ლიგის თასი: ვინ იქნებიან ფინალისტები?

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" "ლივერპულს" ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში 1:0 მოუგო.

არადა, სხვაობა შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო. მერსისაიდელების შემადგენლობას საბრძოლო ეთქმოდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, "წმინდანებმა" გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. იურგენ კლოპს ვერც ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებამ უშველა. სამაგიეროდ, მერსისაიდელებს უშველა სიმონ მინოლეს ნაცვლად კარში დაყენებულმა ლორის კარიუსმა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

კლოდ პუელის გუნდს ნათან რედმონდმა მოაგებინა, რომელიც ჯეი როდრიგესის პასის მერე კარიუსს პირისპირ შერჩა და გერმანელ მეკარეს ადვილად აჯობა. ამ ეპიზოდში "ლივერპულის" მცველების არადამაჯერებელი თამაში გახლდათ მთავარი. ყველაზე
მეტად რაგნარ კლავანის ლაფსუსი უნდა გამოვარჩიოთ, ესტონელი ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ფეხი ააცილა.

"მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა და როდესაც "ლივერპულის" დარი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ოდენ ერთ შანსს იღებს, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან არ გაგვიმართლა, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა და უფრო მეტი უნდა გაგვეტანა, რადგან "ენფილდზე" საპასუხო შეხვედრაში ძალიან რთული იქნება. იქამდე კი პრემიერლიგის მატჩებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ზედიზედ სამ ტურში დავმარცხდით და ასეთი კარგი თამაში და რეაქცია გვჭირდებოდა" - თქვა პუელმა.

იურგენ კლოპი: "ჩვენ ლორის კარიუსის სასწაულებრივი თამაში დაგვჭირდა იმისთვის, რომ უარეს სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავით. მან რამდენჯერმე გვიხსნა. ყველაზე კარგი ამ მატჩში შედეგია. დიახ, უცნაური სათქმელია, მაგრამ მხოლოდ 0:1 წავაგეთ და ეს კარგია. "საუთჰემპტონი" კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან შეეძლო 2:0 ან 3:0-იც კი მოეგო. ახლა კი გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ ვიცით, რომ თამაში გაცილებით უკეთ შეგვიძლია და "ენფილდზე" ამის დამტკიცებას ვეცდებით".

ბოლო წლებში "საუთჰემპტონი" ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ საინტერესოა, რომ ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი ახლა აქვს პუელის ხელში. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" 2:0 მოუგო "ჰალ სიტის".

ამ კლუბების საპასუხო შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება, ხოლო 25 იანვარს "ენფილდზე" ერთმანეთს "ლივერპული" და "საუთჰემპტონი" შეებმებიან. აქვე აღვნიშნოთ, რომ პუელს მწვრთნელის რანგში მერსისაიდელების წინააღმდეგ ახლა უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული და არც ერთი არ წაუგია - 2 მოგება, 2 ფრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული