ციყვი - ალექსის სანჩესის უცნობი ისტორიები

AutoSharing Option
ალექსის სანჩესი იმ ფეხბურთელთაგანია, ვისაც ხშირად მოაქვს სიხარული ქომაგებისთვის. ის ძალიან უყვართ ჩილეს ნაკრებისა და "არსენალის" ფანებს, დღემდე ძლიერ აფასებენ "უდინეზეშიც", საიდანაც დაიწყო მისი შთამბეჭდავი კარიერა...

ყოველთვის საინტერესოა, როგორები არიან დიდი ფეხბურთელები მოედნის მიღმა. ამ საიდუმლოებებში ჩაგახედებთ სწორედ ეს წერილი...

კეთილი სანჩესი და ბედნიერი ტოკოპილია
ჩილეს პატარა ქალაქი ტოკოპილია მოქცეულია უდაბნოსა და ზღვას შორის, თან შუაზეა გაყოფილი ელექტროსადგურითა და ქარხნით. ერთსართულიანი ბარაკების თავზე მუდმივად შავი კვამლი ტრიალებს. ყველა უბედურებასთან ერთად, 2007 წელს ტოკოპილიას გვარიანი ზიანი მიაყენა მიწისძვრამაც, რომლის შედეგები ახლაც კარგად
ჩანს...

ალექსის სანჩესი დღესაც ღრმად არის დაკავშირებული ტოკოპილიასთან, სადაც იწყება ხოლმე მისი შვებულება - ახლო ნათესაობისა და ნაცნობ-მეგობრების მონახულებით, სრულიად უცნობ ადამიანებთან ურთიერთობით...

მერე ალექსისი იქირავებს სატვირთო მანქანას, გაავსებს საჩუქრებით და შემოივლის ტოკოპილიის ქუჩებს. ერთი სიტყვით, სანჩესის შვებულება ამ პატარა ქალაქისთვის დიდი ბედნიერებაა.

რომ არა ინგლისური ფეხბურთის უცნაური გრაფიკი, ალექსისი შობასაც მშობლიურ ქალაქში გაატარებდა და საჩუქრები მერე გენახათ, სანტა კლაუსის კოსტიუმით რომ ჩამოარიგებდა...

ტოკოპილიის ბაზრობებზე კი გამოჩნდებოდა სანჩესის ფიტულები, რომელსაც მის საპატივსაცემოდ დაწვავდნენ... არ გაგიკვირდეთ, სამხრეთ ამერიკაში ცნობილი ადამიანების ფიტულების დაწვა კეთილ ტრადიციად და ამ ადამიანების მიმართ პატივისცემად ითვლება.

ბავშვობის წლებში ტოკოპილია ძალიან ბევრს ნიშნავდა ალექსისისთვის, იმდენად ბევრს, რომ 13 წლისამ უარი თქვა "რანკაგუაში" გადასვლაზე. სამაგიეროდ, 14 წლისამ "კობრელოაში" ამოჰყო თავი და მთავარ გუნდში დებიუტი გოლითაც აღნიშნა.

კრივიც და... ფორტეპიანოც
ალექსისი მამის გარეშე, დედის მზრუნველობის ქვეშ გაიზარდა, ისევე, როგორც მისი პატარა და-ძმა. სიუჟეტი ნაცნობია - როგორც კი მომავალი ვარსკვლავი წამოიზარდა, მხარში ამოუდგა დედას და დღიური ლუკმა-პურისთვის სად აღარ მუშაობდა...

მერე კი, როცა ფიზიკურადაც მომძლავრდა, ფულს კრივითაც შოულობდა. ადრე, მისთვის ეს უბრალო ჰობი იყო, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ სანჩესის ცხოვრებაში რომანტიკული გატაცებაც გაჩნდებოდა - ის შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე.

ქუჩის ფეხბურთის მოტრფიალე
"უდინეზეში" ნაშოვნი ფულით ალექსისმა დედას სახლი აუშენა, დღეს კი იმის საშუალებაც აქვს, ტოკოპილიაში საფეხბურთო მოედნებიც მოაწყოს. ამისთვის მან 140 ათასი ფუნტი დახარჯა.

"მინდა, რომ აქაურ ბავშვებს ჰქონდეთ მოედნები ფეხბურთის სათამაშოდ, - ამბობს ჩვენი წერილის გმირი, - ადრე მე არ მქონდა ამის ფუფუნება, თუმცა გამიმართლა იმაში, რომ ევროპაში თამაშის შანსი მომეცა. ტოკოპილიაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება".

"ამის ფუფუნება არ მქონდაო", რომ ამბობს, სანჩესი არა მარტო მოედანს, ბუცებსაც გულისხმობს. 14-წლამდელთა ტურნირისთვის მან ბუცები სხვისგან ითხოვა. ალექსისმა ტურნირზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ტოკოპილიის მერმა ნიჭიერ ფეხბურთელს ახალთახალი ბუცები "ჩაახუტა".

მანამდე კი ალექსისს ფეხშიშველს უხდებოდა თამაში. ეტყობა, აქედან მოდის სირბილის მისეული უცნაური სტილიც - თითქოს, გაზონზე პატარა ქვები ყრია, როგორც ტოკოპილიის უდაბნოში.

ამგვარი სირბილის გამო მას "ციყვი" შეარქვეს. მაგრამ მარტო ამისთვის არა - სწორედ ციყვივით დახტოდა ხეებზე, როცა ტოტებს შორის ბურთი გაიჩხირებოდა...

"ის ამჯობინებდა, ქუჩაში ეგორებინა ბურთი, ვიდრე ვარჯიშებზე", - იხსენებს სანჩესის პირველი მწვრთნელი ალბერტო ტოლედო.

მისამართი შეგეშალა, ბიჭუნავ!..
18 წლის ალექსის სანჩესმა ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო, ერთი წლით ადრე კი, 17 წლისას, მას უნდა ეთამაშა ამხანაგური მატჩი ჩილეს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. მაგრამ იმ დღეს ის შემთხვევით მოხვდა ეროვნული გუნდის გასახდელში...

"დიდმა ბიჭებმა" პატარა "თავხედს" ალმაცერად შეხედეს - "ნეტავ, ამას აქ რა დარჩენია?!", ეკიპირების მენეჯერმა კი ეგრევე გარეთ გამოაბუნძულა - "მისამართი შეგეშალა, ბიჭუნავ"!

...ხუთი თვის შემდეგ სანჩესს მისამართი აღარ შეშლია - იმავე გასახდელში ისე თავისუფლად შევიდა, კითხვები აღარავის გასჩენია...

იმავე წელს, სანჩესი ჩილეს პოპულარულ კლუბ "კოლო კოლოში" მიიწვია კლაუდიო ბორხიმ, ვისაც "სამხრეთამერიკელი არიგო საკის" მეტსახელითაც იცნობდნენ. მწვრთნელმა მას პირადად დაურეკა:

"ბორხი? ვინ ბორხი? არანაირ ბორხის არ ვიცნობ", - უპასუხა სანჩესმა, რომელსაც მოგვიანებით განუმარტეს, რომ "უდინეზედან" ერთწლიანი იჯარით უნდა გადასულიყო "კოლო კოლოში"...

იტალიურის გაკვეთილები სალასისგან
"კოლო კოლოში" ალექსისმა გაიცნო მარსელო სალასი - ჩილელთა კერპი, ვისაც ფეხბურთის გულშემატკივარი "ლაციოში" გატარებული ბრწყინვალე სეზონებით უნდა იცნობდეს. სწორედ სალასს შეადარეს სანჩესი, როცა ამ უკანასკნელის ტალანტმა პირველად აალაპარაკა ფეხბურთის სპეციალისტები.

იტალიურის სწავლაშიც სალასი დაეხმარა - ჩამოწერა და დააზეპირებინა ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს იტალიაში მოთამაშე ნებისმიერმა ფეხბურთელმა.

"უდინეზეში" დაბრუნებულმა სანჩესმა პირველივე პრესკონფერენციაზე გააკვირვა იტალიელი ჟურნალისტები ერთ-ერთი ფრაზით "სალასის ლექსიკონიდან" - piano piano si arriva lontano ("თუ წყნარად ივლი, უფრო შორს წახვალ").

Sportall.Ge

კინაღამ მანჩესტერში...
ინგლისში სანჩესი გაცილებით ადრეც შეიძლებოდა, გადასულიყო. ალექს ფერგიუსონს ძალიან უნდოდა "უდინეზედან" მისი წაყვანა, რაკი მასში "ახალ კრიშტიანო რონალდოს" ხედავდა.

2011 წელს "მანჩესტერ სიტის" შეიხებმა "უდინეზესთან" 30-მილიონიან შეთანხმებას მიაღწიეს. დარჩენილი იყო მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობა. სპეციალურად მისთვის დაინიშნა ჩარტერული რეისი სანტიაგოდან - პირდაპირ მოლაპარაკებაზე!

მაგრამ ალექსისი იმ თვითმფრინავში არ ასულა. ის "ბარსელონაზე" ოცნებობდა და მალე კატალონიური გრანდის ისტორიაში პირველი ჩილელი ფეხბურთელი გახდა, თან 9-ნომრიანი მაისურით, რომელიც ერთ დროს თვით რონალდოს ემოსა.

მაგრამ სანჩესს, მოულოდნელად, ენის პრობლემა შეექმნა. "ბარსას" ბიჭები ჩიოდნენ, რომ ის გაუგებარ დიალექტზე ლაპარაკობდა. ერთადერთი, ლეო მესი იყო, რომელსაც ცალკეული სიტყვები ესმოდა და სანჩესის ნათქვამი თანაგუნდელებამდე მიჰქონდა...

ატომი და ჰამბერი
სანჩესის ცხოვრებაში კიდევ ორი მნიშვნელოვანი არსებაა - ატომი და ჰამბერი, ოქროსფერბეწვიანი ძაღლები, რომლებთან ერთად გართობისთვის ყოველთვის პოულობს დროს, უყურებს "გაყინულ გულს", ატარებს ვარჯიშებზე და ბუცებზეც კი მათი სახელები უწერია.

გასაკვირი არ არის, რომ ატომი და ჰამბერი, ისევე, როგორც მათი პატრონი, "არსენალის" ფანებმაც შეიყვარეს და "ემირეითსზე" პერსონალური ბანერიც მიუძღვნეს...

დოსიე
ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი
დაიბადა 1988 წ. ტოკოპილია (ჩილე)
პოზიცია: ფორვარდი/გარემარბი

ახალგაზრდული კარიერა
2004-05 კობრელოა

პროფესიული კარიერა
2005-06 კობრელოა 47 (9)
2006-11 უდინეზე 95 (20)
2006-07 კოლო კოლო (იჯ) 32 (5)
2007-08 რივერ პლეიტი (იჯ) 23 (4)
2011-14 ბარსელონა 88 (39)
2014- არსენალი 90 (46)

სანაკრებო კარიერა
2006-08 ჩილე U20 18 (4)
2006- ჩილე 106 (36)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული