ლივერპული-ჩელსის გამოხმაურება: რას გადაურჩა "ენფილდი"

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ დავიდ ლუიზმა თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ნანატრი ბურთი ბრაზილიელმა ჯარიმიდან შეაგდო, როდესაც სიმონ მინოლე ჯერ კიდევ "ცოცხალ კედელს" აყენებდა. ლუიზის დარტყმა კარგი იყო, მაგრამ მზადმყოფ მინოლეს შესაძლოა, მოეგერიებინა.

ბელგიელისა და სხვათა პროტესტს არაფერი მოჰყვა, რადგან გოლი წესების დაცვით გავიდა. როგორც იცით, მსაჯმა ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა მიუთითოს, სასტვენის მერე დაარტყითო, სხვა შემთხვევაში მათ სტანდარტულის შესრულების უფლება აქვთ. თანაც, ამ შემთხვევაში სასტვენიც იყო. ლუიზმა უბრალოდ ბელგიელს აღარ აცადა.… მსგავსი გოლები არც ისე შორეულ წარსულში ტიერი ანრისა და უეინ რუნის
აქვთ გატანილი. თამაშის მერე ლუისმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად შრომა უნდა გააგრძელოს და ღმერთს მადლობა შესწირა გოლისთვის, ნეგატიური გამოხმაურებებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

"ენფილდი" სიხარულისგან მაშინ გადაირია, როდესაც ჟორჟინიო ვეინალდუმმა ჯორდან ჰენდერსონისა და ჯეიმს მილნერის კარგი თამაშის მერე თავით შეაგდო. სხვათა შორის, "ჩელსის" ფანების სექტორიდან მოზეიმე ჰოლანდიელს ლუდის ბოთლი ესროლეს. ამის გამო კლუბი შესაძლოა, დაისაჯოს.

"კოპმა" და სხვა ტრიბუნებმაც ერთხელაც იფეთქეს, როდესაც დიეგო კოშტამ ჟოელ მატიპს პენალტი აჰკიდა და მის დასარტყმელად თავად მივიდა და… ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ წყდებოდა, "ჩელსი" უშუალო კონკურენტს დაამარცხებდა და წინ გაიქცეოდა. ვერ მოიგო "ტოტენჰემმა", წააგო "არსენალმა"... თუმცა მინოლემ ესპანელის დარტყმა მოიგერია და ფანებთან ერთად ისედაც გადარეული იურგენ კლოპი გადარია. გიჟმაჟი გერმანელი ამ დროს მეოთხე არბიტრს მიეჭრა და ნიშნის მოგებით, რაღაც უღრიალა. მოგვიანებით "ამ საიდუმლოსაც" აეხადა ფარდა. როგორც თავად კლოპომ აღნიშნა, მან ნილ სვარბრიკს უყვირა - ჩვენი დამარცხება არავის შეუძლიაო. "მერე ბოდიშიც მოვუხადე, მან კი მიპასუხა, არ არის პრობლემა, მომწონს შენი შემართებაო" - თქვა ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა. არბიტრმა არა უშავსო, მაგრამ გამორიცხული არ არის, ჰერ იურგენი ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დასაჯოს.

ისე, ბევრი იმასაც ამბობს, რომ დიეგო კოშტას პენალტი თავიდან დასარტყმელი იყო. სანამ იგი ბურთს შეეხებოდა, საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი შეიჭრა. ასეთ დროს, ფურცელზე არსებული წესებით, მსაჯმა ფეხბურთელს თავიდან უნდა შეასრულებინოს დარტყმა. თუმცა არბიტრები ხშირად თვალს ხუჭავენ ასეთ დარღვევაზე. მოკლედ, მარკ კლატენბურგს რთული მატჩი ჰქონდა.

თამაში ენფილდური გამოვიდა, გიჟური, ემოციური, დაძაბული და საინტერესო. საბოლოოდ, ამ ბრძოლასა და ომში დაფიქსირებული ფრე სამართლიან და ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რადგან "ლივერპულსაც" ჰქონდა თავისი ერთი-ორი მომენტი და "ჩელსისაც".

ჰო, კიდევ დიეგო კოშტას დარტყმისას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ წყდებოდა, პენალტი რომ გასულიყო, ამას ახალი ანტირეკორდი მოჰყვებოდა: "ლივერპული" გახდებოდა პირველი გუნდი, რომელიც 11-დღიან მონაკვეთში 4 საშინაო მატჩს წააგებდა და ეს ენფილდელთათვის მართლაც ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა. ასე მიეწყო და დაემთხა - ჯერ პრემიერლიგური მარცხი იყო "სუონსისთან", შემდეგ გუნდს ლიგის თასისა და ასოციაციის თასის შეხვედრებიც საშინაო მოუწია, წააგო "საუთჰემპტონთანაც" და "ვულვზთანაც", ახლა კი "ჩელსის" მასპინძლობა… "ლივერპულს" ბოლო 9 მატჩში ერთადერთი მოგება აქვს (4 ფრე, 4 წაგება). ბევრი უკვე კრიზისზე ლაპარაკობს, მაგრამ კლოპი იმედიანადაა. "ჩელსი" კი უახლოეს მდევრებთან 9-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს, მერსისაიდელები კი კვლავაც 10 ქულის მოშორებით ჰყავს.

"ეს მატჩამდეც ვთქვი და ზოგს არ მოეწონა - ამ დიდებულ გუნდს მოთმინება სჭირდება და საკუთარი ემოციებისა და ნერვების კონტროლი. ყველაფერი კატასტროფულად არ არის იმიტომ, რომ ვაგებთ ან ვერ ვიგებთ. მთავარი შემართებაა და ის, რომ ბიჭები თამაშობენ, ინდომებენ. ამიტომ მივყვეთ ასე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგები საერთო ჯამში შევაფასოთ ბოლოს. ვნახოთ, სად ვიქნებით. "ჩელსისთან" ფრეს დადებით შედეგად მივიჩნევ, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ" - თქვა კლოპმა.

მოგვიანებით კლოპომ მის ვიზავიზე და დიეგო კოშტაზეც ისაუბრა, რომელზეც აღნიშნა, რომ ყველაზე სასიამოვნო ადამიანი არ არის მინდორზე და მისი მეგობარი არ ვიქნებოდიო.

"ის, რასაც "ჩელსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე აკეთებს, ფანტასტიკურია. იგი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ამ სეზონში "ჩელსი" დიეგო კოშტას გარეშე? მის გარეშე მსგავსი შედეგს ჩვენება ძალიან რთული იქნებოდა. კოშტას წინააღმდეგ თამაშისას მისი მეგობარი ვერასოდეს ვიქნები, ასეა. თუმცა, როდესაც ის გუნდში გყავს, ეს ბევრად სასიამოვნო და სახალისოა. იგი ხომ მებრძოლია" - განმარტა გერმანელმა.

ლონდონელთა დამრიგებელი ანტონიო კონტე: "ძალიან რთული მატჩი იყო. ორი გუნდი ინტენსიურად ცდილობდა თამაშს და კარგი შეხვედრა გამოვიდა, კმაყოფილი ვარ. "ლივერპულთან" საშინაო მარცხს თუ შევადარებთ, სულ სხვანაირი თამაში გამოვიდა. დასანანია, რომ დიეგო კოშტამ პენალტი გააცუდა, რადგან მან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო. მინოლეს ნახტომი შესანიშნავი გახლდათ. სხვა შანსებიც გვქონდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ შედეგითა და თამაშით. "ლივერპულთან" სტუმრად თამაში ძალიან რთულია".

სტატისტიკა
* დავიდ ლუისმა 1 386-დღიანი პაუზის მერე, 2013 წლის აპრილიდან მოყოლებული პირველი პრემიერლიგური გოლი გაიტანა "ჩელსის" მაისურით.

* ჟორჟინიო ვეინალდუმს პრემიერლიგაში სულ 14 გოლი აქვს გატანილი და ყველა საშინაო შეხვედრებში (11 "ნიუკასლის" რიგებში, 3 "ლივერპულის").

* სიმონ მინოლეს ინგლისის ჩემპიონატში "ლივერპულის" მაისურით 14 პენალტიდან 6 აღებული აქვს. ეს მერსისაიდელთა ბანაკში საუკეთესო მაჩვენებელია.

* "ჩელსის" "ენფილდზე" 5 პრემიერლიგური სტუმრობაა, არ წაუგია. ბოლოს იქ ლონდონელები 2012 წლის მაისში დაეცნენ.

* 2012 წლის ოქტომბრის მერე "ლივერპულმა" პირველად ჩაატარა 5 საშინაო მატჩი მოუგებლად (ყველა ტურნირზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული