"მანჩესტერი": მოგებული ნახევარფინალი, გაჩარხული ტრანსფერი და დიდი მატჩის სამზადისი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ევერტონმა" მორგან შნედერლენის ტრანსფერი შეათანხმეს და ის მალე უნდა გაოფიციალურდეს. 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც ლუი ვან გაალმა 2015 წლის ივლისში "საუთჰემპტონისგან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა, "კანფეტებში" 22 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდება.

"გუდისონ პარკის" ბინადრებმა ამასობაში რონალდ კუმანის მიერ დაწუნებული 26 წლის ომარ ნიასის "ჰალში" განათხოვრების საკითხი მოაკვარახჭინეს.

შნედერლენის მერე კი, "მანჩესტერის" კიდევ ერთი ფეხბურთელის, მემფის დეპაის ტრანსფერზე იმუშავებენ. 22 წლის შემტევს "იუნაიტედი" ცოტა უფრო ძვირად აფასებს და მას "ევერტონის" გარდა, სხვა მსურველებიც ჰყავს, მათ შორის - პრემიერლიგის
მიღმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ კუმანის პირველი შენაძენი ზამთარში 19 წლის ადემოლა ლუკმენი გახდა. ახალგაზრდა თავდამსხმელში მერსისაიდელებმა "ჩარლტონს" 11 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

"ედ ვუდვორდმა მითხრა, რომ სიტუაცია გარკვეულია და ტრანსფერი თითქმის შემდგარია. მორგანი "ევერტონში" მიდის. დამწუხრებულიც ვარ და ბედნიერიც, რადგან ის ძალიან მომწონს და გუნდს დაეხმარებოდა, მაგრამ მიხარია, რომ იმას მიიღებს, რაც უნდა. შნედერლენს ყველა მატჩში სურს თამაში და მისი სურვილი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ამას პატივი უნდა ვცეთ" - განაცხადა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

"განსაკუთრებულმა" "ლივერპულთან" მომავალი და მნიშვნელოვანი მატჩის შესახებაც ისაუბრა. "წითელი ეშმაკები", რომლებსაც ყველა ტურნირზე მიჯრით 9 მოგება აქვთ, 5 ქულით ჩამორჩებიან "ენფილდის" ბინადრებს, რომლებსაც კვირას "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებენ. თავის მხრივ, იურგენ კლოპის გუნდი ამდენივეთი ჩამორჩება ლიდერ "ჩელსის".

მატჩი, როგორც გითხარით, "ოცნებების თეატრში" კი იმართება, მაგრამ მოურინიომ ფანებს მიმართა და უთხრა, რომ ეს არ იქნება სპექტაკლი და მათ კიდევ უფრო მხურვალედ უნდა დაუჭირონ მხარი საყვარელ გუნდს. მანჩესტერელებმა ასოციაციის თასის ნახევარფინალი შინ "ჰალს" ხუან მატასა და მარუან ფელაინის მეორე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, მაგრამ პორტუგალიელმა დასძინა, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა მოუმატოს, თორემ მერსისაიდელებთან ასეთი თამაშით გაგვიჭირდებაო:

"ეს ჩვენთვის განსაკუთრებული თამაშია. ენთუზიაზმით თამაში გვჭირდება და ფანებიც ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ მინდორზე და ჩვენთან ერთად ითამაშონ. როდესაც ტემპში და კარგად ვერ ვთამაშობთ, ნორმალურიცაა, რომ ფანების ხმა იმდენად არ ისმის. თუმცა ჩვენ არანორმალურად კარგი გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც გვამხნევებენ და სტიმულს გვაძლევენ. დიდი მატჩები კი ყველას მოსწონს და უყვარს - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფანებს. ასე რომ, ერთად ვითამაშოთ კვირას" - განაცხადა მოურინიომ.

ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ ჟოზეს შეგონებებზე ქომაგებს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ "ლივეპრულს" ამ სეზონში სულ ორი წაგება აქვს - სტუმრად "ბარნლისთან" (0:2), როდესაც "კლოპოს" ბიჭები უპირატესობას ფლობდნენ და ასევე გასვლაზე "ბორნმუთთან" (3:4) მატჩში, რომელშიც მერსისაიდელები 3:1-ს იგებდნენ.

დაბოლოს, "ვეფხვებთან" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფორმაში შესული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ითამაშა, მაგრამ მოუმ ყველა დაამშვიდა - იბრა უბრალოდ გაციებული გახლდათ და კვირისთვის ჯანზე იქნებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული