ლონდონის "ჩელსი: ჯონ ტერი ტერიტორიას ტოვებს

AutoSharing Option
ჯონ ტერი სეზონის ბოლოს "ჩელსის" დატოვებს - ეს უკვე ოფიციალურად გაცხადდა. ანტონიო კონტე მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. უფრო სწორად, იტალიელს ტერი ხელს არაფერში უშლის, მაგრამ მას სათამაშო დროს არ აძლევს, ჯონს კი კარიერის ბოლო წლების სათადარიგოთა სკამზე გატარება არ სურს.

მას კლუბში პოსტსაც სთავაზობენ და სამომავლოდ ჯონი, ალბათ, დაბრუნდება კიდეც "სტემფორდ ბრიჯზე", მაგრამ ამ ეტაპზე, მინდორზე ყოფნა სურს. ტერის მსურველები არ დააკლდება და მისი მომავალი გუნდის შესახებ სავარაუდოდ, მალე შევიტყობთ.

ჯონ ტერი, რომელიც მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა ამ სეზონში "ჩელსის"
ძირითადში, გუნდში 14 წლის ასაკში მივიდა. მცველმა 66 გოლი დააგროვა. ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და მას მერე 713 მატჩი ჩაატარა, აქედან 578 კაპიტნის რანგში.

კაპიტნის სამკლავურით "ჩელსის" რიგებში ამდენი მატჩი არავის ჩაუტარებია. ზოგადად ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ კი, ტერი მესამეა რონ ჰარისისა და პიტერ ბონეტის შემდეგ.

"ჩელსის" ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდ კაპიტანსა და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას გუნდთან ერთად 4-ჯერ აქვს პრემიერლიგა მოგებული, 5-ჯერ ასოციაციის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი, ევროპალიგა და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა. თანაც, ტერი ამ ყველაფრის აქტიური მონაწილე გახლდათ ხოლმე, თავგანწირული თამაშით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გუნდის წარმატებებში. ყოფილა სკანდალებიც, პრობლემებიც, კონფლიქტებიც… მაგრამ ეს ქარიზმატული ლიდერი მინდორზე ყოველთვის გამორჩეული გახლდათ.

"ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი შემიძლია, მე ასე ვგრძნობ. თუმცა ვხვდები, რომ "ჩელსიში" დიდი შანსი და სათამაშო დრო არ მექნება. რასაკვირველია, სამუდამოდ "ჩელსის" ფანი ვიქნები და ძალიან მინდა, ჩემი ბოლო სეზონი მაღალ დონეზე, ტიტულით დავასრულო. ყოველთვის მინდოდა, რომ შესაბამის დროს წავსულიყავი და ვფიქრობ, სწორედ ახლაა სწორი დრო ჩემთვისაც და კლუბისთვისაც.

თამაშის გაგრძელებას ვაპირებ, ახალ გამოწვევას მივიღებ. "ჩელსისა" და მისი საოცარი ფანების სიყვარულს კი სიტყვებით ვერ აღვწერ და გადმოვცემ. თქვენ ჩემთვის მთელი სამყარო ხართ და გუნდში გატარებული ფანტასტიკური წლები და დაუჯერებელი თავგადასავალი არასოდეს დამავიწყდება" - თქვა 36 წლის ჯონმა.

ტერი ერთ-ერთია იმ 5 მცველს შორის, რომლებსაც პრემიერლიგის სეზონის ფხბურთელის ჯილდო აქვთ მოპოვებული. 2003 წელს დაწყებული სანაკრებო კარიერა კი მან 2012 წელს დაასრულა. ინგლისის ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

"ის ყოველთვის დაფასებული და პატივსაცემი ფიგურა იქნება "სტემფორდ ბრიჯზე" და დიდი სიამოვნებით შევხვდებით და მივიღებთ ჯონს მომავალში" - თქვა "ჩელსის" დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული