ბარსელონა VS რეალი - დღეს საკლუბო ფეხბურთის ზეიმია

AutoSharing Option
"ელ კლასიკო" საკლუბო ფეხბურთის გვირგვინია, თამაში, რომელიც ფანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვა დაპირისპირებებს ავიწყებს.

შაბათს "კამპ ნოუზე" სწორედ ასეთი მატჩია: ქვეყნის ჩემპიონი 6 ქულით წინ გაჭრილ "რეალს" მასპინძლობს; ლუის ენრიკე VS ზინედინ ზიდანი; ლიონელ მესი VS კრიშტიანო რონალდო; კატალონია VS კასტილია... მოკლედ, წინ ფეხბურთის ზეიმია.

ცოტა ისტორია და სტატისტიკა
ამ დაპირისპირებაზე იმდენჯერ დაწერილა, რომ მის ისტორიას ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. ყველაზე დიდი საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელეაუდიენციას აგროვებს სპორტულ შეხვედრებს შორის დედამიწის ზურგზე.

გარდა იმისა, რომ ამ კლუბების დაპირისპირებას
პოლიტიკური ელფერი მუდამ ჰქონდა, ეს არის მსოფლიოს ორი ყველაზე მდიდარი და წარმატებული კლუბის ჯახი. სოციალური მედიის წყალობით განისაზღრა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ფანი კლუბებს შორის (ყველა სპორტის სახეობაში) სწორედ ამ ორს ჰყავს.

სულ გაიმართა 231 ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის. "რეალმა" მოიგო 93, ხოლო "ბარსელონამ" - 90. თუ 31 ამხანაგურ შეხვედრასაც დავუმატებთ, წინ "ბარსაა" 109 მოგებით 97-ის წილ.

ყველაზე მეტჯერ კლასიკოში მანოლო სანჩისს (რეალი) უთამაშია - 43. ხოლო ყველაზე მეტი გოლის ავტორი ლიონელ მესია (21), რომელსაც კარგა ხანია, არ გაუტანია "რეალისთვის". ბოლოს მესიმ 2014 წელს გაუტანა "რეალს", კიდევ უფრო დიდი დრო გვაშორებს მესის გოლთან "კამპ ნოუზე", ეს ბოლოს 2012 წელს მოხდა.

სიახლე
ამ სიახლეს ტელემაყურებლები იხილავენ - პირველად ევროპულ სპორტულ ღონისძიებაზე, მომენტების გამეორებები 360-გრადუსიანი კუთხით იქნება ნაჩვენები. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში იყო შესაძლებელი.

უკვე იცით, რომ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული "შაპეკოენსეს" ფეხბურთელების საპატივცემულოდ. "ბარსამ" და "რეალმა" მოილაპარაკეს და ამ შეხვედრიდან მიღებულ მოგებას ბრაზილიური კლუბის დახმარების ფონდში ჩარიცხავენ.

"ბარსა" კრიზისში, "რეალი" დაფრინავს
"რეალი" მთავარ დაპირისპირებას შესანიშნავი განწყობით ხვდება, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის მძიმე ტრავმას (ბეილმა შესაძლოა, სეზონის მეორე კლასიკოც გამოტოვოს), "სამეფო კლუბში" ყველაფერი რიგზეა. ზინედინ ზიდანმა ახლახან თასზე გამარჯვებით კარლო ანჩელოტის რეკორდი მოხსნა - "რეალს" უკვე 32 მატჩია, არ წაუგია!

ლა ლიგაში "რეალი" "ბარსელონას" უკვე 6 ქულით უსწრებს, არასა, მხოლოდ 13 ტურია გასული.

რა ხდება ამ დროს "ბარსელონაში"? გუნდში მართლაც კრიზისია - ლუის ენრიკეს რაზმმა კოპა დელ რეიზე სუსტ "ერკულესსაც" ვერ მოუგო (მართალია, "ბარსამ" შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა), ამას წინ უძღვოდა მოპოვებული (დიახ, მოპოვებული ფრე "ანოეტაზე"), არადამაჯერებელი თამაში მანამდე. მოკლედ, "ბარსელონამ" ბოლო 8 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. ეს ერთი ჩვეულებრივი გუნდის სტატისტიკაა და არა ევროგრანდის.

Sportall.Ge

ბარსელონა VS რეალი
* 2016 წლის აპრილში "ბარსელონასა" და "რეალის" თამაში პირდაპირ ეთერში 90-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა.
* ამ შეხვედრას საერთო ჯამში 400 მილიონამდე ადამიანმა უყურა.
* ელ კლასიკოზე ბილეთის საშუალო ფასი 2 600 დოლარია.
* ბოლო კლასიკოს 90 154 ადამიანი დაესწრო.
* "ბარსელონას" სავარაუდო ფასი 3,56 მილიარდი დოლარია, "რეალის" - 3,65 მილიარდი დოლარი.
* "ბარსელონაში" კვირის საშუალო ხელფასი 143 ათასი დოლარია, "რეალში" - 128 ათასი დოლარი.
* "ტვიტერზე" "ბარსას" 18,9 მილიონი მიმდევარი ჰყავს, "რეალს" - 21,1 მილიონი.
* "ფეისბუქზე" "ბარსას" 94,7 მილიონი მომწონებელი ჰყავს, "რეალს" - 92,7 მილიონი.
* "ბარსელონას" 77 ტროფეი აქვს მოგებული, "რეალს" - 80.
* კლასიკო უკვე რამდენიმე ტურნირში გამართულა, მაგრამ ჯერ არ ყოფილა კლასიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
* 1943 წელს "რეალმა" თასზე "ბარსას" 11:1 მოუგო. დღემდე ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა კლასიკოზე.
* 1962-65 წლებში "რეალმა" ზედიზედ 6 კლასიკო მოიგო, ეს ამ კლუბების დაპირისპირების რეკორდია.
* 1917-დან 1928-მდე "ბარსა" ერთხელაც არ დამარცხებულა "რეალთან" 13 მატჩის განმავლობაში.
* სულ 21-ია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კლასიკო ორივე გუნდის მაისურით უთამაშია. ყველაზე ცნობილები ლუიშ ფიგუ, სამუელ ეტო'ო, მიქაელ ლაუდრუპი, ლუის ენრიკე, ბერნდ შუსტერი და რონალდო არიან.
* 2002 წლის მერე კლასიკოზე 0:0 არ დაფიქსირებულა.
* კრიშტიანო რონალდომ კლასიკოს მატჩებში 16 გოლიდან 10 სტუმრად გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
შაბათი. 3 დეკემბერი
გრანადა-სევილია 16:00
ბარსელონა-რეალი 19:15
ლეგანესი-ვილიარეალი 21:30
ატლეტიკო-ესპანიოლი 23:45

კვირა. 4 დეკემბერი
ბეტისი-სელტა 15:00
ბილბაო-ეიბარი 19:15
ალავესი-ლას პალმასი 21:30
სპორტინგი-ოსასუნა 21:30
ვალენსია-მალაგა 23:45

ორშაბათი. 5 დეკემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები: 10 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 7 - იაგო ასპასი (სელტა), ვილიან ჟოზე (სოსიედადი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული