გუშინ და დღეს: კიდევ ერთხელ იორკშირელ ხულიგნებზე...

AutoSharing Option
ამ დღეებში ინგლისს არც მთლად უსაფუძვლო მოლოდინი ჰქონდა, რომ "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგის ნახევაფინალში გავიდოდა. "მელიებმა" მადრიდის "ვისენტე კალდერონზე" 0:1 წააგეს და პერსპექტივა სულაც არ იყო უიმედო, მაგრამ... კრეიგ შექსპირის ბიჭებმა, უდიდესი თავდადებისა და არა ერთი საგოლე შანსის მიუხედავად, "ატლეტიკოს" ბარიერი ვერ დაძლიეს (1:1), თუმცა საერთო შეფასება მაინც პოზიტიურია - თავის პირველ საჩემპიონთალიგო კამპანიაში "ლესტერმა" ღირსეულად ითამაშა...

"ლესტერის" მაგალითზე, ინგლისელებმა გაიხსენეს 2000-იანი წლების დასაწყისის "ლიდსი", "ხულიგანი" ბიჭების ძალიან სიმპათიური გუნდი, რომელმაც ევროპა აალაპარაკა და მიაღწია იმ სიმაღლეს, რაც დღევანდელი "ლესტერისთვის" მიუწვდომელი
აღმოჩნდა.

2000/01 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში "ლიდსმა" დაამარცხა "მილანი", "ლაციო", მაგრამ ვეღარ გაუმკლავდა ექტორ კუპერის "ვალენსიას", ვისთანაც "მესტალიაზე" საპასუხო მატჩში 0:3 დამარცხდა და ტურნირს ნახევარფინალში დაემშვიდობა.

მოდი, ვნახოთ, სად წავიდ-წამოვიდნენ და რას აკეთებენ დღეს დევიდ ო'ლირის ბრწყინვალე გუნდის მოთამაშეები...

ნაიჯელ მარტინი
მეკარე. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ნაიჯელ მარტინმა 23 მატჩი ჩაატარა. 2003 წელს "ლიდსი" დატოვა და "ევერტონში" გადავიდა. ტრავმის გამო, 2005/06 წლების სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდა საფეხბურთო კარიერაში.

ამჟამად, ნაიჯელ მარტინი კრიკეტის კლუბ "იორკშირის" ერთ-ერთი მეწილეა.

დენი მილზი
მარჯვენა მცველი. იმ პერიოდში ალბიონზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის ამპლუაში და სვენ-გორან ერიქსონმა აკი 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც იახლა, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ეს გარი ნევილის ტრავმის გამო მოხდა...
2003 წელს, როცა "ლიდსს" ფინანსურმა კრიზისმა დარია ხელი, დენი მილზი "მიდლსბროში" გაანათხოვრეს, კარიერა კი 2008 წელს "დერბი ქაუნთიში" დაასრულა.

დღესდღეობით, ის BBC-ის საფეხბურთო ექსპერტია, პარალელურად მუშაობს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის კომიტეტში, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების მოძიება-განვითარებას კურირებს.

იან ჰარტი
მარცხენა მცველი. ირლანდიელი "სტანდარტულების" დიდოსტატი იყო. 2004 წელს, როცა ფინანსურად დაუძლურებული "ლიდსი" პრემიერლიგიდან გავარდა, იან ჰარტი ესპანურ პრიმერაში ახალაღზევებულ "ლევანტეში" აღმოჩნდა.

2007 წელს დაბრუნდა პრემიერლიგაში ("სანდერლენდი"), 2015 წელს კი, 37 წლისა, "ბორნმუნთს" ინგლისური ელიტის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა და ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.
დღესდღეობით, ჰარტი საფეხბურთო აგენტად საქმიანობს.

დომინიკ მატეო
ცენტრალური მცველი. ის კარგად თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც. 2004 წელს დომინიკ მატეო "ლიდსიდან" "ბლექბერნში" გადავიდა, კარიერა კი 2009 წელს "სტოკის" ფეხბურთელის რანგში დაასრულა.

ამის შემდეგ, მის ცხოვრებაში დიდი კატაკლიზმები მოხდა. აზარტული თამაშებით გატაცებული მატეო გაკოტრდა და მილიონ ფუნტზე მეტი ვალი დაედო. ამ ამბების კვალდაკვალ მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც შეცდომები აღიარა და, როგორც თავად თქვა, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.

რიო ფერდინანდი
ცენტრალური მცველი. მას "ლიდსის" შემდეგაც მდიდარი კარიერა ჰქონდა. 2002 წელს, როცა "ლიდსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 30 მილიონ ფუნტად გადავიდა, იმ დროისთვის რიო ფერდინანდი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იყო.

"ოლდ ტრაფორდზე" მან ჯამში 15 ტიტული მოიგო. ბოლო წლებში მუშაობს BBC-ის ექსპერტად. 2015 წელს მეუღლე გარდაეცვალა...

ლი ბოუიერი
ნახევარმცველი. მას არ უთამაშია "ვალენსიასთან" საპაუხო ნახევარფინალში, "ელანდ როუდზე" ხუან სანჩესისგან მიყენებული სერიოზული ტრავმის გამო...

მის გარშემო ყოველთვის ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო. წარუმატებელი გამოდგა მისი ტრანსფერი "ვესტ ჰემში". 2003 წელს ლი ბოუიერი გადავიდა "ნიუკასლში", სადაც ხალხს თავი თანაგუნდელ კირონ დაიერთან ჩხუბით დაამახსოვრა.

დღესდღეობით, ბოუიერი ცხოვრობს საფრანგეთში, კერძოდ, შამპანის რეგიონში, სადაც ავტოსამრეცხაოს პატრონია.

ერიკ ბაკე
ნახევარმცველი. ნორვეგიელმა 2005/06 წლების სეზონი "ასტონ ვილაში" გაატარა, რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში და იქაურ "ბრანში" ჩაირიცხა. აქტიური საფეხბურთო კარიერა რომ დაასრულა, ბაკემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და თავისი სიყრმისდროინდელი "სოგნდალის" თავკაცად დაინიშნა. 2015 წელს მან ეს გუნდი ნორვეგიის ტოპდივიზიონში აღაზევა.

ჰარი კიუელი
მარცხენა გარემარბი. რეაქტიული ავსტრალიელი, რომელსაც ცოტა ხნის წინათ "თავისი დროის გარეთ ბეილი" უწოდეს. "ლიდსის" დაშლის შემდეგ ის გადავიდა "ლივერპულში", სადაც იმ გუნდის ნაწილი გახდა, 2005 წელს სტაბოლში სასწაული რომ მოახდინა - "მილანთან" ფინალურ მატჩში 3-ბურთიანი დეფიციტი გააბათილა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კარიერის ბოლო წლები მან სამშობლოში, კერძოდ, "მელბურნ ჰარტში" გაატარა. ახლახან კი, ჰარი კიუელი ინგლისური "უოტფორდის" 23-წლამდელთა მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ოლივიე დაკური
ნახევარმცველი. იმ წლებში, ფრანგმა თავი გამოიჩინა მწვრთნელ ტერი ვენეიბლზთან საჯარო კონფლიქტითაც, რის შემდეგაც 2003 წელს დატოვა "ელანდ როუდი" და "რომას" მიაშურა. მერე ითამაშა "ინტერში" და ცოტა ხნით "ფულჰემშიც", კარიერა კი 2010 წელს ბელგიურ "სტანდარდში" დაასრულა.

დღესდღეობით, ოლივიე დაკური საფრანგეთში საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.

დევიდ ბეტი
ნახევარმცველი. იორკშირულ გუნდში ის 1986-93 წლებშიც თამაშობდა, 2001 წლის ნახევარფინალის შემდეგ კი "ლიდსში" კიდევ 3 წელიწადით გაჩერდა და პენსიაში გავიდა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, იყო ევრო 92-ისა და 1998 წლის მუნდიალის მონაწილე.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, დევიდ ბეტი ამ სფეროდან მაქსიმალურად დისტანცირებულია. მონაწილეობდა კიბოს საწინააღმდეგო სარეკლამო რგოლებში, იყო რამდენიმე საქველმოქმედო მატჩის ორგანიზატორი...

მარკ ვიდუკა
ფორვარდი. კიდევ ერთი ავსტრალიელი, რომელმაც "ლიდსში" ღრმა კვალი დატოვა. 2003/04 წლების სეზონში 12 გოლი გაიტანა, მაგრამ იორკშირული გუნდი გავარდნისგან მაინც ვერ იხსნა. შემდეგ გაყიდეს "მიდლსბროში", კარიერა კი 2009 წელს "ნიუკასლში" დაასრულა.

ამის მერე მარკ ვიდუკა დაბრუნდა ავსტრალიაში (ამ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო 2006 წელს მუნდიალზე, სულ კი "კენგურუებში" 43 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა) და მუშაობა დაიწყო "მელბურნ ნაითსის" ასაკობრივი გუნდების მწვრთნელად.

ალან სმითი
ფორვარდი. ბრწყინვალე ტალანტი, რომელსაც მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხშირად ტრავმების, ხშირად კი რეჟიმთან მწყრალად ყოფნის გამო, დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწია. 2004 წელს ალან სმითი წავიდა საკუთარი სიტყვების წინააღმდეგ და... აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც 2007 წლის ჩათვლით სულ 7 გოლი (61 მატჩში) გაიტანა.

იმ "ლიდსის" შემადგენლობიდან ის ერთადერთია, რომელიც დღესაც აგორებს ბურთს - მეორე ლიგის ბინადარ "ნოთს ქაუნთის" მოთამაშე-მწვრთნელი გახლავთ.

დევიდ ო'ლირი
მწვრთნელი. ინგლისში დაბადებულმა დევიდ ო'ლირიმ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 68 მატჩი ჩაატარა. "ლიდსის" მთავარმა შემოქმედმა "ელანდ როუდზე" 5 წლის განმავლობაში იმუშავა, რის შემდეგაც "ასტონ ვილაში" დაუძახეს, თუმცა "ვილა პარკზე" ანალოგიურ წარმარტებებს ვეღარ მიაღწია.

არაერთგზის იწვევდნენ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც, მაგრამ შეთავაზებებს ყოველთვის თავაზიანი უარით პასუხობდა...

2010-11 წლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ალ აჰლის" დამრიგებელი იყო. დღეს ო'ლირი 58 წლისაა, ფეხბურთს ჩამოშორებულია და მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრობს თავის იორკშირულ სახლში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული