მხსნელი სერხიო რამოსი - გრძნეული მცველი გოლის ინსტინქტით

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიაში ბევრი მეგოლე - მცველი ყოფილა, მაგრამ ალბათ არავის მოუხერხებია იმდენჯერ გადამწყვეტი გოლის გატანა მატჩის უკანასკნელ წუთებზე, რამდენიც სერხიო რამოსს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამიტომ იმსახურებს ის ადგილს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

რომ არა სერხიო რამოსის 75-ე გოლი კარიერაში, "რეალი" ქულას ვერ აიღებდა "კლასიკოში", რომელიც "ნოუ კამპზე" გაიმართა (1:1). "ბარსელონა" კი მთავარი მეტოქისა და მტრის დამარცხებით დიდ და დადებით ემოციურ მუხტს მიიღებდა.

"რეალის" გულშემატკივრებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს რამოსის ბოლო გმირობა არ არის. "ბარსელონასთან" მატჩის ბოლო წუთებზე მადრიდული
გრანდის ქომაგებს თვალწინ უტრიალებდათ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც "ატლეტიკო" თანაქალაქელ მტერს რამოსის გოლამდე, ბოლო წამამდე ამარცხებდა. მათ სჯეროდათ, რომ სერხიო ისევ იხსნიდა "რეალს" და ეს ასეც მოხდა.

ეს იყო "რეალის" პირველი ევროპული ფინალი 2002 წლის შემდეგ. რამოსის გოლმა მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს ფრთები შეასხა. ს შეხვედრა "რეალმა" დამაჯერებლად მოიგო.

გავიხსენოთ 2016 წლის აგვისტო. ტრონჰეიმში "რეალი" ევროპის სუპერთასისთვის ებრძვის "სევილიას". კვლავ რამოსის გვიანი თავური და... მორიგი გადარჩენილი ტიტული. ამდენი დამთხვევა და შემთხვევითობა გამორიცხულია - რამოსი რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლოს ფლობს.

"ის დიდი ფეხბურთელია. სულით ლიდერია და იცის, როგორ უნდა გაიტანოს გადამწყვეტი გოლები. მისი იმედი სულ უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ არ მოდის და ვარჯიშებზე ძალიან ბევრი მუშაობის შედეგია", - ამბობს "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.

"როცა ის მინდორზეა, სულ იმედიანად ხარ. სერხიო არასოდეს ნებდება და ამით ის მაგალითს აძლევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია სერხიო რამოსის გვერდით თამაში. ძალიან კარგია, რომ ფეხბურთში არსებობენ ასეთი უღალატო პარტნიორები", - ეს უკვე "რეალის" ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის სიტყვებია.

სერხიო რამოსი კარიერის ზენიტშია. გმირობებს მხსნელისაგან კიდევ უნდა ველოდოთ. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და "რეალს" აუცილებლად დასჭირდება მხსნელის გვიანი გოლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული