ჰანს-იოახიმ ვატცკე: ჰიონესის შემთხვევაში საქმე ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე ული ჰიონესის სიტყვებს გამოეხმაურა.

საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინათ ჰიონესმა განაცხადა - "ბორუსიაში" ეგონათ, ამ სეზონში "ბაიერნს" პედესტალიდან ჩამოაგდებდნენ და დიდი გეგემები ჰქონდათ, იქადნებოდნენ კიდეც, მაგრამ შობაზე ცხრილს ჩავხედე და დავინახე, რომ დორტმუნდელებს ამჯერადაც და ისევ 12 ქულით ვუსწრებთო...

- რას იტყვით ჰიონესის განცხადებაზე?
- მე ამ სიტყვებმა გამაკვირვა. ჩვენ ყოველთვის პირიქით ვამბობდით - გადაწყობისა და რეკონსტრუქციის სეზონი გვექნებაო. სამი გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ და ვიცოდით, როგორი ძნელი იქნებოდა. არავის "ბორუსიის" ბანაკიდან არ
უთქვამს არაფერი ისეთი, რისი ინტერპრეტირებაც ისე იქნებოდა შესაძლებელი, როგორც ეს ჰიონესმა გააკეთა. მაშინ, როგორ და რის საფუძველზე გააკეთა ჰიონესმა ეს განცხადებები? თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ საქმე ალბათ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს.

- ჰიონესმა ისიც თქვა, რომ კონკურენტების ცრემლებამდე მიყვანა სურს. ამან გაგაბრაზათ და გაგაღიზიანათ?
- არა. მან უკვე მოიხადა ბოდიში "ლაიპციგის" წინაშე და მოგვიბოდიშა ჩვენც. ეს რამდენიმე საათში მოხდა იმის მერე, რაც "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს.

- მან "დორტმუნდსა" და "ლაიპციგს" მტრები უწოდა...
- ჰიონესის სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. არ მსურს ყველა ისტორიასა და გამოხტომაზე კომენტარის გაკეთება. როდესაც საქმე პირდაპირ "დორტმუნდს" ეხება, მიწევს ხოლმე რამის თქმა, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა.

- გაქვთ თუ არა რაიმე შეხება, კონტაქტი და საერთო ინტერესები მიუნხენელებთან?
- რასაკვირველია. ხშირად ვესაუბრები ჩემ კოლეგას, კარლ-ჰაინც რუმენიგეს. ადრე ჩვენ ერთმანეთს ვუტევდით ხოლმე, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა და საერთო ინტერესები გვაქვს - სატელევიზიო უფლებები, შემოსავლების განაწილება და სხვადასხვა საკითხი. რუმენიგე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ევროპულ ფეხბურთში. მე თანამშრომლობისკენ ვარ მიმართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული