"არსენალი": უნდა წავიდეს თუ არა არსენ ვენგერი?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ "არსენალის" გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს. მიზეზი არსენ ვენგერია. აქამდე "მეთოფეთა" ქომაგებს შორის ამხელა განხეთქილება არასოდეს ყოფილა. ნაწილი მხარს არსენ ვენგერის გუნდიდან წასვლას უჭერს, ნაწილი კი - მის დარჩენას. განხეთქილების მიზეზიც ესაა.

რატომ აგიჟებს ყველას ვენგერი?
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მწვრთნელების მიმართ ძალიან ხშირად ზედმეტად ხისტი მიდგომა გვახასიათებს. თუ ის აღწევს დიდი გუნდის მწვრთნელობას, იგებს ტიტულებს, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს გენიასთან. თუ მწვრთნელი ვერ აღწევს გრანდის სათავეში, მაშინ პირიქით - ძალიან ხშირად, მისი საფეხბურთო ინტელექტი ფიზკულტურის მასწავლებლის
დონეზე დაგვყავს.

რა ლაპარაკობს არსენ ვენგერის სასარგებლოდ? პირველ რიგში, ეს შედეგია. წლების განმავლობაში "არსენალი" გადის ჩემპიონთა ლიგაზე და ეს იოლი სულაც არაა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ "არსენალმა" კარგ შედეგებს მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ბაზა, რაც აქვს ვენგერს.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ევროპული გრანდების შემადგენლობა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ვენგერის "არსენალისა". აქ საუბარი არაა "ბარსელონასა" და "იუვენტუსზე". თუნდაც ესპანეთის რანგით მეოთხე-მეხუთე გუნდ "სევილიასაც" კი უფრო ღრმა შემადგენლობა ჰყავს.

ალბათ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს გუნდი ძალიან გადაღლილი, ფსიქოლოგიურად გამოფიტული ხვდება. ჯერ ერთი, "არსენალში" ისედაც არაა 22 თანაბარი ძალის ფეხბურთელი და მეორეც, საფეხბურთო მსოფლიოში უკვე არაერთი წელია, ანეკდოტებს ჰყვებიან "მეთოფეთა" სამედიცინო შტაბის სასწაულად უხარისხო მუშაობაზე. ვენგერს ნახევარი გუნდი მუდამ დამტვრეული ჰყავს.

და თვით ასეთ პირობებშიც კი ვენგერი სტაბილურ შედეგს აჩვენებს. "ლესტერის" მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ რეალურად "არსენალს" არ აქვს საჩემპიონო რესურსი და ის შედეგი, რომელსაც ფრანგი ამდენი ხნის განმავლობაში აჩვენებს, რეალობიდან მომდინარეობს.

არადა, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ვენგერი არის ტოპ-მწვრთნელი და რომ მან აუცილებლად რაღაც უნდა მოიგოს. თამაშის მანერიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ "არსენალი" თითქმის ყველა მოწინააღმდეგეზე უკეთესია, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია.

ბევრმა ისწავლა, თუ როგორ უნდა ითამაშო ვენგერის წინააღმდეგ - მისცე მას ბურთი და დაელოდო შენს შანსს, რომელიც აუცილებლად გექნება. ან, თუ "ბაიერნი" ხარ, მაშინ ძალით აიღო ინგლისური ციხე.

ბევრი მოვლენებს სწორად ვერ აფასებს და ჰგონია, რომ "არსენალი" მართლა ყველაზე უკეთესია და ის მხოლოდ მწვრთნელის სისუსტის გამო ვერ იგებს ვერაფერს. არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის. დავუშვათ, ვენგერი წავიდა. დროთა განმავლობაში მას ის ფეხბურთიც გაჰყვება უკან, რომელიც "არსენალის" საფირმო ნიშნად იქცა მრავალი წლის განმავლობაში.

მეორე მხრივ, გულემატკივარს, ალექსის სანჩესს და მესუთ იოზილს უნდათ შედეგი, არსენი კი გამუდმებით ჰპირდება ამ შედეგს ხალხსაც და თავის ფეხბურთელებსაც. უკვე კარგა ხანია, შედეგი არ ჩანს. სწორედ ამიტომ ეშურება წასვლას გუნდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი. ის ვენგერმა ტიტულების მოგების იმედით მიიტყუა "არსენალში". სანჩესი ვერ იგებს პრემიერლიგას და ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სირცხვილით იწვის. არადა, ერთი ვარსკვლავის გასაკეთებელს და კიდევ მეტს ის ნაღდად აკეთებს.

მოკლედ, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს ამ ბრძოლაში და ვენგერის სამწვრთნელო მოღვაწეობის ბოლო ნაწილი იმდენად რთული და წინააღმდეგობრივია, რომ ის ხალხს აგიჟებს. ორივე მხარე ბოლომდეა დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, უკან დახევა არცერთს სურს.

პარიზული მოლოდინი
თუ ვენგერი "არსენალიდან" წავიდა, რისი ალბათობაც აშკარად არის, მას მსურველები არ დაელევა. მაგალითად, "პარი სენ-ჟერმენს" ძალიან უნდა, რომ ბარსელონაში შერცხვენილი უნაი ემერი სწორედ არსენით ჩაანაცვლოს. ვინ იცის, როგორი იქნება წლევანდელი სეზონის ფინიში სხვა გრანდებისათვის და კიდევ რომელი მწვრთნელის თავი დაგორდება?

ვენგერი უნდა წავიდეს თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ხშირად დგება სიახლის დრო და თუ ეს მომენტი ხელიდან გაუშვი, შეიძლება ახალი შანსი საერთოდ აღარ დადგეს.

ჩვენ ბოლო დროს "არსენალის" სათადარიგოთა სკამზე ძალიან ხშირად ვხედავთ ბედს შეგუებულ ვენგერს. მას ახალი მოტივაცია და გარემო სჭირდება.

ჩვენ ორივე ვარაუდი წარმოვადგინეთ. ფეხბურთს ძალიან უყვარს კამათი. უნდა წავიდეს თუ არა ვენგერი? აქ ორი ძალიან მყარი, დასაბუთებული აზრი და ამდენივე გამოსავალია. ფაქტია: დარჩენილი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ვენგერმა ტიტული საერთოდ რომ ვეღარ მოიგოს, ის მაინც დიდ მწვრთნელად დარჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული