"ბარსელონას" მწვრთნელობის 6 კანდიდატი და მათი შანსები

AutoSharing Option
"მარკა" გვთავაზობს ექვს კანდიდატს და მათ შანსებს, რომელთაც "ბარსელონაში" ლუის ენრიკეს ჩანაცვლების კანდიდატებად განიხილავენ. ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება, თუკი აპრილში ამჟამინდელი მწვრთნელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს განაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე კანდიდატს უთამაშია "ბარსელონას" მაისურით.

ერნესტო ვალვერდე
"ასულგრანაში" მისვლის ძველი ფავორიტი. როდესაც "ბარსელონაში" მწვრთნელის ადგილი ვაკანტური ხდება, "ბილბაოს" ამჟამინდელი თავკაცი ყოველთვის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა, მაგრამ ახლა 52 წლის სპეციალისტი ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ნომერ პირველ კანდიდატად იქცეს. რაც მთავარია, ზაფხულიდან მას "ბილბაოსთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს.

ხუან კარლოს უნსუე
ძალზე სავარაუდო ვარიანტია,
ის ხომ ლუის ენრიკეს მარჯვენა ხელია. ასე იყო "სელტაში" და ასეა 2014 წლიდან "კამპ ნოუზეც". მან კარგად იცის გუნდის ავან-ჩავანი და მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია, თუმცა მხოლოდ "ნუმანსიასა" და "რასინგში".

ეუსებიო საკრისტანი
თითქმის დეკადა "ბარსელონას" ნახევარმცველი იყო. ის "ასულგრანას" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა, სანამ "რეალ სოსიედადში" წავიდოდა. ეუსებიო ბასკურ გუნდში საკმაოდ წარმატებულია. მასაც მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს სანსებასტიანულ კლუბთან.

ლორან ბლანი
ზემოთ ჩამოთვლილი სამეულიდან ყველა ეთნიკურად ბასკია, მიუხედავად იმისა, რომ უნსუე ნავარის დედაქალაქიდანაა, ვალვერდე - ესტრემადურადან, ხოლო ეუსებიო - კასტილია-ლეონიდან.
და აი, პირველი "არაბასკი" ბლანი ფრანგია, თუმცა ბასკეთის მეზობელი ოქსიტანიის რეგიონიდან. ბლანს რატომღაც არ დაუფასდა პსჟ-ში საქმიანობა, მას "ბორდოც" ჰყავს საფრანგეთში გაჩემპიონებული და, რაც მთავარია, ექსბარსელონელია.

რონალდ კუმანი
კიდევ ერთი ექსბარსელონელი, მეტიც, გუნდის ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა. "ევერტონთან" კონტრაქტი მას ივნისში ეწურება. ზოგიერთი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ კუმანთან არაფორმალური მოლაპარაკება "ბარსამ" უკვე დაიწყო.

ფრანკ დე ბური
კვლავ ექსბარსელონელი, კვლავ მცველი. "აიაქსს" წარმატებით წვრთნიდა, მაგრამ იგივე მილანის "ინტერში" ვეღარ შეძლო და მალევე მოხსნეს. მასაც შეიძლება მიეცეს შანსი "ბარსელონაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთი არ არის მაგ სასტავში?
ილია
13:11 05-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული