საგარეო მატჩია, ლუკაკუს კარის ჩარჩოზეც ვერ გაუსწორებია სამიზნე...

"მიდლსბრომ" 0:4 წააგო "ბორნმუთთან" საგარეო მატჩში, რითიც, ფაქტობრივად, ხელი მოაწერა ჩემპიონშიპში დაბრუნებაზე. საპირისპიროდ ამისა, ედი ჰაუს გუნდს 38 ქულა დაუგროვდა და ამ სიტუაციაში ეს სერიოზული გარანტიაა ელიტაში დასარჩენად (პრაქტიკა აჩვენებს, რომ საამისოდ, 40-41 ქულა კმარა).

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მთელი 70 წუთის განმავლობაში "ბორომ" 10 კაცით (გასტონ რამირესმა პირველ 20 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება "მოახერხა") ითამაშა, თუმცა თავსაც ვერავინ დასდებს იმაზე, რომ სწორედ ეს იყო რივერსაიდელთა მარცხის მთავარი მიზეზი...

საკუთარ მოედანზე შედეგიანობის (31) მხრივ, "ბორნმუთი" მეხუთეა დღევანდელ პრემიერლიგაში - "ტოტენჰემის (43), "ევერტონის", "ლივერპულისა" (ორივე - 41) და "ჩელსის" (39) შემდეგ.

"მიდლსბროსი" არ იყოს, თამაშის დიდი ნაწილი (65 წუთი) კაცნაკლულმა გაატარა "ჰალმაც", ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ საკუთარ მოედანზე იყო და თან ფხაც მეტი გამოიჩინა. ისე, ფორვარდ უმარ ნიასეს გაძევება ზოგიერთი ექსპერტისთვის საკამათო გადაწყვეტილება იყო - ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდაო...

ასე თუ ისე, "ჰალმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა გაიფორმა ლამის 100 პროცენტით გადარჩენილ "უოტფორდთან", თუმცა, ჯერჯერობით, გავარდნის რეალურ კანდიდატად რჩება.

მარკო სილვას საქმიანობა ამ მომენტისთვის მაინც დასაფასებელია - რაც პორტუგალიელი "ჰალის" სათავეშია, მის გუნდზე მეტი საშინაო ქულა მხოლოდ "ევერტონმა" და "ტოტენჰემმა" დააგროვეს.

პარალელურ მატჩში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "სუონსიმ", თუმცა "ჰალის" გამარჯვების გამო გასავარდნი ზონიდან ვერ ამოძვრა. "სტოკმა" კი ზედიზედ მეექვსე "მშრალი" საგარეო მატჩი ჩაატარა, რაც ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა 1997 წლის შემდეგ.

კვირას "მანჩესტერმა" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ბარნლიში და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის წონაში მოსახვედრად.

გრძელდება "იუნაიტედის" წაუგებელი სერიაც, რომელმაც უკვე 23 მატჩს (13 მოგება, 10 ფრე) უწია და პრემიერლიგის სარეკორდო მაჩვენებელს (იგულისხმება ერთი სეზონის მასშტაბით) მიუახლოვდა - 2010/11 წლების კამპანიისას იმავე "იუნაიტედის" დაუმარცხებელი ციკლი 24 მატჩზე გაიწელა...

მძიმედ დაშავებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნაში, ჟოზე მოურინიომ ძირითადში დააბრუნა უეინ რუნი, რომელმაც ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. ეს იყო კაპიტნის პირველი გოლი იანვრის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულმა" შინ სემ ელარდაისის "კრისტალ პალასთან" წააგო და საჩემპიონთალიგო ამბავში ძალიან გაირთულა საქმე. მართალია, იურგენ კლოპის სამწყსო ორივე მანჩესტერულ გუნდს უსწრებს, მაგრამ ამათ ორი მატჩი აქვთ რეზერვში.

"კრისტალ პალასს" რაც შეეხება, გაგიკვირდებათ და, "არწივებმა" "ლივერპულს" ზედიზედ მესამედ მოუგეს "ენფილდზე", კრისტიან ბენტეკემ კი თავის ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და თითქოს "შესძახა" კლოპს - გახსოვვარ, იურგენ? არადა, ეს ის ბენტეკეა, "ლივერპულიდან" სწორედ კლოპის გამო რომ გაუშვეს - სქემაში ვერ ჯდებაო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXIV ტური
ბორნმუთი-მიდლსბრო 4:0
გოლები: 1:0 ჯ. კინგი (2), 2:0 აფობე (16), 3:0 პაფი (65), 4:0 დენიელსი (71)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმითი, ფრენსისი, ს. კუკი, დანიელსი - ფრეიზერი (72. სტანისლასი), არტერი, გოსლინგი (44. ლ. კუკი), პაფი - ჯ. კინგი (84. მუსე) - აფობე
მიდლსბრო (5-4-1): გუსანი - ბარაგანი (23. ფორშოუ), აიალა, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - რამირესი, დე როონი (38. ფაბიო), კლეიტონი, დაუნინგი - ნეგრედო (80. გესტედე)
გაძევება: რამირესი (20. მიდლსბრო)
მაყურებელი: 11 264

ჰალი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 მარკოვიჩი (62), 2:0 კლუკასი (72)
ჰალი (4-4-1-1): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი, რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - მარკოვიჩი (82. ჰადლსტოუნი), კლუკასი, ნდიაიე, გროსიცკი - ევანდრო (46. ერნანდესი) - ნიასე
უოტფორდი (4-2-3-1): გომეში - იანმაატი, პრიოდლი, ბრიტოსი, ჰოლებასი (87. სუნიგა) - ქლევერლი, დუკური (74. ოკაკა) - ამრაბატი, კაპუ, ნიანგი - დინი
გაძევება: ნიასე (25)
მაყურებელი: 20 432

სუონსი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 ლორენტე (10), 2:0 ტ. ქეროლი (70)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი - ფერი (20. კი), ბრაიტონი (85. ბასტონი), ტ. ქეროლი - ჯ. აიუ, სიგურდსონი, ლორენტე (59. ვან დერ ჰოორნი)
სტოკი (4-4-2): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - შაქირი, ქემერონი, ალენი, არნაუტოვიჩი (84. დიუფი) - კრაუჩი, ბერაჰინო (77. სობი)
გამოუყენებელი პენალტი: არნაუტოვიჩი (68)
მაყურებელი: 20 566

ვესტ ჰემი-ევერტონი 0:0
ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი - ფონტე, რიდი, კოლინზი - კუიატე (79. კრისუელი), ნორდტვეიტი, ე. ფერნანდესი, მასუაკუ - ა. აიუ, ლანძინი, კალერი (62. სახო)
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე (46. ლუკმენი), შნაიდერლინი, ტ. დევისი (46. ბერი) - ბარკლი, მირალასი (72. კალვერტ-ლიუინი), ლუკაკუ
მაყურებელი: 56 162

ბარნლი-მანჩესტერ იუნ 0:2
გოლები: 0:1 მარსიალი (21), 0:2 რუნი (39)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მიი (46. ტარკოვსკი), ს. უარდი - ბოიდი (62. გუდმუნდსონი), ბარტონი, ჰენდრიკი, ბრეიდი - ე. გრეი, ბარნსი (76. აგიეი)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ერერა, ფელაინი, პოგბა (90. ქერიკი) - ლინგარდი (70. რაშფორდი), რუნი, მარსიალი (80. მხითარიანი).
მაყურებელი: 21 870

ლივერპული-კრ. პალასი 1:2
გოლები: 1:0 კოუტინიო (24), 1:1 ბენტეკე (43), 1:2 ბენტეკე (74)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი (84. გრუჯიჩი), მატიპი, ლოვრენი (79. ალექსანდერ-არნოლდი), მილნერი (82. მორენო) - ვეინალდუმი, ლუკას ლეივა, ჩანი - ფირმინო, კოუტინიო, ორიგი
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, ტომკინსი, შლუპი - კაბაი (83. დელენი), მილივოიევიჩი - ზაჰა (78. ვან აანჰოლტი), ფენჩენი, თაუნსენდი - ბენტეკე (88. კემპბელი)
მაყურებელი: 53 086

სამშაბათი. 25 აპრილი
ჩელსი-საუთჰემპტონი 22:45

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - დელე ალი (ტოტენჰემი).

გამოტოვებული მატჩები
26 აპრილი:
არსენალი-ლესტერი, მიდლსბრო-სანდერლენდი, კრ. პალასი-ტოტენჰემი;

27 აპრილი:
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი.

მომდევნო ტური
29 აპრილი:
საუთჰემპტონი-ჰალი, სტოკი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-ბორნმუთი, ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი, კრ. პალასი-ბარნლი;

30 აპრილი:
მანჩესტერ იუნ-სუონსი, ევერტონი-ჩელსი, მიდლსბრო-მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი-არსენალი;

1-ლი მაისი:
უოტფორდი-ლივერპული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული