ვის უნდა და ვის უნდოდა ლიონელ მესი

AutoSharing Option
ესპანური პრესა ბევრს წერს იმის თაობაზე, რომ ლიონელ მესისა და "ბარსელონას" 16-წლიანი ურთიერთობის საგა შეიძლება დასრულდეს. ზოგიერთი ესპანური და, რაც მთავარია, ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ მესიმ უკვე ჩააყენა საქმის კურსში კლუბის ხელმძღვანელობა - კონტრაქტის დასრულების შემდეგ მას წასვლა უნდა.

მესის გადაბირება ადრე არაერთ გუნდს სურდა, ახლა კი მის შეძენასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერ სიტია". ვთქვათ სავარაუდო ტრანსფერზე და ის შემთხვევებიც გავიხსენოთ, როცა არგენტინელის გადაბირება მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს სურდათ.

მანჩესტერ სიტი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სიტი" მზად არის, მესის სანაცვლოდ მართლაც რომ ზღაპრული
თანხა გადაიხადოს. თანხა 230 მლნ გირვანქას შეადგენს. ამასთან ერთად, არაბი შეიხები მზად არიან, არგენტინელ ვარსკვლავს ზღაპრული ანაზღაურება დაუნიშნონ - 500 ათასი გირვანქა კვირაში.

"ბარსელონასთან" მესის კონტრაქტს 2018 წელს, ზაფხულში გასდის ვადა. მესის "სიტიში" მისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ელოდება. ტრანსფერის ალბათობა მართლაც არის. შანსს გვარდიოლას ფაქტორი ზრდის.

არსენალი
თავის დროზე, ძალიან რეალური იყო იმის შანსი, რომ ლიონელ მესი "არსენალში" აღმოჩენილიყო. მაშინ არსენ ვენგერს სამი არჩევანი ჰქონდა. მას პიკე, ფაბრეგასი ან მესი შეეძლო მიეყვანა ინგლისურ კლუბში. ამ შემთხვევაში ვენგერის არჩევანი ფაბრეგასზე შეჩერდა. 16 წლის ბიჭუნაში ვენგერმა 8-10 მილიონი დოლარის გადახდა საჭიროდ არ ჩათვალა. თანაც, ინგლისში რომ წასულიყო, მესის აუცილებლად შეექმნებოდა პრობლემა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით.

ინტერი
იტალიური კლუბი ორჯერ ძალიან სერიოზულად გავიდა კატალონიურ გრანდზე. ერთხელ სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ სანაკრებო შეკრებაზე მესიმ მას გამოჰკითხა იტალიური ფეხბურთისა და "ინტერის" თაობაზე. 2010 წლის ზამთარში "ინტერის" პრეზიდენტის, მასიმო მორატის განცხადებამ ყველა შოკში ჩააგდო. მან თქვა, რომ "სან სიროზე" ჩამოიყვანდა მესის. ლიონელი ჩავიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე, მაგრამ... "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში.

ზენიტი
მოვლენები 2008 წლის ზაფხულში ვითარდებოდა. ევროპის გამორჩეულ გუნდებს ანდრეი არშავინის გადაბირება სურდათ. დაიწერა, რომ "ზენიტს" უნდოდა მესის გადაბირება, მაგრამ რა თქმა უნდა, ტრანსფერი არ შედგა.

ანჟი
ეს ის პერიოდია, როცა მახაჭყალური გუნდი მოსკოვში ცხოვრობდა და სულეიმან ქერიმოვის ფულებით თავმომწონე მხოლოდ თამაშებზე ჩადიოდა დაღესტანში. გუნდის მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი იყო. "ანჟიში" ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, ბევრს შეშურდებოდა. "ანჟისთვის" იღვწოდნენ რობერტო კარლოსი, სამუელ ეტო'ო..."ანჟიმ" "ბარსას" 250 მილიონი ევრო შესთავაზა არგენტინელი ვარსკვლავის სანაცვლოდ, მაგრამ უარი მიიღო.

მოგვიანებით რობერტო კარლოსმა დაადასტურა, რომ "ანჟის" რეალურად სურდა მესის გადაბირება, ოღონდ არგენტინელი მას შემდეგ უნდა გადასულიყო დაღესტანში, რაც "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი დაუსრულდებოდა.

ამბობენ, რომ კონტრაქტი მესის გამო ჩაიშალა. მან დაიჟინა, რომ არანაირ თანხად არ წავიდოდა დაღესტანში სათამაშოდ.

ჩელსი
ამბობენ, რომ დაბრუნდა თუ არა ჟოზე მოურინიო მეორედ "ჩელსიში", ის რომან აბრამოვიჩს შეუთანხმდა, რომ კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას გაახმოვანებდა "ბარსელონას" მიმართ მესის თაობაზე. 150 მილიონი ფუნტი - ამდენი უნდა მიეღო "ბარსას" არგენტინელის სანაცვლოდ. "ბარსელონასთან" ახალმა კონტრაქტმა ლიონელის მომავალი გაარკვია და აბრამოვიჩმაც აღარ ჩათვალა საჭიროდ ბრძოლის გაგრძელება.

პსჟ
არაბ შეიხებს ვაჭრობა არ დაუწყიათ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად არიან, მესის გამოსასყიდად გადაიხადონ იმდენი თანხა, რამდენიც ფეხბურთელის კონტრაქტშია მითითებული - 250 მილიონი ევრო. არავინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, მესის თავად რომ არ ეთქვა უარი პარიზში გადასვლაზე.

რეალი
ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ "ბარსელონას" მთავარი მტერი სამჯერ ცდილობდა კონკურენტის საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირებას.

პირველი მცდელობა იყო 2011 წელს. მაშინ კრიშტიანო რონალდო სერიოზულად ფიქრობდა ინგლისში დაბრუნებაზე. "რეალი" არგენტინელის გადაბირებას 2013 და 14 წლებშიც ეცადა, თუმცა კატალონიური ბანაკიდან სულ ერთი და იგივე პასუხი ისმოდა: არა, არა და არა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოტ დობრა,დობრა ნე იშჩუტ.რუსული ანდაზაა და ვფიქრობ,აქაც ასე იქნება.მესი თუ წავა,მისი ზენიტში ყოფნა,იქვე დამთავრდება.
სოსო
17:52 23-11-2016
0

სიახლეები პოპულარული