ფრანც ბეკენბაუერი: ახლა "დორტმუნდია" ფავორიტი!

AutoSharing Option
"ჰამბურგთან" 1:1-ს "ბაიერნისთვის" ლიდერობის დაკარგვა მოჰყვა, ლიდერობის დაკარგვას კი პესიმიზმი. მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს მიაჩნია, რომ გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგის უპირველესი ფავორიტი აღარაა.

"დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის მოქმედი ჩემპიონია და იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილს ახლაც ერთპიროვნულად ლიდერობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბუნდესლიგის უმთავრეს ფავორიტად უკვე "დორტმუნდი" უნდა მივიჩნიოთ, - წერს 66 წლის კაიზერ-ფრანცი გაზეთ "ბილდის" ფურცლებზე და იქვე დასძენს, - კლოპს მოვუწოდებ, თავი დაანებოს თვალთმაქცობას და იმის მტკიცებას, რომ ფავორიტი მაინც "ბაიერნია" და რომ ჩემპიონი რეკორდმაისტერი
გახდება."

ბეკენბაუერს კარგად ესმის, რატომაც იქცევა კლოპი ასე - მას უნდა, რომ თავის ფეხბურთელებს ზეწოლა აარიდოს და მათ "მეცხრე ცაზე ყოფნის" საშუალება არ მისცეს, რადგან ეს დასჯადი ფენომენია, მაგრამ: "როცა "დორტმუნდი" მე-20 ტურის შემდეგ ცხრილს ლიდერობს, მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვაა იმის მტკიცება, რომ მთავარ ფავორიტად მაინც "ბაიერნი" რჩება," - მიაჩნია ბეკენბაუერს.

მისი აზრით, მიუნხენურ გრანდს მეორე წრეში ის სიმსუბუქე აკლია, რაც იუპ ჰაინკესის გუნდს სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად ამშვენებდა. სამაგიეროდ, "კაიზერ-ფრანცის" თქმით, ეს სიმსუბუქე დორტმუნდელებმა დაიბრუნეს.

"ბაიერნს" ახლა ურთულესი პერიოდი ელის, რადგან ჩემპიონთა ლიგაშიც მოუწევს ასპარეზობა, დორტმუნდელებს კი ეს პრობლემა აღარ აქვთ," - წერს ბეკენბაუერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული