"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"

AutoSharing Option
30 დეკემბერს ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ "ვალენსიის" იტალიელმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ თანამდებობა დატოვა.

ბევრს ეს უბრალო ჭორი ეგონა, მაგრამ კლუბმა რამდენიმე საათში ინფორმაცია დაადასტურა. 59 წლის პრანდელის მწვრთნელობა ესპანურ გუნდში სამ თვეს გაგრძელდა. მას არც წარმატებული ეთქმოდა და არც წარუმატებელი (იმის გათვალისწინებით, თუ რა სიტუაცია დახვდა პრანდელის "ღამურების" ბანაკში), მაგრამ მის წასვლას ბევრი არ ელოდა. მისი ხელმძღვანელობით "ლოს ჩემ" მხოლოდ 10 მატჩი (8 ლა ლიგაში: 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება) გამართა. გუნდში ისევ დაბრუნდა დროებითი თავკაცი ვორო.

თუმცა სალვადორ
გონსალესს (რომელსაც უფრო ვოროს სახელით იცნობენ) ამჯერად, სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ.

რაც პრანდელიმ იტალიის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გაიყვანა, მისი საქმეები უკან წავიდა. ის გადადგა და მალევე თურქულ "გალათასარაიში" აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ 147 დღე გაძლო ("ვალენსიაში" შედეგი გააუარესა - 94 დღე). "ვალენსია" ახლა მხოლოდ მე-17 ადგილზეა და გაზაფხულზე ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა მოელის, რაც ამ კლუბისთვის უცნაურია.

თუკი ჩეზარე პრანდელის თურქეთში მედია და საკუთარი ფეხბურთელები ხშირად აკრიტიკებდნენ, ესპანეთში თითქოს, არაფერი მსგავსი არ ჩანდა. არავინ აბრალებდა იტალიელს იმას, რა სიტუაციაშიც ახლა "ვალენსიაა".

და აი, მხოლოდ მისი გადადგომის მერე გამოჩნდა, თუ რა დაძაბული ურთიერთობა ყოფილა მასსა და "ვალენსიის" შეფებს შორის.

კლუბმა ოფიციალურ განმარტებაში შემდეგი დაწერა: "ჩეზარე პრანდელიმ ჩვენთვის მოულოდნელად გადაწყვიტა წასვლა მაშინ, როცა გუნდს სატურნირო პრობლემები აქვს. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის გუნდის შედეგებს ვერ გააუმჯობესებს. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო საოცარია, რადგან ჩვენ ზამთარში მნიშვნელოვან განახლებას ვაპირებდით, ახალი ფეხბურთელების შეძენა დაგეგმილი იყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ განცხადებამ აღაშფოთა პრანდელი და მან "პირი მოაღო": "ვალენსიის" მფლობელი პიტერ ლიმი შემპირდა ახალ ტრანსფერებს. სულ 4-5 ფეხბურთელი უნდა შეგვეძინა. 29 დეკემბერს მითხრეს, რომ გეგმები შეიცვალა, აირჩიეო - ან სიმონე ძაძას დავიმატებთ, ან რომელიმე ნახევარმცველსო. ოთხი ფეხბურთელის ნაცვლად მხოლოდ ერთს მთავაზობდნენ. დიახ, ძაძას დამატება მინდოდა, მაგრამ როცა დავბრუნდი, ის გუნდში ვერ აღმოვაჩინე და კითხვებიც მაშინ გამიჩნდა", - განუცხადა მან "მარკას".

პრანდელის სიტყვებს "პასუხის პასუხი" მოჰყვა "ვალენსიის" დირექტორ ანილ მურტისგან: "24 საათის წინ მე და პრანდელი სატრანსფერო საკითხებს განვიხილავდით და ამიტომ მისი წასვლა მოულოდნელია.

რასაც ამბობს, საოცარია, რომელი კლუბი მისცემს გარანტიას, რომ პირველივე სატრანსფერო კვირას შეიძენს ხუთ მოთამაშეს, რომლებშიც ერთიც კი არაა 27 წელზე ნაკლების? ვფიქრობ, რომ პრანდელი დანებდა, ის უბრალოდ გამართლებებს ეძებდა. მაგრამ იქნებ გაიხსენოს, რომ სულ 6 ქულა მოუტანა გუნდს, როგორ გაამართლებს ის ამას"?

* * *
უნაი ემერის წასვლის მერე "ვალენსიაში" ერთ მწვრთნელსაც არ გაუხარია. ბოლო ოთხ წელიწადში გუნდმა 8 მწვრთნელი და ორი დროებითი თავკაცი შეიწირა. აღსანიშნავია, რომ პრანდელის პირველი 8 მატჩის შედეგი მხოლოდ გარი ნევილის მაჩვენებელს სჯობს.

გავიხსენოთ პოსტემერისეული ეპოქა "ღამურებში" - 2013/14 წლების სეზონში "ვალენსიაში" მაურისიო პელეგრინომ, ერნესტო ვალვერდემ, მიროსლავ ჯუკიჩმა და ხუან ანტონიო პიციმ იმუშავეს; ნუნუმ 2014/15 წლების სეზონი მთლიანად დაასრულა; წინა სეზონი ნუნუმ დაიწყო. იმუშავეს ვორომ, პაკო აიესტარანმა, ნევილმა; ეს სეზონი პაკომ დაიწყო და პრანდელიმ გააგრძელა, ახლა კი ისევ ვორო დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფიფიას ძმაკაცია ვალენსიის პრეზიდენტი!! მართლა ხომ... ასიანია. ძმაკაცები არიან. ხშირად ერთად ისვენებენ გონიოში...
lenstalbergi
15:26 03-01-2017
0
პრაქტიკულად თბილისის დინამოა რა.. )))))
georgian
13:36 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული