[ფანკლუბები] ფანკლუბი, რომელმაც თბილისში ლოთარ მათეუსს უმასპინძლა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ქართულ ფან-კლუბს წარმოგიდგენთ. მის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ რომა ხოჯავას ვესაუბრეთ.

- როდის და რა მიზნით დაფუძნდა ფანკლუბი?
- ფანკლუბი 2009 წელს დავაარსეთ. მანამდე არსებობდა კლუბისადმი მიძღვნილი საიტი, მაგრამ იმ პერიოდისთვის ის მხოლოდ სტატიებით შემოიფარგლებოდა. მაშინ საიტის ადმინისტრაციას წინადადებით მივმართე: მოდი, ფანკლუბი დავაარსოთ და გულშემატკივრებმა
თამაშებს ერთად ვუყუროთ-მეთქი, თუმცა, რთული გრაფიკის გამო ეს ვერ შეძლეს. ამიტომ მათთან შეთანხმებით, ეს ყველაფერი მე ვითავე.

გარკვეული ხნის შემდეგ საიტი შევისყიდეთ, სახელი გადავარქვით (bayern.ge). მისი დახმარებით ჩვენი საფეხბურთო გუნდიც შევქმენით, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა - რამდენიმე ტურნირზე ჩემპიონები გავხდით.

Sportall.Ge

- როგორ ვითარდებოდით, როგორ იზრდებოდა წევრთა რაოდენობა?
- ფანკლუბის განვითარებაზე ორ მეგობართან ერთად ვიზრუნე. ყველაფერი ისე მარტივი ვერ გამოვიდა, როგორც თავიდან მეგონა, მაგრამ, ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გავართვით.

2010 წელს ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ძალიან ბევრი მსურველი იყო ჩვენთან გაწევრიანების და დღემდე ასეა.

Sportall.Ge

- დღეს რამდენნი ხართ?

- საკმაოდ ბევრნი. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს გაკეთებული, ასევე გვაქვს საიტი, სადაც დაახლოებით 2500-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

- კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, არა. ისე კი, "ბაიერნის" ოფიციალური ფანკლუბის რამდენიმე წევრთან პირადად ვმეგობრობ.

ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით: 2013 წელს, როდესაც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა, კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ჩვენი შეკრების ფოტოც გამოქვეყნდა.

- თქვენთან გაწევრიანება როგორ ხდება?
- მთავარი სურვილია. არც საწევროა გადასახდელი და არც ასაკია შეზღუდული. ყოფილა შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვებს გამოუთქვამთ ჩვენთან გაწევრიანების სურვილი და უარი არ გვითქვამს.

- არც ისე დიდი ხნის წინ თბილისში ლოთარ მათეუსს უმასპინძლეთ. მომავალშიც ხომ არ აპირებთ "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელების მოწვევას?
- ეს ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება იმ ხალხისთვის, ვინც იმ საღამოს იქ იმყოფებოდა.

თავდაპირველად, მას წერილი მივწერეთ, თუმცა გამოხმაურება არანაირი ყოფილა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ის საქართველოში ჩამოდიოდა. მათეუსი აქ ერთ-ერთი კომპანიის გახსნაზე დაპატიჟეს. როგორც კი ჩამოვიდა, ჟურნალისტებთან იკითხა, თუ ვინ იყო ჩვენი ფანკლუბის ლიდერი, რადგან მასთან გასაუბრება სურდა.

დამიკავშირდნენ ჟურნალისტები და დეტალებზე შევთანხმდით. მეორე დღეს მთელმა ფანკლუბმა მთაწმინდის ერთ-ერთ რესტორანში მათეუსთან ერთად ვუყურეთ გერმანია-სომხეთის ამხანაგურ მატჩს.

მან ავტოგრაფები დაარიგა, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და გერმანიის ნაკრების ფანკლუბიც ოფიციალურად იმ დღეს დაარსდა. მას ფანკლუბის პრეზიდენტის სტატუსი მივანიჭეთ, რამაც ძალიან გაახარა.

Sportall.Ge

გვსურს, საქართველოში მომავალშიც მოვიწვიოთ "ბაიერნის" რომელიმე ლეგენდარული ფეხბურთელი. მაგალითად, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით მიროსლავ კლოზეს.

მათეუსის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოცნებები ხდება და ვნახოთ, ეგებ სამომავლოდ კლოზეც ჩამოვიდეს.

- ქართულ ფეხბურთთან თუ გაქვთ შეხება?
- თავად ფეხბურთელი ვიყავი... ფანკლუბი კონკრეტულად ერთ რომელიმე ქართულ კლუბს არ გულშემატკივრობს. მაგალითად, მე "ტორპედოს" გულშემატკივარი ვარ, სხვა - სხვა გუნდის.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საშა შენ ჩვენზე უსაქმური ხარ ესეიგი
გიო
16:19 06-06-2017
0
Da rasxedav ak usakmurobas??
Roma
05:35 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული