პრემიერლიგა. XXIX ტური: ახლა "ჩელსის" კუდზე ისხდებოდნენ... [VIDEO]

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩთან" წაგების შემდეგ "არსენალი" და მისი მწვრთნელი მორიგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ.

გუნდი, რომელსაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და ამ კომპონენტში ტოლს არ უდებს კონკურენტებს (მეტიც, ზოგს სჯობნის კიდევ), სერიოზულად რისკავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს, ეს კი ძალიან ბევრ რამეს და ვინმეს შეცვლის "ემირეითსზე"...

"ისეთი დაცვის გამო, როგორიც "არსენალს" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში ჰყავდა, ნებისმიერი მწვრთნელი გადადგებოდა, ან თუ არა და, აუცილებლად გადააყენებდნენ", - წერს "დეილი მეილის" მიმომხილველი ჯეიმი რედნაპი. მართალია ეს კაცი. ესეც არ იყოს, ბურთის კონტროლის მაჩვენებელი 77
პროცენტი რომ გაქვს და ორი ბურთით მარცხდები, აქ დიაგნოზი ძალიან მძიმე და საგანგაშოა.

რა გასაკვირია და, არც ამ თამაშს ჩაუვლია საპროტესტო ბანერების გარეშე, რომელზეც მხოლოდ ერთი მოთხოვნა იყო - გადადგეს არსენ ვენგერი! ისიც, ეტყობა, სინდისმა შეაწუხა მორიგი უღირსი თამაშის შემდეგ და ასეთი რამ ბრძანა - უკვე გადავწყვიტე, რასაც ვიზამ სეზონის დასრულების შემდეგ, ოღონდ, ამ გადაწყვეტილებას ცოტა ხანში გავასაჯაროებო...

ორი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც: "არსენალმა" ხუთიდან 4 მატჩი ბოლოს 1995 წლის აპრილში წააგო; ალექსის სანჩესს კი უკვე 18 გოლი და 9 საგოლე პასი დაუგროვდა, რაც მიმდინარე პრემიერლიგაში უბადლო მაჩვენებელია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსი" ახლა თავად თუ დაკარგავს ჩემპიონობას, თორემ მისი დამწევი აღარავინაა. თითოეული გამარჯვება (ბოლო 23 მატჩიდან 20 მოგება ყველა ტურნირში) ანტონიო კონტეს გუნდს მთავარ ინგლისურ ტიტულთან აახლოებს. შაბათსაც "არისტოკრატებმა" ტრავმირებული ედენ აზარის გარეშე მძიმე ბრძოლაში გამოსტაცეს 3 ქულა "სტოკს", რომელიც დანებებას ბოლო წუთამდე არ აპირებდა...

ამ დროს "ჩელსის" სულზე მიუსწრო გარი კეჰილის გოლმა, რაც ლონდონელთა კართან უშედეგო 5-წუთიან შტურმს მოჰყვა. ამით გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ერთგვარად გამოისყიდა "დანაშაული" პირველ ტაიმში მისი მიზეზით დანიშნული პენალტის გამო...

გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ბევრი იომა დიეგო კოშტამ, რომელიც სასარგებლო იყო წინა ხაზზე სწორი და სწრაფი გადაადგილებების წყალობით. მანვე არ უღალატა თავის პროვოკაციულ ბუნებასაც და ხშირად გაწევ-გამოწევაში იყო "სტოკის" მცველებთან, რომელთაგან ორს ყვითელი ბარათი აჰკიდა, თუმცა ვერც თავად დაუძვრა გაფრთხილებას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნეტავ, ასეთი რა დააშავა კლაუდიო რანიერიმ, რომ მისი წასვლის შემდეგ "ლესტერმა" ზედიზედ 3 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში ("ვესტ ჰემთან" შაბათის გამარჯვება იყო "მელიების" პირველი საგარეო 3 ქულა მიმდინარე პრემიერლიგაში), ყველა ამ შეხვედრაში 3-3 გოლი გაიტანა და თან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა!

ბარაქალა კრეიგ შექსპირს! მაგრამ მარტო მისი დამსახურება არ უნდა იყოს ჯერაც მოქმედი ჩემპიონის ფერფლიდან აღდგენა. ქათქათა ძაფითაა ეს ნაკერი და მართალი იყო ცნობილი მწვრთნელი გრემ საუნესი, გასულ კვირას "ლესტერის" ფეხბურთელები რანიერის წინააღმდეგ შეთქმულებაში რომ დაადანაშაულა...

"ევერტონმა" ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი მოიგო და ახლა ერთი გამარჯვება აშორებს 2014 წლის რეკორდის გამეორებასთან. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დუბლი შეასრულა რომელუ ლუკაკუმ, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ფასეული ფეხბურთელია "გუდისონ პარკზე". გასულ კვირას მან უარი უთხრა "ევერტონს" კლუბის ისტორიაში უძვირეს კონტრაქტზე (5 წელი და 140 ათასი ფუნტი კვირაში) და საინტერესოა, ეს ორი გოლი თუ ასწევს მის ფასს ბოსების თვალში?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში მე-600 თამაში მოიგო და პირველად ბოლო 184 დღის განმავლობაში, მე-5 ადგილზე აღზევდა. არადა, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ჟოზე მოურინიოს სამწყსოს აგერ, უკვე 23 ოქტომბრის მერე არ წაუგია საჩემპიონატო მატჩი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრავმირებული ჰარი კეინის გარეშე მოთამაშე "ტოტენჰემმა" რთულ ბრძოლაში დაამარცხა "საუთჰემპტონი" და "ჩელსისთან" 10-ქულიანი დეფიციტი შეინარჩუნა, თუმცა მისი გაბათილების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს. ეს იყო "მამლების" ზედიზედ მე-10 გამარჯვება "უაით ჰართ ლეინზე", რაც უგრძესი სერიაა 1987 წლის (ზედიზედ 14) შემდეგ.

ტური დასრულდა ძალზე საინტრიგო მატჩით - "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებას ლამობენ და ახლა ერთი ფეხის დაცდენაც საკმარისია, რომ გზაზე გამგელებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაეყარონ. ამდენად, ფრე შეიძლება არც პეპ გვარდიოლას აწყობდა და არც - იურგენ კლოპს.

თუმცა ამ შემთხვევაში იმუშავა ლოგიკამ - წაგებას არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა. არადა, გახსოვთ ის მომენტი, ვიდრე სერხიო აგუერო გაათანაბრებდა, ადამ ლალანამ 5-6 მეტრიდან 100-პროცენტიანი შანსი რომ გაანიავა?

"სიტიმ" მე-7 წაუგებელი მატჩი ჩაატარა, რაც გვარდიოლას თავკაცობით ყველაზე გრძელი სერიაა. "ლივერპულმა" კი პირველი ექვსეულის გუნდებთან გამართულ 10 მატჩში 20 ქულას მოუყარა თავი, რაც საუკეთესო შედეგია, მაშინ, როცა ბოლო ექვსეულის კლუბებთან 19 ქულა აქვთ აღებული. წარმოიდგინეთ, კლოპის ბიჭებს აუტსაიდერებთან ამდენი ქულა რომ არ გაეფლანგათ, ახლა "ჩელსის" კუდზე ისხდებოდნენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIX ტური
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 დოუსონი (12), 1:1 სანჩესი (15), 2:1 რობსონ-კანუ (55), 3:1 დოუსონი (75)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - დ. ფლეტჩერი, ლივერმორი - ბრანტი (72. იაკობი), ჩადლი (90. ფილდი), მაკკლინი - რონდონი (55. რობსონ-კანუ).
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი (38. ოსპინა) - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა - უოლკოტი (65. ჟირუ), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანჩესი (78. ივობი) - უელბეკი.
მაყურებელი: 24 065

კრ. პალასი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 დინი (68-ს. კ.)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, ტომკინსი (83. დანი), სახო, შლუპი - კაბაი (87. საკო), მილოიევიჩი - ზაჰა, ფენჩენი, თაუნსენდი (87. დელენი) - ბენტეკე.
უოტფორდი (4-5-1): გომეში - კეტკარტი, პრიოდლი, ქაბული, ბრიტოსი - იანმაატი (63. ამრაბატი), ქლევერლი (80. საჩისი), ბეჰრამი (46. დუკური), კაპუ, ნიანგი - დინი.
მაყურებელი: 25 109

ევერტონი-ჰალი 4:0
გოლები: 1:0 კალვერტ-ლიუინი (9), 2:0 ე. ვალენსია (78), 3:0 ლუკაკუ (90+1), 4:0 ლუკაკუ (90+4)
ევერტონი (4-1-4-1): რობლესი - კოულმენი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - შნაიდერლინი (30. ბერი) - ბარკლი, თ. დევისი (77. ე. ვალენსია), გეიე, კალვერტ-ლიუინი (56. მორი) - ლუკაკუ.
ჰალი (5-4-1): იაკუპოვიჩი - ელაბდელაუი, რანოკია, მაგუაირი, კ. დევისი (64. გროსიცკი), რობერტსონი - მარკოვიჩი (86. ელმოჰამადი), ჰადლსტოუნი, ნდიაიე, კლუკასი - ერნანდესი (82. დიომანდი).
გაძევება: ჰადლსტოუნი (73. ჰალი)
მაყურებელი: 39 248

სტოკი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ვილიანი (13), 1:1 უოლტერსი (38-პენ), 1:2 კეჰილი (87)
სტოკი (4-4-2): გრანტი - ბერდსლი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - არნაუტოვიჩი, ქემერონი, ალენი, სობი (90. კრაუჩი) - უოლტერსი, ბერაჰინო (61. დიუფი).
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (70. ფაბრეგასი), კანტე, მატიჩი (82. ლოფტუს-ჩიკი), ალონსო - ვილიანი (88. ზუმა), პედრო, დიეგო კოშტა.
გაძევება: ბერდსლი (90+5)
მაყურებელი: 27 724

სანდერლენდი-ბარნლი 0:0
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, დენაიერი, ოში, ოვიედო - გიბსონი (74. ნდონგი), როდუელი, ლარსონი (78. ხაზრი) - იანუზაი, ბორინი, დეფო.
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (74. ბრეიდი), ბარტონი, ჰენდრიკი, არფილდი - ბარნსი (65. ვოუკსი), ე. გრეი.
მაყურებელი: 41 518

ვესტ ჰემი-ლესტერი 2:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 ჰუთი (7), 1:2 ლანძინი (20), 1:3 ვარდი (38), 2:3 ა. აიუ (63)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ბაირემი, ფონტე, რიდი (18. სნოდგრასი), კრისუელი (73. მასუაკუ) - კუიატე, ობიანგი (67. ე. ფერნანდესი) - ა. აიუ, ლანძინი, ანტონიო - ე. ქეროლი.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი (87. ჩილუელი), დრინკუოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ვარდი (76. სლიმანი), ოკაზაკი (76. მუსა).
მაყურებელი: 56 979

ბორნმუთი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 მოუსონი (31 ს. კ.), 2:0 აფობე (72)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - ფრეიზერი (75. უილშირი), სიურმენი, გოსლინგი, პაფი (90. იბე) - აფობე, ჯ. კინგი (90. გრეიდელი).
სუონსი (4-1-4-1): ფაბიანსკი - ფერი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი - კორკი - ჯ. აიუ (56. ნარსინგი), კი (67. რუტლიჯი), ტ. ქეროლი, სიგურდსონი - ფერნანდო ლორენტე (83. ბასტონი).
მაყურებელი: 11 297

მიდლსბრო-მანჩესტერ იუნ 1:3
გოლები: 0:1 ფელაინი (30), 0:2 ლინგარდი (62), 1:2 გესტედე (77), 1:3 ა. ვალენსია (90+3)
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ბარაგანი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო - დე როონი, კლეიტონი, ლედბიტერი (67. გესტედე) - დაუნინგი, რამირესი (68. ტრაორე), ნეგრედო.
მანჩესტერი (3-4-2-1): დე ხეა - ბაილი, სმოლინგი, ფ. ჯოუნსი - ა. ვალენსია, ფელაინი, ქერიკი, იანგი - მატა (69. როხო), ლინგარდი (80. მარსიალი) - რაშფორდი (90+4. დარმიანი).
მაყურებელი: 32 689

ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 ერიქსენი (14), 2:0 ალი (33-პენ), 2:1 უარდ-პროუსი (52)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - უოლკერი (78. ტრიპიე), ვანიამა, დემბელე, ბ. დევისი - ერიქსენი (86. იანსენი), ალი - სონი (75. უინქსი).
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი (69. ბუფალი), უარდ-პროუსი, რედმონდი (80. როდრიგესი) - გაბიადინი (32. ლონგი).
მაყურებელი: 31 697

მანჩესტერ სიტი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მილნერი (51-პენ), 1:1 აგუერო (69)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - ფერნანდინიო, სტოუნზი, ოტამენდი, კლიში - ტურე (65. სანია) - სტერლინგი, დე ბრუინი, დავიდ სილვა, სანე (83. ფერნანდო) - აგუერო.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, კლავანი, მილნერი - ვეინალდუმი, ჩანი, ლალანა - მანე, კოუტინიო (73. ორიგი), ფირმინო (89. ლუკას ლეივა).
მაყურებელი: 55 097

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), დელე ალი (ტოტენჰემი).

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი:
ლივერპული-ევერტონი, ბარნლი-ტოტენჰემი, ჩელსი-კრ. პალასი, ჰალი-ვესტ ჰემი, ლესტერი-სტოკი, მანჩესტერ იუნ-ვესტ ბრომვიჩი, უოტფორდი-სანდერლენდი, საუთჰემპტონი-ბორნმუთი;

2 აპრილი:
სუონსი-მიდლსბრო, არსენალი-მანჩესტერ სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული