ლუკაკუ მიუნხენში - "ბაიერნი" ორი ცენტრფორვარდით ითამაშებს?

AutoSharing Option
კორენტინ ტოლისო, კინგსლი კომანი, ნიკლას ზულე, სერჟ გნაბრი და სებასტიან რუდი - თავისთავად არაა ცუდი კომპანია. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც უკვე შეიძინა მიუნხენის "ბაიერნმა". და მაინც, იმ პირობებში, როცა კარიერა დაასრულეს ჩაბი ალონსომ და ფილიპ ლამმა, გუნდს მინიმუმ ერთი სუპერტრანსფერი მაინც სჭირდება.

სჭირდება შეიძლება არა მაინცდამაინც შემადგენლობის გაძლიერებისათვის, რადგან მიუნხენურ გრანდში ისედაც ჯოჯოხეთური კონკურენციაა, არამედ იმიჯისათვის. ეს ხომ "რეკორდმაისტერია" - გუნდი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გამორჩეული და პირველი უნდა იყოს.

თავი დავანებოთ ალექსის სანჩესს. "ბაიერნის" ინტერესის თაობაზე ისედაც ყველამ ყველაფერი
იცის. და უცებ ჩნდება რომელუ ლუკაკუს ვარიანტი. ლუკაკუს აღარ უნდა "ევერტონში" და ეს ბუნებრივია. მას ისეთ გუნდში უნდა, სადაც ტიტულებს მოიგებს.

და რად უნდა "ბაიერნს" ბელგიელი? რობერტ ლევანდოვსკის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. ჩვენ ხშირად გვინახავს "ბაიერნი" პოლონელის გარეშე და არცთუ ჯანმრთელი პოლონელით და ეს უკვე აღარ არის ის "რეკორდმაისტერი", რომლის ნახვაც გულშემატკივრებს უნდათ.

ლუკაკუს მისვლა, თუ ალექსისის ტრანსფერი არ შედგა, ნიშნავს იმას, რომ გერმანული კლუბი ერთ სუპერვარსკვლავს მაინც იყიდის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში.

ერთიცაა: სეზონი ძალიან გრძელია და თამაში ყველას მოუწევს. არც ისაა გამორიცხული, ლუკაკუს გუნდში მისვლის შემთხვევაში კარლო ანჩელოტი ახალ ტაქტიკურ სქემაზე დაფიქრდეს, რომელშიც ერთად იქნება შესაძლებელი ორი სუპერფორვარდის გამოყენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული