ნომერ პირველი ისევ იუდაა - ჟოზე VS კონტე სერიალად ყალიბდება

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჩელსიმ" ასოციაციის თასიდან "მანჩესტერი" გამოთიშა. "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს მორიგმა დაბრუნებამ მშვიდობიანად ვერ ჩაიარა. ფანები პორტუგალიელის რამდენიმე ქმედებაზე გაღიზიანდნენ.

თუ ჩემპიონატში გამართულ შეხვედრას გავიხსენებთ, იქ "ლურჯებმა" პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში და საბოლოოდ 4:0 მოიგეს. საფინალო სასტვენის მერე ჟოზე კონტეს მიეჭრა და ყურში ჩაღრიალა - 4:0-ის მოსაგები თამაში კი არა, მაქსიმუმ 1:0 უნდა მოგეგოთო. იტალიელი გაკვირვებული დარჩა. თუმცა "კონტისიმე" არაფერს ივიწყებს და არანაკლებ ემოციური და იმპულსურია, თუ უფრო მეტად არა და მანაც იფეთქა...

ამჯერად, "მანჩესტერი" დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე თამაშობდა. "წითელი
ეშმაკების" მდგომარეობა 35-ე წუთზე უფრო დამძიმდა, როდესაც ანდერ ერერამ მეორე ყვითელი მიიღო. "ჩელსი" აქამდეც და ამ ეპიზოდის მერე მით უმეტეს, უკეთ გამოიყურებოდა და დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი იკმარა - ნ’გოლო კანტემ ვილიანის პასით შეაგდო. კანტე ისევ შეუდარებელი გახლდათ, კონტეს ექსშეგირდი პოგბა მის ფონზე საერთოდ არ ჩანდა.

"ჩემი აზრით, კანტე ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია და ის ამას მინდორზე სისტემატურად ამტკიცებს თავისი სტაბილური შესაშური თამაშით" - თქვა ფრენკ ლამპარდმა.

ალან შირერი: "მე მგონი, თვალს წლის ფეხბურთელის თამაშს ვადევნებთ, როგორც მოთამაშეების, ასევე ჟურნალისტების ვერსიით. კანტე შეუდარებელია".

ცეცხლზე ნავთი დაასხა იმ ეპიზოდმაც, როდესაც მანჩესტერელთა მორიგმა უხეშობამ კონტე აღაშფოთა, მოურინიო კი აქეთ გამოთქვამდა უკმაყოფილებას და სწორედ ამ დროს მიეჭრა მას კონტე და უყვირა და უყვირა. ისინი მეოთხე არბიტრმა მაიკ ჯონსმა გააშველა, ხოლო მთავარი მსაჯი მაიკლ ოლივერი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

- გაცხარებული ანტონიო კონტე ჟოზე მოურინიოს უყვირის [VIDEO]

მარკოს როხოსა და ედენ აზარს შორის მომხდარ ინციდენტს ფეხბურთელებს შორისაც მოჰყვა გაწევ-გამოწევა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კლუბი დაისჯება იმის გამო, რომ საკუთარი ფეხბურთელები ვერ გააკონტროლა. ეს რამდენიმეათასიან ჯარიმას ნიშნავს. აპელაციისთვის დრო პარასკევამდეა. სხვათა შორის, ერერამაც ორივე ყვითელი აზარზე მიიღო.

თამაშის მერე ჟოზე მოურინიო იხტიბარს არ იტეხდა და თავის სტილში კომენტარით გამოირჩა: "ფანებს შეუძლიათ, რაც უნდათ, ის დამიძახონ. მე პროფესიონალი ვარ და ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვღელავ და ვზრუნავ, ჩემს კლუბს ვიცავდი. სანამ "ჩელსის" არ ეყოლება ისეთი მწვრთნელი, რომელიც გუნდს ოთხჯერ მოაგებინებს პრემიერლიგას, მანამდე მე პირველი ნომერი ვარ. იქამდე იუდა ნომერ პირველია".

შეგახსენებთ, რომ იგი "ჩელსიში" ორ ეტაპად მუშაობდა და თავისი ნებით არც ერთხელ არ წასულა. ჟოზემ ლონდონელები სამჯერ გააჩემპიონა - 2005, 2006 და 2015 წლებში. იგი "ლურჯების" ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მათთან ერთად ასევე ასოციაციის თასი (1), ინგლისის სუპერთასი (1) და ინგლისის ლიგის თასი (3) აქვს მოგებული.

"მე არ მინდა, დიდი პოტენციალის მქონე მშვენიერი მსაჯის, მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებებზე ვისაუბრო. ფაქტია, მან 4 მატჩში 3 პენალტი დანიშნა ჩვენს კარში და წითელი ბარათი ამოიღო. თამაშის მერე ხელი ჩამოვართვი და კარგი მატჩი მივულოცე. მე არ მინდა, მისი ქმედებები გავაანალიზო. იგი სახლში წავიდოდა და ყველაფერს თავად გააანალიზებდა" - დაამატა 54 წლის სპეციალისტმა.

ანტონიო კონტე: "ფაქტია, რომ დროის რაღაც მონაკვეთი აზარისთვის დაკარგული იყო, რადგან მას ძალიან ხშირად ეუხეშებოდნენ. დასაწყისშიც ურტყამდნენ და ბოლოსაც. ჩემი აზრით, ეს ტაქტიკა არ არის, ეს ფეხბურთი არ არის. ამიტომაც არ ვიცი, რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ ხანდახან ხდება და ასეთ შემთხვევებში მსაჯებმა ედენის დარი მოთამაშეები უნდა დაიცვან. როდესაც ასეთი შექმნის უნარით დაჯილდოებულ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, მათ ყველანაირად უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდოდა და ფეხბურთი ვითამაშეთ.

ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდებულად ვითამაშეთ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. "მანჩესტერს" ლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს".

ასოციაციის თასის ნახევარფინალები 22 და 23 აპრილს "უემბლიზე" გაიმართება. "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ფინალისტის საგზურს "არსენალი" და "სიტი" გაათამაშებენ.

ფაქტები
* "ჩელსის" უკვე 12 მატჩია (ყველა ტურნირზე) "მანჩესტერ იუნაიტედთან" არ წაუგია, ანუ 2012 წლის ოქტომბრის მერე - 7 მოგება, 5 ფრე.

* "მანჩესტერს" ამაზე დიდი მოუგებელი სერია კონკრეტულ მეტოქესთან ისტორიაში სულ ორჯერ ჰქონია - 1927 წელს შეწყდა "ლივერპულთან" (13) და 1972 წელს - "ლიდსთან" (13).

* 2002 წლის მერე პირველად მოხდა ისე, რომ ასოციაციის თასის ნახევარფინალში 3 ლონდონური კლუბი გავიდა. მაშინ ამ სამეულს "არსენალი", "ჩელსი" და "ფულჰემი" წარმოადგენდნენ.

* მოურინიოს გუნდმა ამ სეზონში მესამედ დაიმსახურა წითელი ბარათი. აქედან 2 ანდერ ერერას აქვს მიღებული.

* ნ’გოლო კანტემ "ჩელსის" მაისურით სამივე გოლი საშინაო თამაშებში გაიტანა, აქედან ორი "იუნაიტედთან".

* "მანჩესტერის" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 28% გახლდათ, გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი ამ სეზონში.

* "ჩელსი" 22-ედ გავიდა ასოციაციის თასის ნახევარფინალში. ამ მაჩვენებლით "ლურჯებს" 4 გუნდი უსწრებს - "არსენალი" (29), "მანჩესტერი" (28), "ევერტონი" (26), "ლივერპული" (24).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული