პრემიერლიგის წლის გუნდი: "ჩელსი"-"ტოტენჰემი" 4:4

AutoSharing Option
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის გუნდი დაასახელა. სიმბოლურ გუნდში "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" 4-4 ფეხბურთელი მოხვდა, თითო წარმომადგენელიც "ლივერპულს", "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავთ. შესაბამისად, "არსენალისა" და რომელიმე სხვა გუნდის ვერც ერთი მოთამაშე ვერ მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში.

ადვილი მისახვედრია, რომ "წითელი ეშმაკების" მხრიდან ეს ერთი დავიდ დე ხეაა (შესაბამისად, გუნდს მიღმაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი), ხოლო "კანფეტებიდან" - ამ წუთისთვის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი რომელუ ლუკაკუ. რაც შეეხება მერსისაიდელთა "ემისარს", ის არა ფილიპე კოუტინიო, არამედ სადიო მანე გახლავთ, რომელიც იურგენ კლოპმა "საუთჰემპტონისგან" შეიძინა და
ეს ფეხბურთელი "ენფილდის" ბინადრებს მშვენივრად მოერგო. რაც შეეხება "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" მოთამაშეებს, მათ აქვე გავეცნოთ, როდესაც სრულ სიმბოლურ ნაკრებს გადავავლებთ თვალს.

აქვე გეტყვით, რომ 23 აპრილს ლონდონში წლის ფეხბურთელის გამოვლენის 44-ე სპეციალური ცერემონია გაიმართება. დაასახელებენ და დააჯილდოებენ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელსაც. საუკეთესო ფეხბურთელობაზე ყველაზე დიდი შანსები ედენ აზარსა და ნ’გოლო კანტეს აქვთ.

2016/17 წლების სეზონის გუნდი
დავიდ დე ხეა (მანჩესტერი) - კაილ უოკერი (ტოტენჰემი), გარი კეჰილი (ჩელსი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), დენი როუზი (ტოტენჰემი) - ნ’გოლო კანტე (ჩელსი), დელე ალი (ტოტენჰემი), ედენ აზარი (ჩელსი), სადიო მანე (ლივერპული) - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული