გერმანიის ნაკრები: ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ...

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები უახლოეს ორ საკვალიფიკაციო მატჩში ჩეხეთსა (8 ოქტომბერი, ჰამბურგი) და ჩრდილოეთ ირლანდიას (11 ოქტომბერი, ჰანოვერი) უმასპინძლებს. იოახიმ ლიოვმა ამ თამაშებისთვის 22 ფეხბურთელი შეარჩია.

მან გარკვეული კორექტივები შეიტანა შემადგენლობაში, რომელიც პირველი ტურის მატჩისთვის (გერმანელებმა ოსლოში 3:0 მოუგეს ნორვეგიას) ჰყავდა გამოძახებული. ბუნდესნაკრებში ბრუნდებიან ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი"), მარიო გომესი ("ვოლფსბურგი"), ილქაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი"), კევინ ფოლანდი ("ლევერკუზენი") და სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმი"). ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვისაც იყო სიაში, მაგრამ ბოლო მომენტში ლიოვმა მასზე უარი თქვა.

მომავალი მატჩებისთვის კი ბუნდესმწვრთნელმა შეარჩია ნიკლას
შიულე ("ჰოფენჰაიმი"), ჯონათან ტაა ("ლევერკუზენი") და ლერუა სანეც ("მანჩესტერ სიტი"). თუმცა მოგვიანებით ისინი ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო.

ჩეხეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ტრავმების გამო არ იქნებიან ქარიმ ბელარაბი ("ლევერკუზენი") და ანდრე შიურლე ("დორტმუნდი"), ხოლო ემრე ჩანი ("ლივერპული") ახლახან გამოჯანმრთელდა, ფორმაში ვერ არის და ამ ეტაპზე ლიოვმა მისი გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, კარგად ითამაშა ხორვატიისა და ესპანეთის წინააღმდეგ, - თქვა ლიოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, - საერთოდ, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი (კარელ იაროლიმი - რედ.), რომელმაც გარკვეული ცვლილებები განახორციელა, მიიწვია რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მოტივირებულები იქნებიან ჩვენ წინააღმდეგ.

ამიტომ სრული კონცენტრაცია გვმართებს... რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, ჩვენ ამ გუნდს ახლახან ვეთამაშეთ (1:0 გერმანელთა სასარგებლოდ - რედ.) ევროპის ჩემპიონატზე და ვიცით, რომ მათი მთავარი იარაღი ძლიერი საბრძოლო სულისკვეთებაა. ჰანოვერში მათ თითქმის ყველა ის ფეხბურთელი ეყოლებათ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამიტომ ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ 11 ოქტომბრის მატჩში".

აქვე გეტყვით, რომ დანაკლისი აქვს გერმანელთა ზეგინდელ მეტოქესაც - ჩეხებს არ ეყოლებათ მილან შკოდა. 30 წლის ფორვარდი, რომელიც "სლავიაში" ლევან ყენიას თანაგუნდელია, ცოტა ხნის წინ "სპარტასთან" დერბიში დაშავდა და ჯერაც მკურნალობს.

ბოლოს ისევ გერმანიის ნაკრებს დავუბრუნდეთ და ლიოვის რჩეულთა სიას გადავხედოთ:

მეკარეები: ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);

მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი, ინგლისი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი);

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), მაქს მაიერი (შალკე), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი);

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (დორტმუნდი), მარიო გომესი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული