სკანდალი "დორტმუნდში" - რა უნდოდა ობამეიანგს იტალიაში?

AutoSharing Option
"დორტმუნდისა" და "სპორტინგის" საჩემპიონთალიგო მატჩის წინ პიერ-ემერიკ ობამეიანგის მაისურა ჩვეულებრივ ეკიდა გერმანული კლუბის გასახდელში. ცხადია, თომას ტუხელი 27 წლის გაბონელს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა და სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ...

როცა "სიგნალ იდუნა პარკის" ინფორმატორი შემადგენლობებს აცხადებდა, "დორტმუნდის" ფანებმა აღმოაჩინეს, რომ მათი საყვარელი გუნდი ლისაბონური გრანდის წინააღმდეგ მთავარი მეგოლის გარეშე ითამაშებდა.

ტუხელმა მის ნაცვლად ძირითადში კოლუმბიელი ფორვარდი ადრიან რამოსი დააყენა, ობამეიანგმა კი ტრიბუნაზე მონახა ადგილი და იქიდან ადევნა თვალი თანაგუნდელების გამარჯვებას, რომელმაც "დორტმუნდს" მერვედფინალის საგზური არგუნა.

ზოგი ჭირი რომ ხანდახან მარგებელიცაა, ეს
კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ ისტორიით - სწორედ "ობას" შემცვლელმა რამოსმა გაიტანა ერთადერთი გოლი "სპორტინგის" კარში...

ინფორმაცია მომხდარზე გაურკვეველი იყო მანამ, ვიდრე ტუხელს პრესკონფერენციაზე არ ჰკითხეს ობამეიანგის არყოფნის მიზეზი. "დორტმუნდის" მწვრთნელმა დეტალებში ჩაღრმავება არ ისურვა:

"ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მერწმუნეთ, იმ მომენტში სხვა არჩევანი არ მქონდა. მიზეზებზე არაფერს ვიტყვი, ეს ჩვენი კლუბის "სამზარეულოში" დარჩება, მაგრამ ერთი რამ ახლავე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ 5 ნოემბერს ობამეიანგი "ჰამბურგთან" აუცილებლად ითამაშებს".

გაბონელის დასჯის რეალური მიზეზი მოგვიანებით გაირკვა. აღმოჩნდა, რომ 31 ოქტომბერს, უფროსების ნებართვის გარეშე იტალიაში გაემგზავრა, სადაც თავის უფროს ძმასთან და ვიღაც უცნობთან ერთად რესტორანში ივახშმა, ამ თავშეყრის ამსახველი ფოტო კი "ობას" ძმამ "ინსტაგრამზე" ატვირთა.

გაურკვეველი დარჩა მხოლოდ ის, თუ რა უნდოდა პიერ-ემერიკს იტალიაში. ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს, რომ იქ მხოლოდ სავახშმოდ წავიდა. რამე სატრანსფერო საქმეებზე იყო ვითომ? მაგრამ მას ხომ "რეალი" უთვალთვალებს?

ვნახოთ, ერთ მშვენიერ დღეს ამ საიდუმლოებით მოცული ვოიაჟის მიზეზიც გაცხადდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული