ედი ჰაუ: "ოლდ ტრაფორდზე" დიდი გულით ვითამაშეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად ედი ჰაუ დასახელდა. "ბორნმუთმა" კრიზისი დაძლია და ახალგაზრდა სპეციალისტი თავისი მწირი რესურსით კვლავ აოცებს ყველას. გუნდს მძიმე კალენდარი აქვს და ბოლომდე მშვიდად ჯერ ვერ იქნება, მაგრამ მარტში წარმატებებმა დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა წინ.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად კი რომელუ ლუკაკუ აღიარეს. ბელგიელი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ეპოქაში "ევერტონის" მაისურით სეზონში 20 გოლზე მეტი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის საუკეთესო მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გახდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მარტში საუკეთესოდ კრეიგ შექსპირს დაასახელებდნენ, რომელიც პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც პრემიერლიგაში საწყისი
4 მატჩი მოიგო და ახლა მეხუთეც (აპრილში) მიაყოლა, მაგრამ შექსპირს ეს გარჯა ჯერ არ დაუფასდა.

39 წლის ჰაუს სამუშაო ჯერ კიდევ აქვს. მაგალითად,"ბორნმუთმა" უნდა მოუმატოს დაცვაში, სადაც ბევრი ხარვეზია და გასვლაზე უკეთ უნდა ითამაშოს, თუმცა ის მართლაც შთამბეჭდავად მუშაობს და უკვე უწინასწარმეტყველებენ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას. ჰაუს ლაღი და შემტევი სტილი უყვარს. აქვე თვის მწვრთნელის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- როგორი შეგრძნებაა პრემიერლიგის თვის მწვრთნელად დასახელება?
- ძალიან სასიამოვნოა და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, ჩვენ 7 ქულა ავიღეთ და თვე წაუგებლად ჩავამთავრეთ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო.

- "სუონსისა" და "ვესტ ჰემს" მოუგეთ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" აღებულ ქულაზე რას იტყვით?
- ეს მართლაც გამოსარჩევი მიღწევა გახლდათ, იქ თამაში ისედაც რთულია და მით უმეტეს, პირველი ტაიმის ბოლოს ათი კაცით დავრჩით. თუმცა მადლობა ბიჭებს, რომ ასეთი შემართებითა და გულით ითამაშეს. არტურ ბორუცმა პენალტიც აიღო და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ.

- როგორ ფიქრობთ, კლუბმა და ამ შემადგენლობამ უკვე მოიკიდა ფეხი პრემიერლიგაში?
- ჩვენთვის მეორე სეზონიც წარმატებულად მიდის და კმაყოფილი ვარ იმ სტაბილური თამაშით, რომელსაც ვაჩვენებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და წინ ახალი გამოწვევებია. უფრო მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ და უფრო რთულად დასამარცხებლები უნდა გავხდეთ. ეს ურთულესი ლიგაა და აქ პატარა შეცდომებსაც არ გაპატიებენ.

- ზაფხულში კიდევ შეეცდებით ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების დამატებასა და მათ გაზრდა-განვითარებას?
- ვფიქრობ, ჩვენი სტილი და მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო და ის შედეგები, რომლებსაც ვაჩვენებთ, მეტყველებს, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ზამთარში დიდად არ გვიაქტიურია და ზაფხული შესაბამისი დრო იქნება შემადგენლობის გაძლიერებისთვის, რასაც შევეცდებით. ეს საჭიროა და მნიშვნელოვანი.

- როგორ აფასებთ ფანებს თქვენ და ფეხბურთელები?
- ყველას თავისებური ხერხი აქვს. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ მათი, რადგან გულშემატკივრები საოცრად გვამხნევებენ და მათ გარეშე ასეთ შედეგებს ვერ მივაღწევდით. ჩვენ ვცდილობთ, ეს მხარდაჭერა მინდორზე კარგი თამაშით დავუფასოთ და მატჩების შემდეგ ვცდილობთ ხოლმე, რომ დიდი დრო გავატაროთ მათთან ერთად.

- რომელია თქვენი ფავორიტი მომენტი "ბორნმუთთან" ერთად პრემიერლიგაში?
- ალბათ, "ჩელსისთან" საგარეო მოგება წინა სეზონში. ეს გამარჯვება სატურნირო კუთხითაც და, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურად ძალიან საჭირო გახლდათ. ვირწმუნეთ, რომ პრემიერლიგისთვის საკმარისად კარგები ვიყავით, მენტალური მზაობისთვის მნიშვნელოვანი მოგება იყო.

- ზოგადად, პრემიერლიგაში საუკეთესო მომენტად რას დაასახელებდით?
- გამოვარჩევდი იმ სეზონს, რომელიც "არსენალმა" წაუგებლად ჩაატარა და "ხელშეუხებლების" მეტსახელით ჩემპიონი გახდა. ეს საოცარი მიღწევა გახლდათ, რომელიც დიდი ხანი გვემახსოვრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული