ბუნდესლიგა. XVI ტურის ფაქტები: "ბაიერნზე" გამტანები

AutoSharing Option
* რობერტ ლევანდოვსკიმ 48-ე გოლი გაიტანა 73-ე ოფიციალურ შეხვედრაში "ბაიერნის" მაისურით. ბუნდესლიგაში კი უკვე 106 ბურთი უგროვდება და ყველა დროის საუკეთესო უცხოელ ბომბარდირთა შორის, შაპუიზასა და აილტონთან ერთად, მესამე ადგილს იყოფს.

* სალომონ კალუს საგარეო შეხვედრებში 7 გოლი აქვს გატანილი. სტუმრად ჩატარებულ თამაშებს თუ დავთვლით, ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

* თომას მიულერმა და ლევანდოვსკიმ 16 ტურში 16-16 გოლში მიიღეს მონაწილეობა - მიულერმა 13 გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო პოლონელმა 15 შეაგდო და ერთხელ ასისტენტად მოგვევლინა.

* ბოლო 9 მატჩია,
ვედად იბიშევიჩმა 8 გოლში მიიღო მონაწილეობა. წუთობრივად მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია - იგი ყოველ 82 წუთში ერთხელ ქმნის გოლს.

* "ჰამბურგს" თავისი 22 ქულიდან 14 სტუმრად აქვს აღებული. უკანასკნელი 7 საგარეო შეხვედრიდან გუნდმა ოდენ 1 დათმო.

* "ბაიერნმა" გვარდიოლას ეპოქის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და მიჯრით მე-14 საშინაო თამაში მოიგო.

* "ფრაიბურგის" ექსმეკარემ, ახლა კი "დორტმუნდის" კარის დარაჯმა რომან ბიურკიმ ბუნდესლიგაში თავისი 50-ე მატჩი ჩაატარა. მას არც ერთი წუთი არ დაუსვენია, იმის შემდეგ, რაც უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

* პიერ ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზე 16 ტურის მერე უკვე 18 გოლია, პლუს 4 საგოლე გადაცემა. გაბონელი ყოველ 69,9 წუთში გოლის შემოქმედია. 26 წლის თავდამსხმელს ყველა ტურნირზე 25 მატჩში 26 გოლი უგროვდება.

* "დორტმუნდისთვის" ჩემპიონატში "აინტრახტი" ყველაზე სასურველი მეტოქეა, ფრანკფურტელების წინააღმდეგ ბორუსიელებს 40 მოგება აქვთ (84 მატჩიდან).

* "აუგსბურგმა" ბუნდესლიგაში პირველად დაამარცხა გელზენკირხენის "შალკე", მე-9 მცდელობიდან.

* რა გასაკვირია და, "აინტრახტის" უკანასკნელი 8 გოლიდან 5-ში ალექსანდრ მაიერი მონაწილეობდა - 4 გოლი, 1 პასი.

* ჰენრიხ მხითარიანი ისევ შესანიშნავ ფორმაშია. სომეხ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში სულ 26 მატჩი აქვს ჩატარებული და მან 29 გოლში მიიღო მონაწილეობა - 14 თავად შეაგდო, 15-ის გატანაში სხვებს დაეხმარა.

* "დორტმუნდს" მიყოლებით 23 თამაშია, სულ ცოტა, 1 ბურთი გააქვს.

* "დორტმუნდს" ამ წუთას "ბაიერნზე" ერთით მეტიც კი, 46 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ბორუსიელებს 16 ტურის მერე ამაზე მეტი (49) გოლი, ეს 1963/1964 წლების სეზონში მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული