"მანჩესტერ იუნაიტედის" ათი საუკეთესო მეგოლე - უეინ რუნი, ჩარლტონი, ლოუ და სხვები

AutoSharing Option
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს უკვე დროის ამბავი გახლდათ, "შრეკმაც" საქმე დიდად აღარ გადადო და 250-ე გოლი დიდებული დარტყმით შეაგდო.

ინგლისის ნაკრების მერე რუნიმ კლუბშიც დაამხო სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი. ჩვენ კი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში 10 საუკეთესო მეგოლე გავიხსენოთ...

10. პოლ სქოულზი
1994-2011, 2012-13
155 გოლი (718 მატჩი)
ასთმიანი და ჟღალთმიანი საყრდენი ნახევარმცველის უშუალო მოვალეობა გოლების გატანა არ ყოფილა, თუმცა მებრძოლი, ფუტკარივით მშრომელი და ფუსფუსა პოლი ყოველთვის ძალიან პროდუქტიული გახლდათ. 18-წლიანი კარიერის განმავლობაში მან არაერთი
მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომლითაც "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია, ქალაქურ დერბიში "სიტისთან" 3 ქულა მოუტანია გუნდისთვის და ასე შემდეგ.

სქოულზს ძირითადად შორეული დარტყმებით გაჰქონდა. გუნდთან ერთად მან 11-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასები… მან ცოტა ხნით კარიერა დაასრულა და ისევ განახლება გადაწყვიტა, სანამ საბოლოოდ წავიდოდა. სქოულზმა მთელი ცხოვრება ერთ კლუბს მიუძღვნა.

9. მარკ ჰიუზი
1983-86, 1988-95
163 (467)
მწვრთნელის რანგში ჰიუზი სერ ალექს ფერგიუსონისთვის ხელის შეშლას ცდილობდა ხოლმე და ახლახან ჟოზე მოურინიოსაც დააკარგვინა ქულები; ფეხბურთელის რანგში კი, პირიქით, იგი სერ ალექსს ეხმარებოდა. ფერგიუსონის პირველ წლებში, როდესაც შოტლანდიელს მძიმე დრო ედგა, დიდწილად, მარკის გოლებით მოახერხა "მანჩესტერმა" არსახარბიელო სიტუაციიდან გამოძრომა.

7-8. რაიან გიგზი
1994-2014
168 (963)
უელსელი დედის და ინგლისელი მამის ბრიტანელი ვაჟი რაიან გიგზი (უილსონი, მამის გვარით), "წითელი ეშმაკების" დიდი ეპოქის უცვლელი და მთავარი წევრი გახლდათ. მას გაჰქონდა გოლები 20 წლის ასაკშიც, როდესაც საოცარი სისწრაფით ჩაუქროლებდა ხოლმე მეტოქეებს და სოლო-რეიდებს აგვირგვინებდა და 30 წელს ზემოთაც, როდესაც უკვე მიღებულ გამოცდილებას, ტექნიკასა და ჭკუას იყენებდა.

სათამაშო კლასის წყალობით, იგი 40 წლის ასაკშიც გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად რჩებოდა და, ადრე თუ გვიან, "მანჩესტერში" აუცილებლად დაბრუნდება, თავად ეიმედება, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელზეც დროებით იმუშავა კიდეც.

გიგზი, ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, გუნდის რეკორდსმენია და მისი მაჩვენებლის გაუმჯობესება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ჩანს. მან სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ყველა ტიტული მოიგო იმ "ოქროს ეპოქაში" და "ოლდ ტრაფორდზე" ცოტა ხნით შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლის მერეც დარჩა.

7-8. ჯო სპენსი
1919-33
168 (510)
პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის პერიოდი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" არც ისე წარმატებული გახლდათ. "წითელმა ეშმაკებმა" ამ მონაკვეთში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგეს. მეტიც, რამდენჯერმე გუნდი უმაღლესი ლიგიდანაც გავარდა. სამაგიეროდ, კლუბს ჰყავდა ჯო სპენსი, ფლანგის მოიერიშე, რომელსაც გოლები სტაბილურად გაჰქონდა.

13 წლის ასაკში მან ქარხანაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 18 წლისა ჯარში წაიყვანეს და ომში ტყვიამფრქვევიდან მსროლელი გახლდათ. ასე რომ, სპენსმა კარგად იცოდა შრომის ფასიც და ზუსტი გასროლებით "ტყვიას ტყვიაში აჯენდა", მას მერე, რაც არმიიდან დაბრუნებულმა ბურთის სერიოზულად გორება დაიწყო.

5-6. ჯორჯ ბესტი
1963-74
179 (470)
"მანჩესტერის" გულშემატკივრებს რომ ჰკითხოთ, ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, მათი დიდი ნაწილი (და არამხოლოდ ისინი) გიპასუხებთ - პელე კარგია, მარადონა უკეთესი, ბესტი საუკეთესო. დიახ, ბესტი ბევრის აზრით, მართლაც Best იყო.

ალკოჰოლისადმი ზედმეტმა მიდრეკილებამ და სხვა პრობლემებმა თავქარიანი ჩრდილოირლანდიელი გენიოსის კარიერაც ნაადრევად დაასრულა და ცხოვრებაც. თუმცა ის სამუდამოდ იცოცხლებს, როგორც ლეგენდარული, საოცრად ქარიზმატული და უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი.

5-6. დენის ვაიოლეტი
1952-62
179 (293)
ვაიოლეტი "ბასბის ბავშვების" ერთ-ერთი წევრი გახლდათ და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი. ვაიოლეტი ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, ვინც მიუნხენის ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა. ამის შემდეგ მეტ ბასბის გუნდი ბობი ჩარლტონის, ბილი გოუქსის, გარი გრეტისა და სწორედ ვაიოლეტის გარშემო ააშენა. დენისი ძალიან პროდუქტიული გახლდათ და სერ ბობი ჩარლტონის მიღწევების გამო არ უნდა დაიჩაგროს, ისიც ძალიან შედეგიანი იყო, სანამ 1962 წელს "სტოკში" არ გაუშვებდნენ.

მოგვიანებით მან მწვრთნელობა დაიწყო და 1999 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე ამერიკაში მუშაობდა, კერძოდ კი, ფლორიდის შტატში, ჯეკსონვილის კოლეჯში. იქ მისი სახელობის საწვრთნელი ბაზაც გახსნეს. ვაიოლეტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას სიმსივნე ჰქონდა.

4. ჯეკ როული
1937-55
211 (424)
როულიმ პროფესიონალებში თამაში ადრეულ, 15 წლის ასაკში დაიწყო. მან "ვულვზისა" და "ბორნმუთის" რიგებში გამოიჩინა თავი. 17 წლის ასაკში ჯეკი "მანჩესტერში" გადაბარგდა და თავის მეორე მატჩში "სუონსის" პოკერი შეუსრულა. მერე კი თავისი გოლებით მეტ ბასბის დაეხმარა, რომ ამ უკანასკნელს გუნდში ფეხი მყარად მოეკიდებინა და საფუძველი ჩაუყარა დიდი "იუნაიტედის" შექმნას. გუნდში 18-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 200-ზე მეტი გოლი შეაგდო.

3. დენის ლოუ
1962-73
237 (404)
შოტლანდიელები "მანჩესტერში" ალექს ფერგიუსონამდეც უყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მას "მანჩესტერ სიტის" მაისურითაც აქვს ბურთი გაგორებული, დენის ლოუზე "იუნაიტედის" ფანები გიჟდებიან. მძლავრი ფორვარდი, რომელიც მეტოქეთა კარში ბურთებს ლურსმნებივით აჭედებდა.

საიმედო და საოცრად პროდუქტიული სნაიპერი. ლოუ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს თასების თასის ორჯერ მოგებაში დაეხმარა, ასევე ორჯერ - ინგლისის ჩემპიონობისა და ერთხელ თასის მოპოვებაში. თავად კი 1964 წელს "ოქროს ბურთი" ჩაიხუტა.

2. ბობი ჩარლტონი
1956-73
249 (758)
სერ ბობის რეკორდი დაემხო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. თუმცა ჩარლტონი დარჩება, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის", ასევე, ინგლისური ფეხბურთის მე-20 საუკუნის მთავარ სიმბოლოდ. ბოლოს და ბოლოს, მისი თაოსნობით ნაკრებმა გააკეთა ის, რაც არასდროს, არც იქამდე და არც მერე არ გამოსვლია - გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. დაწვრილებით გუნდურ და ინდივიდუალურ ტიტულებს ნუ ჩამოვთვლით, ერთი ის ვთქვათ, რომ "ოქროს ბურთი" 1966 წელს აიღო.

21 იანვარს იგი ტრადიციულად ესწრებოდა საყვარელი "მანჩესტერის" მატჩს და გაბადრული აღნიშნავდა რუნის გოლს, რომელმაც მისი მრავალწლიანი რეკორდი დაამხო.

1. უეინ რუნი
2004-
250 (546)
უცნაურია, მაგრამ ახალი "მანჩესტერის" სიმბოლო და კლუბის ცოცხალი ლეგენდა, ახლა კი უკვე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლივერპულშია დაბადებული, თუმცა იგი "ევერტონში" იწყებდა და "ლივერპული" მისთვის თავიდანვე მტერი იყო.

ამის გარეშეც, რუნი წმინდა წყლის "წითელი ეშმაკია". წლებმა, ტრავმებმა, მითქმა-მოთქმამ, რომ მას ყიდიან, ფორმაში აღარ არის, შეტევებს ანელებს, მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს, უეინის ცენტრში გადაწევამ და სხვა დანარჩენმა, "შრეკს" ბევრი ვერაფერი დააკლო. მან მაინც გააკეთა ის, რასაც ველოდით და რაც დროის ამბავი იყო. მას გაცილებით ნაკლები მატჩი და ნაკლები სეზონი დასჭირდა ამდენი გოლის დასაგროვებლად, ვიდრე სერ ბობის.

"ეს საოცრად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს დიდი პატივია და ძალიან ვამაყობ. ძნელია ბოლომდე დატკბე რეკორდით, როდესაც შენი გუნდი ვერ იგებს, მაგრამ ჩემთვის ეს მიღწევა მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და უდიდესი პატივია. ამ ყველაფერზე ვერც ვიოცნებებდი, როდესაც "მანჩესტერში" გადმოვდიოდი. ახლა კი იმედი მაქვს, რომ ბევრი კიდევ წინ არის" - განაცხადა რუნიმ "სტოკთან" მატჩის მერე.

"ბრიტანიაზე" უეინმა "მანჩესტერი" ბოლო წუთზე იხსნა წაგებისგან, სარეკორდო და ულამაზესი გოლით, ისეთით, რეკორდს რომ ეგების. მან მახვილი კუთხიდან ჯარიმა უზადოდ შეასრულა და 250-ედ გააკეთა ის, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჯერ კიდევ წლების წინ მიგვაჩვია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული