"მანჩესტერ სიტი": გუნდი, რომელიც თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს

AutoSharing Option
ბევრს გაუკვირდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ისეთი "მანჩესტერ სიტის" ნახვა, როგორიც ჩვენ ვნახეთ. გუნდმა ხუთი გოლი გაიტანა და, რა თქმა უნდა, ამისთვის ის შექებას იმსახურებს, მაგრამ სამაგიეროდ, ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა დაცვაში და ამის დასტურად სამი გაშვებული გოლი გამოდგება. ვინც ეს შეხვედრა ნახა, დაგვეთანხმება, რომ "მონაკოს" გატანა კიდევ შეეძლო.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პეპ გვარდიოლას მესიჯი საფეხბურთო სამყაროს მიმართ, თუ როგორი უნდა იყოს "სიტი" მომავალში. "სიტი", რომელსაც ერთადერთი კონსტრუქტორი ჰყავს პეპ გვარდიოლას
სახით.

"მონაკოსთან" მატჩი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "მანჩესტერ სიტი" სულ ასე ითამაშებს დაცვაში, მაგრამ ერთი კი გამოიკვეთა - პეპი არც ინგლისში უღალატებს საკუთარ ფილოსოფიას და აქცენტს შეტევაზე გააკეთებს.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ "სიტი" თავადაც ითამაშებს და სხვასაც მისცემს თამაშის საშუალებას. ჩვენ გვახსოვს გვარდიოლას გაწვრთნილი "ბარსელონა" და "ბაიერნი". იქ ძირითადად პეპის გუნდები თამაშობდნენ. "სიტიში" კი ეს ამბავი ალბათ არ გამოვა რიგი მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

მთავარი ამ მიზეზთაგან, ალბათ, მაინც ისაა, რომ "ბარსელონაცა" და "ბაიერნიც" მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობისა და მისი "ამოტანის" საშუალებას არ აძლევდნენ. "სიტიში"დღეს სხვანაირი ვითარებაა. ინგლისურ გუნდს არ ჰყავს "ბარსას" ეპოქალური პრესინგის მთავარი შემოქმედი, სერხიო ბუსკეტსი და არც წლების განმავლობაში დალაგებული თამაში აქვს, როგორიც "ბაიერნს".

ერთადერთი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ისაა, რომ შენც ითამაშო და სხვაც ათამაშო. რა თქმა უნდა, "სიტი" უკეთესი იქნება დაცვაში და სულაც არ არის გამორიცხული, მინიმუმ ერთი ახალი უკანახაზელი იყიდოს, მაგრამ ეს სიტუაციას არანაირად არ შეცვლის.

რატომ გააკეთა გვარდიოლამ ასეთი არჩევანი? დავიწყოთ იქიდან, რომ პეპმა კარგად იცის, ერთ ან ორ წელიწადში პრაქტიკულად შეუძლებელია უნაკლო გუნდის შექმნა, როგორიც მას ჰყავდა "ბარსელონაში". ასეთი გუნდი რომ შექმნა, სულ მცირე, "ლა მასიას" აკადემია უნდა გქონდეს. ის სათამაშო სტილი, რომელიც მხოლოდ შენია, ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში უნდა შეისისხლხორცონ, "სიტის" აკადემია კი მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს.

გვარდიოლას პირადი გემოვნება რომ გვერდით გადავდოთ, "სიტი" დღეს ისეა დაკომპლექტებული, რომ ნებისმიერი მწვრთნელი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს. შეტევაში ინგლისურ კლუბში მართლაც ძალიან დიდი კონკურენციაა.

თუნდაც ის რად ღირს, რომ სანამ გაბრიელ ჟეზუსი ჯანმრთელი იყო, სათადარიგოთა სკამზე ჩვენ ხშირად ვხედავდით თვით სერხიო აგუეროს.

არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ შევთავაზეთ მკითხველს ნოელ გალაგერის ინტერვიუ გვარდიოლასთან. ერთხელაც გავიხსენოთ მისი მთავარი მომენტები და ეს დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას ამზადებს ის "სიტიში".

" მე ავირჩიე "სიტი" იმის გამო, რომ მათ დიდი ხანია, ჩემი სამსახური სურდათ. თანაც, ჩიკი და ფერანიც აქ არიან. მათ დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ერთად ვთამაშობდით "ბარსელონაში".

ჩვენ გვინდა ტიტულები. უნდა ვითამაშოთ ისე, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენმა გულშემატკივარმა ჩვენით იამაყოს. იმ კონტინგენტს, რომელიც დღეს გუნდშია, ეს შეუძლია. ისინი შესანიშნავი ბიჭები არიან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ასე გარჯა შეუძლიათ.

როცა მე აქ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე ჩამოვდიოდი "ბაიერნთან" და "ბარსელონასთან" ერთად, ვაწყდებოდი სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს. მე მჯერა, რომ "სიტის" ფანები დამეხმარებიან მუშაობაში და მწამს, რომ ქომაგები ჩვენი ფეხბურთელებით იამაყებენ.

იცით, რომ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ. ფეხბურთელები ხედავენ, რომ ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი ტექნიკური თუ ტაქტიკური სრულყოფისათვის.

ასე იყო "ბაიერნშიც" და "ბარსელონაშიც". მართალია, "ბაიერნში" ჩვენ ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ამ გუნდში გატარებულ დროს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ.

მე გავიზარდე "ბარსელონას" აკადემიაში, რომელიც, შესაძლოა, საუკეთესოა მსოფლიოში. როცა მე "ბარსაში" მწვრთნელად მივედი, უკვე ვიცოდი გამორჩეული მოთამაშეების შესახებ. მაგალითად, ბუსკეტსის, პედროსა და სხვების თაობაზე.

საჭიროა ნიჭი, ხარისხი და ნება იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წარმატებას მიაღწიოს. მე კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ არ ვარ იმდენად კარგი, რომ დიდი ფეხბურთი ვათამაშო იმას, ვისაც ხარისხი არ აქვს", - ამბობს გვარდიოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული